ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები და განცხადებები დასავლელი პარტნიორებისთვისაა განკუთვნილი და ეს ყველაფერი ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ემსახურება. ამის შესახებ ნიკოლეიშვილი „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საუბრობს და აქვე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა მსგავსი ქმედებები აღკვეთოს.
„ცინიზზმი არ არის, როცა ბოკერია აცხადებს, საქართველოში გამამართლებელი განაჩენები შემცირდაო? ნამუსი ასე როგორ უნდა დაკარგო, როცა გიგა ბოკერია ხარ და შენი ხელისუფლების დროს არსებული გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ფონზე დღეს ამას აცხადებდე. ჯერ მარტო ჩემი ორგანიზაციის „facebook"-გვერდზე მიდევს უამრავი გამამართლებელი განაჩენი, რომელსაც მართალია წვალებითა და შრომით ვაღწევ, მაგრამ მაინც გვიჩნდება შეგრძნება, რომ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
ეს ყველაფერი გათვლილია გარე მომხმარებლისთვის. ამის ძაფები დევს გარეთ. სახეზე გვყავს სააკაშვილი - ტიპური ტროცკისტი. ამავდროულად დასავლეთში არიან ადამიანები, რომელთათვისაც ტროცკისტული იდეები უკვდავია.
ძალიან სერიოზულად უნდა იმუშაოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განსაკუთრებული სიტუაციაა, როცა ქვეყნის შიგნით სარევოლუციო სიტუაცია არ არის, მაგრამ ქვეყნის გარეთ გროვდება „თანხმობები". ხდება პროცესების დირიჟირება", - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
წყარო: „პრაიმტაიმი"