რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია. გამოძიება ირწმუნება, რომ ეს ჩეჩნურ ბატალიონ „სევერის" ყოფილი ოფიცერი რუსლან მუხუდინოვია. მას ბრალდება მკვლელობის ორგანიზების მუხლით დაუსწრებლად წაუყენეს და ფედერალურ ძებნაში გამოაცხადეს.
ბორის ნემცოვის ქალიშვილის ჟანა ნემცოვის ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა „BBC"-ს განუცხადა, რომ მუხუდინოვი რამზან კადიროვის ახლობლის, ბატალიონ „სევერის" მეთაურის მოადგილის რუსლან გერემეევის მეგობარი და ყოფილი მძღოლია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ გამოძიებას არა აქვს ნება, ბრალდება გერემეევსაც წაუყენოს, რომელიც რამზან კადიროვის „საახლობლო წრეში" შედის", - განაცხადა ვადიმ პროხოროვმა.
რამდენიმე თვის წინ რუსული მედია, სამართალდამცავ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი სწორედ რუსლან გერემეევია, თუმცა გამოძიებას მისი დაკითხვის შესაძლებლობა არა აქვს, რადგან გერემეევი ჩეჩნეთში გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერემეევმა რუსეთი ყალბი დოკუმენტებით დატოვა. თავად რამზან კადიროვი ნემცოვის მკვლელობასთან გერემეევის კავშირს უარყოფს.
რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 28 თებერვალს, კრემლთან ახლოს, ქუჩაში მოკლეს.