სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ორგანიზებით და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, სასტუმრო „ლოპოტაში" 7-8 ნოებერს ორდღიანი მედიასემინარი გაიმართა თემაზე - „კატასტროფის რისკის შემცირება".
მედიასემინარის ჩატარების აუცილებლობაზე, მის მნიშვნელობაზე და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სამომავლო გეგმებზე „რეპორტიორს" სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ესაუბრა:
-კრიზისების მართვის საკითხებში მედიის ჩართულობა და ინფორმირებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად, სფეროა ძალიან რთული, ბევრი კომპონენტისგან შედგება. როდესაც კრიზისი დგება და უკვე აუცილებელი და საჭიროა ყველა სახელმწიფო სტრუქტურის გამართულად, კოორდინირებულად მუშაობა და ვდგებით ინფორმაციის მოსახლეობისათვის სწორად მიწოდების აუცილებლობის წინაშე, აქ ხდება აქტუალური მედიის როლი - რამდენად კოორდინირებულად მუშაობენ მედიასაშუალებები სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობა, ვინაიდან არასწორმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებაში გამოიწვიოს პანიკა, რასაც ხშირად იწვევს კიდევ უფრო სავალალო შედეგებს.
სემინარზე მედიამ მიიღო ინფორმაცია, როგორ არის დარეგულირებული სხვადასხვა ქვეყნებში, რა მაგალითები არსებობს მსოფლიო მასშტაბით კრიზისების მართვის დროს სახელმწიფო სტრუქტურებსა და მედიასაშუალებებს შორის ურთიერთობის. მიგვაჩნია, რომ ეს ინფორმაცია მნიშვნელოვნად წაადგებათ მედიასაშუალებებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
- რატომ დადგა მედიასაშუალებებისთვის მსგავსი სემინარის ჩატარება აუცილებლობა, რა გახდა ამის საფუძველი?
- მსგავსი მედიასემინარის ჩატარებას ჩვენ ზაფხულისთვის ვგეგმავდით, მერე ამას 13 ივნისის თბილისის ტრაგედია დაემთხვა. ამ ტრაგედიამ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია, მედია იყოს ინფორმირებული, რა არის კრიზისი, როგორ უნდა ხორციელდებოდეს მისი მართვა, ასევე, რა დონეზე უნდა ხდებოდეს მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაცია. ამის აუცილებლობა 13 ივნისმა დაგვანახა. უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ჟურნალისტებს კრიზისის ადრეული ეტაპის, შემდეგ უკვე კრიზისის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ და ა.შ. აი, ამ ყველა დეტალის შესახებ უნდა იყვნენ ინფორმირებული ქართული მედიასაშუალებები.
- მედია ამ სემინარისგან ელოდა იმაზე მეტ ინფორმაციას ზემოაღნიშნულ საკითხებზე, ვიდრე მათ გააჩნდათ. თქვენ რას ელით ამ სემინარისგან?
- ვიმედოვნებთ, მედიასაშუალებებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია იმ დეტალების შესახებ, რაც ახასიათებთ კრიზისების მართვას სირთულეების სახით, გაიგეს, რა დოზით და მასშტაბით უნდა იყვნენ ჩართულები კატასტროფის თუ შედარებით უფრო მცირე კრიზისის გაშუქების პროცესში. როცა ეცოდინებათ ჩვენს ჟურნალისტებს, როგორ ხდება კრიზისების მართვა სხვა ქვეყნის მაგალითებზე, რას წარმოადგეს კრიზისის მართვა გლობალურ დონეზე, ეს როგორც მათ, ასევე ჩვენ დაგვეხმარება ხარისხიან მუშაობაში. მადლობა მინდა გადავუხადო გაერო-ს განვითარების პროგრამას ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის, მხარდაჭერისთვის. ამასთანავე მადლობას ვუხდი უცხოელ ექსპერტებს.
- ჩვენი ინფორმაციით, მონიტორინგის ოთახის გახსნას გეგმავთ. იქნებ განგვიმარტოთ, რას გულისხმობს ეს სიახლე?
- ეს იქნება კრიზისული სიტუაციების მართვის ოთახი, საკმაოდ მასშტაბური პროექტია. ამ საკითხზე მუშაობა მას მერე დაიწყო, რაც შეიქმნა უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო და საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობით და კოორდინაციით მიმდინარეობს ამ პროექტის განხორციელება.
- რას მოემსახურება აღნიშნული ოთახი?
- ეს იქნება ეროვნული მასშტაბის კრიზისული სიტუაციების ერთი ადგილიდან მართვა, სადაც იქნებიან განთავსებული ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ კრიზისების მართვაში. აქვე იქნება ოთახი მედიისათვის, სადაც მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. ეს არის უნიკალური პროექტი.
- როდის გეგმავთ გახსნას?
- უკვე დასრულების სტადიაში ვართ და ორ თვეში გაიხსება. პროექტი ხორციელდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, რისთვისაც კონკრეტულად მადლობას ვუხდი დიდი ბრიტანეთის მთავრობას.