სად გაქრა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სპეციალურად გამოგზავნილი მორფინი? - ამ საკითხით ამერიკული მხარეა დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაცია „ტელეგრაფმა" რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა 2008 წლის ომის დროს ამერიკიდან საქართველოში გამოგზავნილი მორფინის საკითხზე მოკვლევას აწარმოებს, თუმცა შედეგები საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია. „პრაიმტაიმმა" სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე უწყებაში მოიძია, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში სამედიცინო ტვირთი ნამდვილად შემოვიდა, თუმცა სად წავიდა ამერიკიდან გამოგზავნილი მორფინის კონტეინერი, უცნობია. ქალაქის მერიის მაშინდელი სამსახურის უფროსი ჩვენთან საუბარში ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ნარკოტიკული ტვირთი ლიცენზირებულ ნარკოლოგიურ კლინიკას უნდა მიეღო. ჩვენ ეს ინფორმაცია ონკოლოგიის სახელმწიფო ცენტრში გადავამოწმეთ, სადაც განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული ტვირთი მიიღეს. თუმცა აქ ნარკოტიკი არ ყოფილა. მოკლედ შეგახსენებთ ამ სკანდალური საქმის დეტალებს, თუ რა გზა გაიარა ამერიკიდან ქართველი დაჭრილი ჯარისკაცებისთვის გამოგზავნილმა სამედიცინო ტვირთმა, რომლის კვალსაც პროკურატურამ დღემდე ვერ მიაგნო.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაშინგტონის ერთ-ერთი ონკოლოგიური საავადმყოფოდან სამედიცინო ტვირთი საქართველოში ოფიციალურად თბილისის მერიის სახელზე გამოიგზავნა.
„სამედიცინო ტვირთი ვაშინგტონის ონკოლოგიური საავადმყოფოდან ომის დროს დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებისთვის სპეციალურად გამოიგზავნა. ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მორფინი, რომელსაც, როგორც წესი, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებენ. რაც შეეხება სამედიცინო ტვირთის რაოდენობას, ის ერთი კონტეინერი იყო. აქ იყო მთელი კომპლექტი: საინექიცო საშუალებები, ბამბა, სპირტი... ყველაფერი ყუთებში ეწყო. საკმაოდ დიდი რადენობის მორფინის ადრესატი თბილისის მერია ამიტომ გახდა, რომ ომის პერიოდში ამერიკის სახელმწიფოს მისი სხვა ფორმით გამოგზავნა გაუჭირდა, რაღაც სამართლებრივი პრობლემა შეიქმნა და მორფინი დედაქალაქის მმართველობის სახელზე გამოიგზავნა. ეს ტვირთი მერიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა, რაც არ მოხდა... სად წავიდა 1 კონტეინერი მორფინი, ამ საკითხით თავად ამერიკული მხარეც არის დაინტერესებული", - აღნიშნავდა „ტელეგრაფთან" საუბრისას რესპონდენტი, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ინკოგნიტოდ დარჩენა სურს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა ინფორმირებულია, ჩვენი უწყების შესაბამისი სამსახურები მოკვლევას აწარმოებენ. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით, - აცხადებდნენ მაშინ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, თუმცა რა ეტაპზეა გამოძიება და, საერთოდ, დაიკითხა თუ არა ვინმე, ამ დრომდე უცნობია.
ამ თემაზე ერთადერთი კომენტარი მაშინ პარლამენტარმა გიგი წერეთელმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს აშშ-დან სამედიცინო ტვირთი მართლაც იგზავნებოდა, თუმცა კონკრეტულად, მორფინის შესახებ ის იფნორმაციას არ ფლობდა.
გიგი წერეთელი, საქართველოს პარლამენტის წევრი:
„2008 წლის ომის დროს სხვადასხვა სახის დახმარებები იგზავნებოდა, მათ შორის ამერიკიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან. ომის შემდეგ სამედიცინო დახმარების საკმაოდ დიდი პაკეტი ამერიკიდანაც მივიღეთ. კონკრეტულად მორფინის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არც გამიგია ასეთი რამ და არც ვიცი".
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმთან" პირველად საუბრობს ქალაქის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა ქაცარავა. შეგახსენებთ, რომ ქაცარავა სწორედ იმ პერიოდში მუშაობდა აღნიშნულ თანამდებობებზე, როცა მერიას შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილი სამედიცინო ტვირთი უნდა მიეღო. საუბარია დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. ქაცარავა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ მაღალი ხარისხის მორფინი ქალაქის მერიას არ მიუღია და მას შესაბამისი ლიცენზიის მქონე კლინიკა მიიღებდა:
- ბატონო მამუკა, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქალაქის მერიამ 2008 წლის აგვისტოში დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული სამედიცინო ტვირთი მიიღო, არის თუ არა თქვენთვის ცნობილი?
- რა არის, იცით? მორფინის ასე მოძრაობა ისეთი აბსურდია, საიდან, რომელი წყაროდან, როგორ შეიძლება მორფინი ასე შემოსულიყო აქ, უსერიოზულესი პროცედურებია საჭირო. მერიას არანაირი უფლება არ აქვს, რომ ნარკოტიკი მიიღოს.
- აქ საუბარია ომის პერიოდზე და ნათქვამია, რომ მერიამ მიიღო ტვირთი და უნდა გადაეცა შემდეგ თავდაცვის სამინისტროსთვის, რაც არ მომხდარა...
- რა მნიშვნელობა აქვს, ომი იყო თუ არ იყო. მერია ხომ ვერ უმკურნალებდა, საავადმოყოფო ხომ არ არის. ამას თუ მიიღებდა, მიიღებდა რომელიმე კლინიკა, რომელიც არის ლიცენზირებული ნარკოტიკის მოძრაობასთან დაკავშირებით. ასე წინ და უკან ნარკოტიკი რომ მოძრაობდეს, რაღა გვიჭირს მაშინ. კიდევ გიმეორებთ, გამორიცხულია, რომ მერია ყოფილიყო ამ ტვირთის მიმღები.
- ერთ-ერთი ინფორმაციით, მერიის სახელზე იმიტომ გამოიგზავნა სამედიცინო დახმარება, რომ მაშინ ქალაქის მერი გიგი უგულავა ჩართული იყო საომარ მოქმედებებში და ლოჯისტიკას სწორედ ის კურირებდა?
- ლოჯისტიკაში კი არა, მხედართმთავარი რომ ყოფილიყო, ვერ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. ეს არის სხვა პროცედურა და სხვა თემა.
„პრაიმტაიმი" შეეცადა, გაერკვია, რამდენად მკაცრად კონტროლდება ნარკოტიკული ტვირთის მოძრაობა და რა პროცედურების დაცვას საჭიროებს. ჩვენ ონკოლოგიური ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელობას დავუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ ნარკოტიკულ საშუალებების შეძენა გამოცხადებული ტენდერის მეშვეობით ხდება და პროცედურა წინასწარაა გაწერილი. რაც შეეხება ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოიგზავნა 2008 წლის აგვისტოში, ონკოლოგიური ცენტრის მაშინდელი იურისტი „პრაიმტაიმთან" საუბარში აცხადებს,რომ სამედიცინო ჰუმანიტარული ტვირთი ნამდვილად მიიღეს, თუმცა იქ ნარკოტიკი არ ყოფილა. სად გაუჩინარდა დიდი რაოდენობით მორფინი, ონკოლოგიური ცენტრისთვისაც უცნობია.
თემურ ბარაბაძე, სახელმწიფო ონკოლოგიური ცენტრის იურისტი:
- ბატონო თემურ, გვიანტერესებს, 2008 წლის აგვისტოში, ომის დროს ონკოლოგიურმა ცენტრმა მიიღო თუ არა ჰუმანიტარული სამედიცინო ტვირთი?
- დიახ, ჰუმანიტარული სამედიცინო საშუალებები ნამდვილად მივიღეთ. ამ ფაქტს ვადასტურებ, თუმცა მე ამ პერიოდში ვიყავი კონფლიქტის ზონაში და შემდგომ მოხდა ამ ტვირთის გაფორმება.
- რა დახმარებაზე იყო საუბარი და იყო თუ არა ნარკოტიკული საშუალება მორფინის პარტია ამ სამედიცინო კონტეინერებში?
- ნარკოტიკი ნამდვილად არ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენამდე არ მოსულა. იყო სხვადასხვა ხსნარები, საინექციო საშუალებები, სხვადასხვა პრეპარატები, მაგრამ ნარკოტიკი ნამდვილად არ ყოფილა.
- ეს ტვირთი უშუალოდ რომელიმე სახელმწიფო უწყებისგან მიიღეთ?
- არა, ასე არ ყოფილა. ეს განაწილდა და სახელმწიფოში შემოვიდა სამედიცინო ტვირთი, ჩვენც ამის შემდეგ მივიღეთ.
- შეიძლება, ეს უწყება ქალაქის მერია ყოფილისო?
- კი, შესაძლებელია, ან მერია, ან ჯანდაცვის სამინისტრო, ასე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, რაც ჩვენ მივიღეთ, იქ ნარკოტიკი არ ყოფილა.
ონკოლოგიური ცენტრის იურისტი „პრაიმტაიმთან" საუბარში მზადყოფნას აცხადებს, ყველა ის დოკუმენტაცია მოიძიოს, რომელიც 2008 აგვისტოს ომის დროს ჰუმანიტარულ ტვირთს ეხება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ თემაზე და სკანდალური საქმის დეტალებს ჩვენს მკითხველს უახლოეს ნომერში მივაწვდით.
ირაკლი მამალაძე
გაზეთი „პრაიმტაიმი"