reportiori.ge - უვადო ხელშეკრულებები თანამშრომლებისთვის, რომლებსაც არ უმუშავიათ და მძიმე მემკვიდრეობა ფეხბურთის ფედერაციაში - ინტერვიუ ლევან კობიაშვილთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 28 თებერვალი, 2025. 08:59
პრეს-დაიჯესტი
უვადო ხელშეკრულებები თანამშრომლებისთვის, რომლებსაც არ უმუშავიათ და მძიმე მემკვიდრეობა ფეხბურთის ფედერაციაში - ინტერვიუ ლევან კობიაშვილთან
ავტორი:
09 ნოემბერი, 2015. 16:56



მილიონობით დავალიანება, შეჩერებული მშენებლობები, სტრუქტურული ხარვეზები, უვადო ხელშეკრულებების მქონე თანამშრომლები, რომელთა ნაწილიც რეალურად საერთოდ არ მუშაობს - ეს ის პრობლემებია, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტს დახვდა. პრობლემების, დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციისა და სამომავლო გეგმების შესახებ „სივილ პრესი" ლევან კობიაშვილს ესაუბრა.


ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ ფეხბურთის ფედერაციას რამდენიმე სერიოზული პრობლემა აქვს - 3 მილიონ ლარამდე დავალიანება „ვითიბი ბანკთან", ასევე 2 მილიონ ევრომდე უეფა-სთან, რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ნახევრამდეც არაა მოსული, თანამშრომლებთან გაფორმებული უვადო ხელშეკრულებები, მათ ნაწილს კი რეალურად არც უმუშავია ფედერაციაში.


როგორც ლევან კობიაშვილი ჰყვება, რუსთავში სპორტული კომლექსის აშენება უეფა-სთან შეთანხმებული პროექტით დაიწყო, მოგვიანებით კი, ფედერაციამ მშენებლობის მასშტაბები გააფართოვა, თუმცა, შესაბამისი ფინანსური წყარო ვერ მოიძია, რის გამოც მშენებლობა ვერ დასრულდა. ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მშენებლობაზე არსებულ ვითარებას ახლა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სწავლობს.

 

„ვითიბი ბანკთან" დავალიანება, თანხები, რომელიც უეფა-დან უნდა მიგვეღო 2016 წელს, უკვე გამოყენებულია და რუსთავის მშენებლობა, რომელიც ყველაზე სერიოზული პრობლემაა, იქ შეჩერებულია მშენებლობა, დავალიანება არის მშენებლებთან. ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მშენებლობა და სანამ არ დავფარავთ, ვერც გაგრძელდება, არადა, ფიზიკურად ვერც დავფარავთ, იმიტომ რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს და მეორე მხრივ, სანამ საბოლოო სურათი არ გვექნება, იქ არის „სამხარაულის ექსპერტიზა" შესული, რომ რეალურად გვქონდეს სურათი, ის თანხები, რაც იქ დახარჯულია, რამდენად შეესაბამება შესრულებულ სამუშაოებს. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, როგორ არის გაკეთებული და მეორეც, ეს პროექტი იცით, რომ ფინანსდება უეფა-სგან და შესაბამისად ვალდებულებაც გვაქვს", - ამბობს ლევან კობიაშვილი.


მანამდე კი ფედერაციაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. 18 ნოემბერს დაგეგმილ აღმასკომის სხდომაზე ახალი შემადგენლობა აირჩევა და განხორციელდება რეორგანიზაცია. ლევან კობიაშვილის თქმით, ფედერაციაში ბევრი თანამშრომელია, რომელსაც საერთოდ არ უმუშავია და მათ უვადო ხელშეკრულებები აქვთ. გარდა ამისა, უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მანამდე არსებული სტრუქტურით ყველაფერი მხოლოდ პირველ პირზე იყო აწყობილი, ვიცე-პრეზიდენტებსა და დეპარტამენტის ხელმძღვანებელს კი თითქმის არანაირი ფუნქცია არ ჰქონდათ, რაც მისი შეფასებით უნდა შეიცვალოს.


„ფედერაციაში რეორგანიზაცია ამ წლის ბოლომდე განხორციელდება. არც ჩვენს ინტერესში არ შედის, რომ 2016 წელსაც ნეგატივით დავიწყოთ. გვინდა, 2016 წელი წინსვლით დავიწყოთ. სტრუქტურას მალე დავასრულებთ და ჩამოვაყალიბებთ. კონკრეტულად მიზანი, რომ ამდენი თანამშრომელი წავიდეს, არ გვაქვს. რაღაც შეიცვლება, რაღაც  გაუქმდება, რაღაც დაემატება, რაც აქამდე არ ყოფილა და მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს. სურვილი არ მაქვს, რომ ვიღაც გავუშვა, მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე გვიწევს ამ ნაბიჯების გადადგმა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც არავინ არ იცოდა, ვინ იყვნენ, საერთოდ არ დადიოდნენ და ბუნებრივია, მათთან შეწყდება თანამშრომლობა", - აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი.


ლევან კობიაშვილი სახელმწიფოს მხრიდან საჭირო თანადგომაზეც საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ფედერაციამ თავისი მუშაობით სახელმწიფოს დაუმტკიცოს, რომ იგი დახმარებას იმსახურებს. გარდა ამისა, კობიაშვილის განმარტებით, ფედერაციაში შეიქმნება სპეციალური განყოფილება, რომელიც სპონსორების მოზიდვაზე იმუშავებს, რაც აქამდე არ ყოფილა.


„თუ ვსაუბრობთ, რომ სტადიონები უნდა ავაშენოთ, ფეხბურთის ფედერაცია ამას თავისი რესურსით ვერ შეძლებს, ბუნებრივია. ჩვენ ვიმედოვნებთ და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ მომავალში, 2016 წლიდან იგივე სპონსორების მოზიდვა მოხდება და თანხები გაჩნდება ფეხბურთის ფედერაციაში. ამ მიმართულებით მსგავსი კადრი არ ყოფილა და არანაირი მიმართულება ამ კუთხით ფეხბურთის ფედერაციას არ ჰქონია. ერთადერთი სპონსორი „სოკარი" იყო და იქაც არ ვართ დარწმუნებული, რომ მომავალში გაგრძელდება მათთან თანამშრომლობა.

 

სახელმწიფოს მხრიდან გვერდში დგომა გვჭირდება, რადგან ფეხბურთის ფედერაცია საკუთარი რესურსით ვერ შეძლებს გრანდიოზული პროექტების განხორციელებას", - აღნიშნავს კობიაშვილი.


მისივე თქმით, სახელმწიფოსგან მიღებული ყოველწიური 7 მილიონი ძირითადად ნაკრებს ხმარდებოდა, რაც არასწორი მიდგომა იყო. ლევან კობიაშვილის განცხადებით, მისი გუნდის მიზანი იქნება, რაღაც თანხის გამოთავისუფლება მოხერდეს და სხვა მიმართულებაზე, ბავშვთა ფეხბურთზე დაიხარჯოს.


კობიაშვილის თქმით, ფედერაცია შექმნის ერთიან სისტემას ბავშვთა სკოლებისათვის და მათ ხელმძღვანელებს გააცნობს მისი სწავლების მეთოდოლოგიას.


„პრობლემებია ბავშვთა ფეხბურთშიც. ფედერაციას არ აქვს საშუალება, საფეხბურთო სკოლებში ბავშვებმა უფასოდ ისწავლონ, თუმცა, უნდა უზრუნველყოს ფედერაციამ, რომ როდესაც მშობელი ფულს იხდის, ბავშვმა ნორმალურ პირობებში ივარჯიშოს, ფორმა ჰქონდეს და სათანადო მწვრთნელები ჰყავდეს. გადასახადის გაუქმებას ჩვენ ვერ შევძლებთ.

 

რეგიონებში უფრო არის უფასო სკოლები, რაც ძალიან კარგია. ჩვენ გვექნება ჩვენი ხედვა, როგორ განვითარდეს ბავშვთა ფეხბურთი. ჩვენ გვექნება ჩვენი ფეხბურთის სწავლების პროფილი, ანუ როგორ უნდა სწავლობდნენ და რას უნდა სწავლობდნენ ბავშვები კონკრეტულ ასაკში. ეს იქნება საერთო სისტემა. ჩვენ მივაწვდით ამ ინფორმაციას, გვექნება სემინარები, ჩავალთ ბავშვთა სკოლებში, ხელმძღვანელებს წარვუდგენთ, მოვიწვევთ სპეციალისტებს და ჩავატარებინებთ სემინარებს, ანუ მივაწვდით ყველაფერს", - აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი.


ლევან კობიაშვილის შეფასებით, საკმაოდ მძიმე ვითარებაა ქვეყნის ჩემპიონატში. როგორც იგი განმარტავს, კლუბების უმრავლესობა მუნიციპალურ დაფინანსებაზეა და ისინი წლიურ ბიუჯეტს ნახევარ წელიწადში ხარჯავენ. იგი აღნიშნავს, რომ აქამდე კლუბების ფინანსურ შემოწმებას ფედერაცია არ ახდენდა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომლითაც ფედერაცია რაღაც დონეზე კლუბების ფინანსურ მონიტორინგს განახორციელებს.


„ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის ჩემპიონატში. ყველაზე რთული ის არის, რომ კლუბები სტრუქტურულად ჩამოუყალიბებელია. აქამდე ფეხბურთის ფედერაციას არ ჰქონდა საშუალება, რომ თუნდაც მონიტორინგის კუთხით ეკონტროლებინა, ან ინფორმაცია ჰქონოდა, სად მიდის თანხები. კლუბების 80-90 % მუნიციპალურ დაფინანსებაზეა და ფაქტობრივად ბევრ მათგანს მთელი წლის ბიუჯეტი ნახევარ წელში აქვთ დახარჯული. არის დავალიანებები ფეხბურთელების და პერსონალის მიმართ. ეს ყველაფერი შემდგომ თავს იჩენს. ყველაფერი ნეგატივი საბოლოოდ ჩვენთან მოდის. ამიტომ ის მიდგომა, რაც აქამდე იყო, რომ ჩვენ ფულთან შეხება არ გვაქვს და პასუხისმგებლობა არ გვეკისრება, ასე არ არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, კლუბი რამდენად მიზანმიმართულად იყენებს თანხებს. ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ და ახალი სეზონიდან მივიღებთ ზომებს, რომ ფედერაციამ მონიტორინგის ან ლიცენზირების კუთხით რაღაც ვიცოდეთ. პირდაპირ ვერ შევალთ, მაგრამ პროცესში ვიქნებით ჩართულები", - განმარტავს ლევან კობიაშვილი.


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მწვრთნელებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა. იგი უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ დეპარტამენტი, რომელიც უეფა-ს სამწვრთნელო ლიცენზიას გასცემს, აქამდე ფედერაციასთან კომუნიკაციის გარეშე საქმიანობდა, რის გამოც ფედერაციას მწვრთნელების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდა. ლევან კობიაშვილი ცვლილებებს ამ მიმართულებითაც გეგმავს.


„ერთი წლის წინ დაიწყო უეფას პრო-ლიცენზია, ანუ ყველაზე მაღალი საფეხბურთო ლიცენზია მწვრთნელებისთვის. პრობლემა აქამდე სულ ყოველთვის იყო ის, რომ ფედერაცია და ის დეპარტამენტი, რომელიც ამ ლიცენზიებს გასცემს, კომუნიკაციაში არ იყვნენ და არ იყო იმის მონიტორინგის საშუალება, თუ რამდენად სწორედ აწვდიან ეს მწვრთნელები ბავშვებს იმას, რისთვისაც ლიცენზია მიიღეს. უკონტროლო სიტუაციაა. ამას ჩვენ შევცლით. ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ ერთად, მანამდე იყო გახლეჩილი", - ამბობს კობიაშვილი.


ფედერაციის პრეზიდენტმა მსაჯებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა. მან ამ კუთხით ორი საკითხი გამოჰყო. ერთი - თავად ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების დამოკიდებულება მსაჯების მიმართ და მეორე - გაყიდული თამაშები.


პირველ პრობლემას ლევან კობიაშვილი მოუწესრიგებელ ინფრასტუქტურას უკავშირებს. მისი თქმით, მას შემდეგ რაც სტადიონები სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, მოხდება ე.წ. სტიუარდების ინსტიტუტის შემოღება და კამერების დაყენება. მსაჯებისთვის შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაში კი ყველა პირი შესაბამისად აგებს პასუხს.


რაც შეეხება გაყიდულ თამაშებს, ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმს გააფორმებს და კორუფციას საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობით შეებრძოლებიან.

 

„ჩვენ რაც შეგვიძლია, ძალიან მალე გავაკეთოთ, ეს არის შსს-სთან მემორანდუმის გაფორმება, გვჭირდება მათი გვერდში დგომა, დახმარება. აქამდე მსაჯებს არ ჰქონდათ იმის განცდა, რომ ისინი არიან დაცულები, იყო დაუსჯელობაც. საშიშროება ყოველთვის არის, რომ რაღაც მოხდეს, მაგრამ არსებობს გზები, რომ ეს მინიმუმამდე დავიყვანოთ. მარტო ფედერაცია ამას ვერ უშველის. ამ კუთხით გვჭირდება გვერდში დგომა. ჩვენ გვექნება მუშაობა მსაჯებთან, წარმომადგენლებთან, სისტემატურად უნდა გვქონდეს ურთიერთობა. აუცილებელია საგამოძიებო უწყებების ჩართულობა ამ პროცესში.

 

ნებისმიერის მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, იქნება მსაჯი, ფეხბურთელი, იქნება კლუბის წარმომადგენელი, ჩვენ არავის არ გავითვალისწინებთ ამ კუთხით. ეს ზოგადად ფეხბურთს აყენებს ზიანს. ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს, დაისჯება. თუ დადგინდა, რომ მსაჯი მიზანმიმართულად აშავებს, ისიც დაისჯება, მაგრამ მსაჯების შეურაცხყოფისათვის ასევე დაისჯებიან ფეხბურთელები და გულშემატკივრები", - აცხადებს ლევან კობიაშვილი.


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისას შექმნილ ვითარებაზე აცხადებს, რომ ფეხბურთი რთული სამყაროა და ასეთი რამ სხვაგანაც ხდება. რაც შეეხება მის კონკურენტ რეზი არველაძეს, კობიაშვილი ამბობს, რომ მიესალმება მის საფეხბურთო სამყაროში ყოფნას, თუმცა, ფედერაციაში მასთან თანამშრომლობას გამორიცხავს, რადგან მათი ხედვები რადიკალურად განსხვავდება.


„ფაქტია, რომ შეიძლება ვიღაცის ინტერესში არ შედიოდა, სხვა მოსულიყო აქ და ეს ყველაფერი ენახა. ფედერაციაში რა ხდებოდა, აქამდე არავინ არაფერი იცოდა. ფედერაცია არის დამოუკიდებელი, არც სახელმწიფო უწყებაა და არ არის ვალდებული, საერთოდ ვინმეს რამე ჰკითხოს. სერიოზული პრობლემები იყო.

 

არასდროს არ მქონია ის მოლოდონი, რომ როდესაც ჩამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ არჩევნებში მინდოდა მონაწილეობა, წითელ ხალიჩას გამიშლიდნენ. ბუნებრივია, იქნებოდა მხარე, ვინც რაღაცას მოიგონებდა, იტყოდა და ა.შ. მთვარია, პირადულ ზღვარზე არავინ არ გადასულა. ყველა ცდილობდა გამარჯვებას. იყვნენ ვიღაცები, ვის ინტერესშიც შედიოდა, უფრო მწვავე ყოფილიყო ეს პროცესი. რაც შეეხება არჩევნების დღეს, მე მგონი, რომ კახა კალაძე თუ იმყოფებოდა, ჯერ ერთი, ფედერაციისგან ჰქონდა მოწვევა. ის, რომ ვინმემ თქვას, რომ კალაძემ რამე გავლენა იქონია, მოდი ასე ვთქვათ, 15 ხმა მიიღო კონკურენტმა, მე 18. დრო იყო, 35 ხმას ერთ კანდიდატს აძლევდნენ. ბევრ რაღაცას გვაბრალებენ. 18-15 იყო საბოლოო შედეგი, როდესაც 35-0 იყო ხოლმე.

 

რაც შეეხება რეზის. მე ადრეც ვთქვი, რომ მე მის პიროვნებასთან არანაირი პრობლემა არ მქონია და არც მექნება. მე სისტემასთან მქონდა პრობლემა, იმ სისტემასთან, რაც დამხვდა და მართლა მიკვირას როგორ არსებობდა აქამდე, ასეთი გაუმართავი სისტემა. თანამშრომლობა ამ ეტაპზე გამორიცხულია. მანამდეც, პროცესი როგორც მიმდინარეობდა, მას სხვა ხედვა ჰქონდა. როცა იძახი, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ფეხბურთი ვითარდება და მიდის, ფაქტია, ერთნაირი ხედვა არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ არც უნდა დაიკარგოს მისი გამოცდილება. წლების განმავლობაში იყო და არსებობს კლუბები, და გამიხარდება, რომ ფეხბურთში იყოს. რეზი არველაძე იქნება თუ აჩი არველაძე, არ უნდა დაიკარგნონ", - ამბობს ლევან კობიაშვილი.


ნაკრებზე საუბრისას კობიაშვილი აცხადებს, რომ ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა, მისი შეფასებით, წარმატებაზე საუბარი ჯერ ადრეა. კობიაშვილი ამბობს, რომ თუკი ყურადღება ბავშვებზე გამახვილდება, რამდენიმე წელში ქართული ფეხბურთიც წარმატებული იქნება.


„როგორც რიგითი გულშემატკივარი ვისაუბრებ. განსხვავება ნამდვილად არის, თუნდაც ბოლო თამაშებიდან, მაგრამ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ნოემბერში ჩვენ ორი ამხანაგური თამაში გვექნება. ასაკობრივ ნაკრებებში მოხდა ცვლილებები და ნოემბრის ბოლოს ნაკრებების მწვრთნელებთან ერთად შევაფასებთ შესარჩევს.

 

იმედები გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გრანდი არავინ არ არის, მაგრამ არც მარტივია მათთან თამაში. გულშემატკივარსაც აქვს მოლოდინი, რომ ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ წარმატებას მივაღწიოთ. დღეს, მიუხედავად პატარა გამონათებებისა, წარმატებულად არ ვართ. არ ვართ იმ დონეზე, ვიფიქროთ, რომ შემდგომ ციკლში მოვხვდებით მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ვეცდებით, შანსი გამოვიყენოთ.

 

გვინდა, ბავშვები სწორად გაიზარდონ და 10 წელიწადში გვქონდეს რეალური შანსები. მაგრამ დღეს არ ვართ მზად. არ არის სწორი, აქცენტი მარტო ნაკრებზე ვაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, თუ ბავშვებიდან დავიწყებთ, რამდენიმე წელიწადში მართლა ვიქნებით წარმატებულები", - ამბობს ლევან კობიაშვილი.




წყარო: cp.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016