ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია „პირველის" გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა. ამის შესახებ ჟურნალისტმა MediaMall.ge-თან დეტალურად ისაუბრა.
„როცა წამოვედი „იმედიდან“ და დამხურეს, მას შემდეგ მე თვითონვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ რაღაც პერიოდი პაუზა ამეღო და ამ გაბრაზებისგან გავთავისუფლებულიყავი. ვფიქრობ, გაბრაზებულ განწყობაზე ახალი სამსახურის დაწყება არ შეიძლება. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა, როცა დავფიქირდი, თუ რომელი ტელევიზია იყო საინტერესო, ვარჩიე ტელეკომპანია „პირველი“, იმიტომ რომ არის ახალი გაკეთებული ტელევიზია. სხვათაშორის, ახალი წლიდან მაყურებელს კიდევ უფრო საინტერესო ეთერს ვპირდებით",- აღნიშნა გრიგოლიამ.
„ამ ქვეყნაში მედიის შეზღუდვის მხრივ ისე მიდის სიტუაცია, რომ ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიმუშაო ისეთ არხზე, სადაც მაძლევენ იმის გარანტიას, რომ მექნება სრული თავისუფლება. დავინიშნე არხის გენერალურ პროდიუსერად, იანვრიდან კი მექნება ჩემი გადაცემა, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო. მინდა, გავაკეთო უფრო მეტად განსხვავებული გადაცემა, ვიდრე აქამდე გამიკეთებია",- ამბობს ჟურნალისტი.
ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა პოლიტიკური იქნება და ეთერში ახალი წლის შემდეგ ჩაეშვება.
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ტელეკომპანია „იმედი“ რამდენიმე თვის წინ დატოვა.