reportiori.ge - „გეკუთვნის... მაგრამააა არ გეკუთვნის!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:06
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„გეკუთვნის... მაგრამააა არ გეკუთვნის!“
ავტორი:
11 ნოემბერი, 2015. 11:10



ჩვენი ყოველდღიური დაძაბულობიდან ცოტა ხნით რომ გამოგიყვანოთ, მიხეილ ჭიაურელის საკულტო კინოკომედიიდან „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!" ერთ სასეირო სცენას გაგახსენებთ, დღევანდელ კანონშემოქმედებას რომ ესადაგება, ისეთს.


გუბურის პირას, ჩეროში, ტაბლასთან მუხლმორთხმით სხედან სოფლის მამასახლისი და იქაური მოსამართლე. ბებერი უსაქმურები. პურსა სჭამენ და მოილხენენ. მღერიან ორ ხმაში:


„ჩემოო თეთრო ბატოო,

დილავ დააა,

ვაი, შენ ჩემო თეთრო ბატოოო"

და ასე შემდეგ.


სამართლის მძებნელთა დელეგაცია: გიჟუა (აკაკი ხორავა), ავეტიკა-უსტაბაში (ვასო გოძიაშვილი) და პატარძალწართმეული გოგია (გიორგი შენგელაია), მიდის ამათთან კანონიერების დასადგენად.


ავეტიკა: - კაი სიმღერა კი გცოდნიათ, აი, სუდიაჯან! აი ის როგორაა, თეთრო იხვო... თუ ისაა...

პურისმჭამელები: - არა, კაცო, ბატო, ბატო!!!!!

გოგია: - თქვენ ხუმრობთ და მე ხუმრობისთვის არა მცალიან! ერთი მაგ შენს სამართლის დავთარში ჩაიხედე, ქალი მეკუთვნის თუ არ მეკუთვნის?!

მოსამართლე: - ჰოოო, გეკუთვნის, გეკუთვნის.

გოგია: - მერე?

მოსამართლე: - მაგრამა არ გეკუთვნის!

გოგია: - ვახ, კაცო!!!

მოსამართლე: - მამასახლისო, მოდი აბა, ერთი მაგრად შემიკარი. (მამასახლისი დოლბანდით თვალებს აუხვევს):

„დალოცვილი ქრისტე ღმერთი

ოქროს ტახტზე დაბრძანდება,

ხელში სასწორი უჭირავს

ცოდო-მადლი იწონება!


გიჟუა: - აბა, აბა, ამათ ჰყოლიათ, აი!

ავეტიკა: - მწყერები.

მამასახლისი: - მერე რამდენი გვყავს ზემო უბანში, რამდენი...

ავეტიკა: - აფრენთ ხოლმე?

მოსამართლე: - ვაფრენთ, მაშა!

ავეტიკა: - გააფრინეთ, გააფრინეთ...

გიჟუა: - თქვენ მამასახლისი ბრძანდებით, არა?! თქვენ კიდევ მოსამართლე?

მოსამართლე: - მაშა, მაშა!!!

გიჟუა: - არ იქნება, ერთი აქეთ გამობრძანდეთ?!

მოსამართლე: - მივიდეთ...

გიჟუა: - თქვენ მამასახლისი ბრძანდებით არა?! თქვენ კიდევ მოსამართლე?

(საყელოში ხელს ჩაავლებს).

მოსამართლე და მამასახლისი: - მაშა, მაშა!!!

გიჟუა: - უხ თქვენი გამჩენი კი დაიწვა, თქვენი!!!"

დაატრიალებს და ორივეს წყალში მოადენინებს ტყაპანს.


 

გადამკვეთი პარალელები

 

ახლა საქმეზე.

 

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის მაისის ბოლოს 81 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო ფრაქცია „ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარის გია თორთლაძის მომზადებული „თავისუფლების ქარტია", რომლის მე-9 მუხლით განსაზღვრულია „თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა".


„შეზღუდვაში", რომელიც ფერუმარილწათხაპნილი უფლების ჩამორთმევაა და სხვა არაფერი, სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე დანიშვნა და არჩევა აეკრძალა იმ პირებს, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ:


... გ) ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები;


დ) ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები;


ე) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე...


ეს ნიშნავდა, რომ „კომუნისტური წარსულის" მქონე ადამიანებს ჩამოერთვათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ მშენებლობაში სუვერენიტეტის გამოცხადებიდან მეოცე წლის თავზე.


მსგავსი რამ საბჭოთა კავშირის ისტორიაშიც იყო, „დაწყევლილ" ეპოქაში, როცა „ექსპლუატატორული კლასების" წარმომადგენლებს ხმის უფლება ჩამოერთვათ რსფსრ პირველი კონსტიტუციით, რომელიც 1918 წელს, ანუ რევოლუციის მომდევნო წელიწადს იქნა მიღებული - საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილების შეცვლის მეორე წელს. მიაქციეთ ამას ყურადღება!


ასე გაჩნდა ე.წ. ლიშენცების (უფლებაჩამორთმეულთა) ინსტიტუტი, რომელიც 30-იანი წლებიდან მოყოლებული თანდათან კარგავს ძალას და საბოლოდ, 1936 წლის კონსტიტუციით („სტალინური კონსტიტუციით") საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქე, სულიერი ავადმყოფებისა და ციხეებში მოთავსებული სასჯელმისჯილთა გარდა, ერთნაირი უფლებებით აღიჭურვება.


ე.ი.  „ლიშენცების" ინსტიტუტი საბოლოოდ (ხაზს ვუსვამ - საბოლოოდ) კონსტიტუციის ძალით გაუქმდა, ანუ მხოლოდ 18 წელიწადს იარსება.


ეს მოხდა XX საუკუნის 30-იან წლებში.


ხოლო XXI საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ სუვერენიტეტის მოპოვების მეოცე წელს თავისი ქვეყნის მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას უფლებები შეუკვეცა.


არის ასეთი გადამკვეთი პარალელები, რომლებიც „ახალი დემოკრატიის" ჭეშმარიტი არსის გამოვლენას უწყობს ხელს.


პროლეტარიატის დიქტატურის ეპოქაში იმდროინდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლად მიიჩნია, ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის რევოლუციიდან 19 წლის შემდეგ ერთნაირი უფლებები დაეწესებინა.


ფეხქვეშ გათელილი დემოკრატიის პირობებში სააკაშვილის „რეფორმატორულმა" ხელისუფლებამ კი 20 წლის შემდეგ ჩვენი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვით დაიწყო ახალი სოციალური სივრცის შენება და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება. კიდევ 4 წელიწადი გახდა საჭირო, რაღაც კოსმეტიკური ცვლილება რომ შეეტანა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დისკრიმინაციულ, ხმარებისგან გაცვეთილი ლანჩის („პადოშას") კანონში. თორემ ისე გამოდიოდა, რომ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, მაგალითად, ნანა ალექსანდრიას და ლევან თედიაშვილს, რომლებიც კომკავშირის საკავშირო ცეკას წევრები იყვნენ იმ დროს, ახალ ვითარებაში საჯარო სამსახურზე არც უნდა ეოცნებათ.




კონგენიალური აბსურდი

 

გასული კვირის სამშაბათს საქართველოს მასმედიაში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი საბჭოთა კავშირის და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრებს, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნებს, ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში თანამდებობების დაკავების უფლება მისცა.


საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, ამ ადამიანებისთვის სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლბის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩამორთმევა, მათი არა სამართლის სუბიექტებად, არამედ სამართლის ობიექტებად განხილვის ტოლფასია, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის ღირსების უფლება. ეს ნორმები საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.


კარგია, რადგან ყოველთვის სჯობს  გვიან, ვირე არასოდეს.


მაგრამ, კონსტიტუციურმა სასამართლომ ძალაში დატოვა აკრძალვა საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეთათვის, რომელთა რაოდენობა დღევანდელ საქართველოში ორად-ორი კაცითაა წარმოდგენილი (ამათზე - ქვემოთ).


ამ თანამდებობაზე დანიშნულ პირს, როგორც წესი, ირჩევდნენ ზემოთ დასახელებული კომიტეტების წევრად.


მაშ, რა გამოდის?


გამოდის სრული აბსურდი: ერთი მხრივ, ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარეს, როგორც ამა თუ იმ ცენტრალური კომიტეტის წევრს, აღუდგინეს სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.


მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარეს, აკრძალვა არ მოხსნია.


ზუსტად ისეა, როგორც კინოკომედიის იმ სცენაში, რომელიც წერილის დასაწყისში გაგახსენეთ:. „გეკუთვნის, მაგრამაა...  არ გეკუთვნის!"


იმ ორი თავმჯდომარიდან, რომლებზეც მიგანიშნეთ, ერთ-ერთი ამ სტრიქონების ავტორია.


ორივე გამოვედით იმ ასაკიდან, საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების ნატამალი სურვილი რომ დაგვრჩენოდა.


არავითარი!


ჩვენ ჩვენი უკვე ვთქვით და გავაკეთეთ, ხოლო რისი თქმაც და ქმნაც გვსურს, იმას საჯარო სამსახურის გარეშეც ვახერხებთ და არც მომავალში დავაკლებთ მცდელობას.


თუ ვინმე გადახედავს ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას,  ალბათ, მიიჩნევს, რომ იმ თაობის პროფესიონალები, „მიმინოსი“ (ვალიკო მიზანდარის) არ იყოს, „ნა ულიცე ნე ვალიაიუტსა!"


კარგად იყავით: თქვენ - თქვენთვის, ჩვენ - ჩვენთვის, ოღონდ იმათთან ერთად, ვისაც ჩვენთან ყოფნის სურვილი აქვს და ეხალისება.



„ხალხის მტერი"

არმაზ სანებლიძე


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016