დევნილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელი, მომღერალ სოფო ბედიას მეუღლე მიშა მესხი აქვეყნებს ფოტოს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბრის აქციაში მონაწილე, სპეცრაზმის მიერ ნაცემი მამაკაცია აღბეჭდილი. როგორც მესხი განმარტავს, ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი მამამისია. ამ ისტორიის შესახებ მიშა მესხი „ასავალ-დასავალს" ესაუბრა:
„მე და ჩემი მეგობრები ამ პროცესებში აქტიურად ვიყავით ჩართული. 6 ნოემბერს ჩემთან სახლში ავედით და დილამდე დავრჩით. მეორე დღეს მამაჩემმა გვითხრა, გარეთ ხალხს არბევენო და რუსთაველზე წავიდა. მამაჩემს რუსთაველზე შევხვდი, მაგრამ საპატრულო პოლიციის მოსვლისა და ჯგუფად ხალხის დარბევის მერე პოლციელები გამოგვეკიდნენ. პარლამენტის ზედა მხარისკენ გავიქეცით, მეგონა, მამა ქვევით გაიქცა, მაგრამ, თურმე არც განძრეულა და პატრულის წინ დამდგარა. ომის ვეტერანია, ინვალიდი, რა საშინელება აღარ გადაუტანია, ამიტომ არც ამათი შეშინებია. დღეს მეამაყება, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს მამაჩემი თავისი ხალხის გვედით იდგა.
მას შემდეგ 8 წელი გავიდა. სამწუხაროდ, 7 ნოემბერი იმ დღეს არ დასრულებულა, ხალხს სახლებში უვარდებოდნენ და ქონებას ართმევდნენ. ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა, დღეს მათგან ცოტა სასაცილო ხომ არ არის პროტესტი - თავისუფალი სიტყვა იზღუდებაო?! თავისუფალ მედიასა და სიტყვას თვითონ ზღუდავდნენ, ტელევიზიით ვერც ვიგებდით, სინამდვილეში რა ხდებოდა, ყველა უბედურება საკუთარ თავზე გამოგვაცდევინეს.
ნათქვამია, დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, მაგრამ ბოროტი არ ვიქნები და მიხეილ სააკაშვილის მამას ნიკა სააკაშვილს არ ვუსურვებ ისეთ სიტუაციაში ყოფნას, როგორშიც მამაჩემი იყო ამ 8 წლის წინათ - მათ დედებსა და მამებს ვერ გავიმეტებ. კარგი იქნებოდა, ვანო მერაბიშვილი და მიშა სააკაშვილი თვითონ აღმოჩენილიყვნენ ამ სიტუაციაში. 7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს", - განაცხადა მიშა მესხმა.
წყარო: „ასავალ-დასავალი"