მხატვარი ნიკუშა შენგელაია „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. როგორც ის აცხადებს, აღნიშნული ტელევიზიის უფლებამოსილებაშეჩერებული დირექტორი ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის" წევრია და ცდილობს, „რუსთავი 2" თავის ჟურნალისტებიანად ამ პარტიის ინტერესებს მოახმაროს. მისივე თქმით, გვარამაიას თანამშრომლების ბედი საერთოდ არ ადარდებს.
მხატვრის თქმით, „რუსთავი 2" და თავისუფალი სიტყვა სხვადახვა ცნებებია.
„საერთოდ არ ესმით, რა არის თავისუფლება. ნუთუ მართლა ჰგონიათ, მათ ვინმე უსმენს? ერთმანეთს აქეზებენ და უნდათ, რომ „რუსთავი 2", როგორც თავისუფალი სიტყვის ბასტიონი, ისე შემოგვტენონ. არადა, ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა დემაგოგიასა და ტყუილზეა აგებული. ბევრ მათგანს მორალური უფლება არ აქვს, ჟურნალისტებად იმუშაონ. ისინი საკუთარ პირად და მატერიალურ ინტერესებს იცავენ. "რუსთავი 2"-თან ურთიერთობა ძალიან მარტივად გავწყვიტე, ეს არხი საერთოდ გათიშული მაქვს. მათი დემაგოგიისა და შეფუთული ტყუილების მოსმენის დრო საერთოდ არ მაქვს", - განაცხადა შენგელაიამ.
წყარო: „საერთო გაზეთი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)