ქალბატონ თეა წულუკიანის მიმართ თავიდანვე უღრმესი პატივისცემითა და სიმპატიით ვიყავი განმსჭვალული მისი ნიჭიერების, პრინციპულობისა და შეუპოვრობის გამო. 2012 წლის საარჩევნო ბატალიების დროს ის ერთგულად ედგა მხარში ბატონ ბიძინა ივანიშვილს და უშიშრად, გაბედულად ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელმაც დიდი უბედურება მოუტანა სრულიად საქართველოს. იგი დღესაც ერთგულია საკუთარი მრწამსის და განაგრძობს სააკაშვილის კაცთმოძულე რეჟიმის მხილებას, რითაც აქტიური წვლილი შეაქვს თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.
აღტაცებას და აღფრთოვანებას იწვევს ამ პატარა, საოცრად მომხიბლავი ქალის ის შემართება და პრინციპულობა, რომლითაც იგი იცავს საკუთარ პოზიციებს, აკრიტიკებს ოპონენტებს, რომლის დროსაც მას არ ღალატობს ტაქტი და რკინისებური ლოგიკა. მის გაბედულებას ბევრი ვაჟკაცი ინატრებდა. მისებური შეხედულებებით ბევრი მეცნიერი მოიწონებდა თავს.
მისი ამასწინანდელი გამოსვლაც მსგავსი გაბედულებითა და ლოგიკურობით იყო გაცისკროვნებული, რამაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა საქართველოს საზოგადოებაში. ამ ერთი შეხედვით სუსტმა და ნაზმა ქალბატონმა გაბედა იმის თქმა, რასაც თითქმის ყველა საღად მოაზროვნე, ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი გულის სიღრმეში ფიქრობს, მაგრამ ხმამაღლა თქმასა და გამჟღავნებას ერიდება. ქალბატონმა თეამ გაბედა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მიუთითა, რომ საქართველოს შინაურ საქმეებში უაპელაციო ჩარევა ჩრდილს აყენებს არა მარტო ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ თანამშრომლობას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თვით შეერთებულ შტატებს, რომელიც მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შუქურას და გარანტს წარმოადგენს. მსგავსი რამ ასევე შეუთავსებელია დიპლომატის საქმიანობასთან, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს კომპრომისების გამონახვისაკენ და არა პროცესების ესკალაციისაკენ. „რუსთავი-2"-ის გარშემო ატეხილი ხმაური ქართული საზოგადოების შიდა პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება დემოკრატიის მაღალი სტანდარტების დონეზე გადაწყვეტს. მასში გარედან ჩარევები მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესს გაამწვავებს და გაართულებს.
საქართველო უძველესი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა, რომელშიც ტოლერანტობა ლამის რელიგიის დონეზეა აყვანილი, ამიტომ ყოველი ჩვენგანი მტკივნეულად განიცდის იმას, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხებში ჩვენს განათლებას, „შემწყნარებლობისა და სამართლიანობის ანბანს მენტორულად გვიკითხავენ".
ბარაქალა ქალბატონ თეას იმისათვის, რომ მან მტერსა და მოყვარეს თვალნათლივ დაანახვა ვისი გორიანი ვართ და რომ ჩვენნაირ ერთან მიზანშეუწონელია მოუზომავი გაუწონასწორებელი ლაპარაკი.
„მართალი სიტყვა, ჭკუა-გონება,
დიახ, ეს არის შენი ქონება".
მინდა ეს სიტყვა სვანური უძველესი ეპოსით დავამთავრო:
„სანთელს დავანთებთ წმინდა ადგილზე,
აუგ ხსენებას მოვერიდებით,
მგელს ბორკილი, დათვს ლაგამი!
დიდება შენდა დალბედნიერო!"
უღრმესი პატივისცემით
თენგიზ ონიანი
გაზეთი „საქართველოს რესპულიკა"