ტელეკომპანია „რუსთავი 2" და „ნაციონალური მოძრაობა", ანუ რევოლუციამდელი ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორები ყოველთვის ერთი გუნდი იყვნენ - ამის დასტურად პოლიციისა და უშიშროების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან კენჭაძე „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში ერთ შემთხვევას იხსენებს.
„უშიშროების სამინისტროს ინფორმაცია ჰქონდა ჩანერგილ პერსონებთან დაკავშირებით, რომლებიც ინფორმაციებს აწვდიდნენ ჟვანია-სააკაშვილის გუნდსა და „რუსთავი 2"-ს. დავიწყეთ მუშაობა და საკმაოდ საინტერესო მასალები შევკრიბეთ. ეს ე.წ. მსტოვრები ფაქტობრივად ყველა სამსახურში ჰყავდათ, მოყოლებული თანამდებობის პირებიდან, დამთავრებული მდივნებითა და მბეჭდავებით. საკმაოდ ჭკვიანურად მუშაობდნენ. მსტოვრებზე ფულის გაცემის ისეთი მექანიზმი ჰქონდათ შემუშავებული, კაციშვილი ვერაფერს მიხვდებოდა, თუმცა, მაინც გავშიფრეთ. რამდენიმე პიროვნების საუბრის აუდიო და ვიდეოჩანაწერი მქონდა, რომ ისინი სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობდნენ და „რუსთავი 2"-ს ინფორმაციებს აწვდიდნენ. რაც შეეხება შესაბამის გასამრჯელოს, მაშინ ამ ტელევიზიით გადიოდა „რა, სად, როდის" და სწორედ ამ გადაცემაში მონაწილეობდნენ მოთამაშის სტატუსით. ვთქვათ, ერთ მსტოვარს მისაღები ჰქონდა 200 ლარი, ხოლო მეორეს - 500 ლარი. პირველს წინასწარ აძლევდნენ ,სიტყვაზე, 2 სწორ პასუხს, მეორეს - სამს, „გამოიცნობდნენ" პასუხებს და იღებდნენ თანხას. ასე რომ, შემდავებელი არავინ ჰყავდათ", - განაცხადა კენჭაძემ.
მისი თქმით, ყველა ეს ინფორმაცია პრეზიდენტ შევარდნაძეს მიუტანეს, რომელმაც შეგროვებული მასალები ზურაბ ჟვანიას გადასცა.
„ჟვანიამ რომ ნახა, ცუდად იყო საქმე, დაუძახა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, გააცნო ეს მასალები და კონტრილეთი ჩაატარეს, მშვენივრადაც გამოუვიდათ, დაჩაგრულის იმიჯი მოირგეს, რომ თითქოს უშიშროების სამინისტროს ტელეკომპანიის დახურვა უნდოდა და საპროტესტო ტალღაც ააგორეს. სინამდვილეში სულ სხვა ღონისძიება იგეგმებოდა, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენდა, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირების ხელშეწყობით საპირისპირო შედეგი მივიღეთ. სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ იგივე ხდება დღესაც, ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების ხელშწყობით, „რუსთავი 2"-ს კვლავ ტანჯულის მანტიას არგებენ. ამიტომ ვამბობ, ყველაფერი დადგმული სცენარის მიხედვით ხდება, უბრალოდ, მეთოდებს ცვლიან", - განაცხადა გენერალმა.
წყარო: „საერთო გაზეთი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)