ათენში გამართული მასობრივი საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა. „დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ათენში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. დაახლოებით 300 ნიღბიანი ადამიანი პოლიციელებს დაუპირისპირდა და მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინა. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
პოლიციის ინფორმაციით, ათენის ქუჩებში 16 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, ბერძენი ჟურნალისტები კი იტყობინებიან, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა 50 ათასს აღწევს.
მასობრივი აქციები საბერძნეთში პირველად იმართება მას შემდეგ, რაც ალექსის ციპრასმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. დღეს ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა. პროტესტის ნიშნად, დაიხურა სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულებები, საავადმყოფოები და აფთიაქები. შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი, შეწყდა სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა, გაუქმდა 30-ზე მეტი შიდა ავიარეისი, დაიხურა მუზეუმები. გაფიცვას შეუერთდნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც აშუქებენ მხოლოდ გაფიცვასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
მოსახლეობა საერთაშორისო კრედიტორებთან მესამე მემორანდუმის გაფორმებას აპროტესტებს, რომელიც, მორიგი კრედიტის მიღების სანაცვლოდ, პენსიებისა და ხელფასების შემცირებას, ახალი გადასახადების დაწესებასა და სხვა ზომების მიღებას ითვალისწინებს.