სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების" ადვოკატსა და ასოცირებულ პროფესორ როინ მიგრიაულს ვთხოვეთ:
- განვლილი დღეების განმავლობაში, არაერთხელ მომიწია იმის აღნიშვნა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება კარგად არის დასაბუთებული და სამართლებრივად არავითარ კითხვას არ აჩენს. მეტიც, ამ გადაწყვეტილების მიმართ ჩემი აღფრთოვანებაც გამოვხატე, რადგან მოსამართლეები, საქმეების სიმრავლის გამო, ასეთ დასაბუთებულ და კანონზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იშვიათად იღებენ. ურთმელიძის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არაა არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან და არც კონსტიტუციასთან.
- არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან?
- საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულების კონკრეტული შემთხვევა, ხოლო ურთმელიძის განჩინება ეხება გადაწყვეილების აღსრულების უზრუნველყოფას. თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებად დროებითი მმართველობის დანიშვნა გამოიყენა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ნორმა, რომლითაც დაუყოვნებლივი აღსრულების კონკრეტული შემთხვევა შეჩერდა, შეხებაში არ არის ურთმელიძის მიერ გამოყენებულ ნორმასთან და მის მიერ დადგენილ ღონისძიებასთან.
- რას გვეტყვით დროებითი მმართველის ინსტიტუტზე, რომელიც ლამის თამაზ ურთმელიძის შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფად გამოაცხადეს?
- ქართული სამართალი დროებითი მმართველის ინსტიტუტს დიდი ხანია იცნობს. ქართულ სამართალში სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიების სახით, არსებობს სეკვესტრის ინსტიტუტი, რომელიც განიმარტება, როგორც ქონების იძულებითი მართვა და იგი გამოიყენება სააღსრულებო სამართალწარმოებაშიც და საპროცესო სამართალშიც. რაც შეეხება დროებითი მმართველის, ანუ დროებითი ადმინისტრაციის ინსტიტუტს, ეს პრაქტიკა გამოიყენება კომერციული ბანკების შემთხვევაში. მაგალითად, თუ ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ რომელიღაც კომერციული ბანკი არალიკვიდურია და მისი შემდგომი საქმიანობით შეიძლება საფრთხე შეექმნას მეანაბრეებისა და ბანკის სხვა მომხმარებლების ინტერესებს, შეუძლია ჩამოაშოროს მას არსებული მენეჯმენტი და დაუნიშნოს დროებითი ადმინისტრაცია, ხოლო დროებითი ადმინისტრატორი სხვა არაფერია, თუ არა დროებითი მმართველი. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, გარკვეული დროის მანძილზე, ბანკი დროებითი ადმინისტრაციის მიერ იმართება. თუ სიტუაცია გამოსწორდა და ბანკი ლიკვიდური გახდა, დროებითი ადმინისტრაცია დაასრულებს თავის საქმიანობას და ძველი მენეჯმენტი დაუბრუნდება თავის საქმიანობას. თუ სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია, ბანკის მიმართ დაიწყება ლიკვიდაცია. 1996 წელს მიღებული გაკოტრების კანონიც პირდაპირ ითვალისწინებდა დროებით მმართველის დანიშვნას რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე გაკოტრების მუდმივმმართველი არ დაინიშნებოდა. ასეთ დროებით მმართველსაც სასამართლო ნიშნავდა. მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, გადახდისუუნარობის შესახებ კანონი, იცნობს ასევე მმართველის ინსტიტუტს მეურვის სახით, რომელიც ინიშნება, ასევე, სასამართლოს მიერ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სასამართლოს მიერ კონკრეტულ კომპანიაში მმართველად უცხო ფიგურის შეყვანის პრაქტიკაც არსებობს და სამართლებრივი ნორმებითაც არის გამყარებული. ასე, რომ ეს არ მოუგონია მოსართლე თამაზ ურთმელიძეს. მეტიც, მან გამოიყენა არა მარტო ქართულ სამართალში არსებული ინსტიტუტი, არამედ ამერიკულ პრაქტიკასაც მიმართა და ევროპულ წყაროებსაც დაეყრდნო. ვფიქრობ, არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის განმარტებები მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა და სხვა არაფერი. მასაც და სხვებსაც ვურჩევ, მსგავსი განცხადებების გაკეთებამდე კარგად წაიკითხონ გადაწყვეტილება, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებთან ერთად.
- როგორც ვიცი, ურთმელიძის განჩინებაში განსაკუთრებით დასაბუთების ნაწილი მოგწონთ. იქნებ აგვიხსნათ, რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?
- ნამდვილად, აღფრთოვანებული ვარ განჩინების დასაბუთების ნაწილით, რომელშიც კარგადა გამოკვეთილი დროებითი მმართველის დანიშვნის აუცილებლობა და ის საფრთხეები, რაც შეიძლება მოვალის ქონებას შეექმნას, ვიდრე გადაწყვეტილება საბოლოოდ არ შევა ძალაში და არ აღსრულდება.
- კონკრეტულად, რა საფრთხეებზეა საუბარი?
- შესაძლოა, არსებულ მენეჯმენტს ჰქონოდა მცდელობა, რომ კომპანია გადახდისუუნაროდ, წამგებიანად ექცია. ამის საილუსტრაცოდ, განჩინებაში მოყვანილია უცხოეთის ქვეყნების მაგალითები. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკაზე დაფუძნებული ევროპული ტიპის მოსამართლის გადაწყვეტილება.
- სამწუხაროდ, „საიას" თავმჯდომარე ერთადერთი გამონაკლისი არ გახლავთ, რადგან ურთმელიძის გადაწყვეტილების ხარვეზებზე თითქმის მთელი არასამთავრობო სექტორი საუბრობს. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არღვევს ტელეკომპანიის სიტყვის თავისუფლებას.
- ჩემი აზრით, ამ ადამიანებს ან განჩინება არ წაუკითხავთ წესიერად ან ვიღაცას მართლა უნდა, რომ ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს. თუ ვინმეს ძალიან სურს, შეიძლება მოსამართლის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ასპექტი დაინახოს, მაგრამ თუ ურთმელიძის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ კონტექსტს გამოვაცლით და წმინდა სამართლებრივი კუთხით შევხედავთ, ეს არის კანონზე დაფუძნებული და აბსოლუტურად დასაბუთებული გადაწყვეტილება. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ჩემი შეფასება, თუმცა, ვერავინ დამაბრალებს, რომ რომელიმე მხარის წარმომადგენელი ვარ. ამდენად, შეფასების გაკეთებისას, ჩემთვის გადამწყვეტი სამართლებრივი ნორმების სწორი ანალიზი იყო. დიახ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ გამოიყენა, მივიწყებული ნორმაა, რადგან ადვოკატები ძირითადად სარჩელის უზრუნველყოფაზე ვართ ორიენტირებულები და არა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე. ამიტომ ნაკლებად ვაქცევდით ყურადღებას ამ ნორმის პრაქტიკაში გამოყენებას. ჩემს საადვოკატო პრაქტიკაში მისი გამოყენების შემთხვევა არ მქონია, მაგრამ ამ პრეცენდენტის შემდეგ, უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ და მეც დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზანია, რომ სანამ საქმე შემდეგ ინსტანციებს გაივლის, არ მოხდეს ქონების დაცარიელება და საბოლოოდ, არ მივიღოთ ქონებისგან დაცლილი სააღსრულებო ფურცელი. დროებითი მმართველის დანიშვნის დროს, აქცენტი უნდა გაკეთდეს ქონების მართვაზე, შენახვასა და გაფრთხილებაზე და სწორედ ეს აქცენტი დევს განჩინებაში. თუ მოსამართლე ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას შეეხო, ესეც ქონებასთან მიმართებაში უნდა განვმარტოთ, იმიტომ, რომ ახალმა დროებითმა მმართველობამ უნდა უზრუნველყოს, რომ „რუსთავი 2", როგორც სამაუწყებლო კომპანია დარჩეს ბაზარზე და ამასთან შეინარჩუნოს მომგებიანობა და რეიტინგულობა. დაუშვებელია, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით, კომპანია წამგებიანი გახდეს. დროებითმა მმართველებმა უნდა შეინარჩუნონ კომპანიის ქონება იმ მდგომარეობით, როგორითაც მას ჩაიბარებენ. თუ კომპანიის ქონება მათი ბრალეული ქმედებების გამო შემცირდა, მაშინ ისინი პასუხს აგებენ შემცირებული ქონებისათვის და ამ ქონების ღირებულების ფარგლებში მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრებათ.
- გამოდის, რომ დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი რისკენ მიდიან?
- განჩინებაში პირდაპირ წერია,რომ ისინი პასუხს აგებენ მთელი თავისი ქონებით. კომპანიის ქონების შემცირების შემთხვევაში, სახლიდან მოატანინებენ და ისე აანაზღაურებინებენ ზარალს. ორი დღეა ამას ვიმეორებ და ეს საფრთხე არავინ გაიაზრა. დროებითმა მმართველებმა შეცდომა დაუშვეს, როცა განაცხადეს, რომ კომპანიაში მხოლოდ გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ შევლენ. არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ ამ გასაჩივრების ვადის განმავლობაში, რომელიც 1 თვეზე მეტხანსაც შეიძლება გაგრძელდეს, არსებული მენეჯმენტი ქონების ნაწილს არ გადამალავს, ძველი რიცხვით რაღაც გარიგებებს არ დადებს და დამატებით ვალდებულებებს არ „აჰკიდებს" კომპანიას. ამის გარდა, გასაგებია, რომ გასაჩივრების ვადა ხუთი დღეა, მაგრამ ზოგადი წესების მიხედვით, აპელაციამ შეიძლება ორი თვის განმავლობაში იმსჯელოს. ამ პერიოდში თუ რამე მოხდა, პირადად დვალსა და საყევარიშვილს დაეკისრებათ ვალდებულება კომპანიის ქონების შემცირებაზე.
- როგორ შეიძლება მოვლენების ამგვარად განვითარების თავიდან აცილება?
- დროებითი მმართველები იმავე დღეს უნდა შესულიყვნენ კომპანიაში, მიეღოთ მფლობელობაში მთელი ქონება და დაეწყოთ ზრუნვა ქონების მართვასა და შენარჩუნებაზე. ვიმეორებ, დაუყოვნებლივ უნდა შესულიყვნენ კომპანიაში და არ გაეწიათ ვიღაცეებისთვის ანგარიში. თუ საჭირო გახდა, სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სააღსრულებო პოლიციის დახმარებითაც უნდა შევიდნენ და თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევს უფლებამოსილების განხორციელებაში, ეს უკვე ცალკე დანაშაულია, რომლის გამოც შეიძლება საქმეც კი აღიძრას.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელეკომპანიის გარშემო ვითარების დაძაბვა და მასობრივი არეულობის მოწყობა ოდესაში მყოფი ექს-პრეზიდენტის გეგმებში შედის, კომპანიაში პოლიციის შეყვანა მოვლენების ამ სცენარით განვითარებას ხელს არ შეუწყობს?
- ჩემთვის, როგორც იურისტისთვის და მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში გადაწყვეტილება, თუნდაც მას წაგებული მხარე უსამართლოდ მიიჩნევდეს, აუცილებლად აღსრულდეს. ვფიქრობ, რომ აღსრულებისთვის ხელის შეშლა სახელმწიფოს განვითარებისა და მისი შემდგომი მომავლისთვის უფრო ცუდია, ვიდრე ის, რომ ვიღაცეებს ანგარიში ვუწიოთ და იმის გამო, რომ დაანონსებული რევოლუცია თავიდან ავიცილოთ, სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღვასრულოთ. „რუსთავი 2" ისეთივე ჩვეულებრივი მოვალეა, როგორც ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც გამოდის გამამტყუნებელი, ანუ მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ხოლო ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მოვალის მიმართ არსებობს, უნდა აღსრულდეს, იქნება ეს „რუსთავი 2" თუ, ვთქვათ, ფიზიკური პირი როინ მიგრიაული. ამ საქმეში ერთმანეთს „დაეჯახა" ორი ღირებულება: მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ღირებულებები. მე თუ მკითხავთ, სჯობს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი იქნას გატანილი, ვიდრე მედიის საეჭვო თავისუფლება, რადგან მშვენივრად ვიცით, როგორი თავისუფალია ის მედია საშუალება, რომელმაც დღეს საზოგადოება დაზაფრა.
- როგორც იცით, „რუსთავი 2" საქმეზე სახალხო დამცველის სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ 5 ნოემბრის განჩინება ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, ვინაიდან, კომპანიის გენერალური და ფინანსური დირექტორები უფლებამოსილების შეჩერების გამო, მოკლებული არიან შესაძლებლობას განჩინება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ:
- დიახ, განჩინების ერთ-ერთმა პუნქტმა, სადაც საუბარია, რომ დროებით მმართველებს მიენიჭათ უფლებამოსილება წარმომადგენლობა განახორციელონ სასამართლოში, გააჩინა ვერსია, რომ ამით ტელეკომპანიის წარმომადგენლებს გასაჩივრების უფლება წაერთვათ. ეს არასწორი განმარტებაა, ვინაიდან განჩინებაში პირდაპირ წერია, რომ მოპასუხეებს შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები და არგუმენტაცია წარმოადგინონ საჩივარში, რომელიც შეუძლიათ განჩინების ჩაბარებიდან ხუთ დღეში აღძრან. ასევე, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც კერძო საჩივრის გასაჩივრების წესს ადგენს და ეს წესი საჩივრის მიმართაც ანალოგიურად გამოიყენება. ამ წესში წერია, რომ კერძო საჩივრით, განჩინების გასაჩივრება შეუძლია ყველა იმ პირს, ვისაც ეს განჩინება ეხება. ანუ თუ განჩინება ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ს, მას შეუძლია გაასაჩივროს ეს განჩინება და ამაში არავითარი დაბრკოლება არ შეექმნებათ. ასე, რომ აჟიოტაჟი სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვასა და გასაჩივრების უფლების წართმევაზე ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია და სხვა არაფერი.
- იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ეს საქმე სტრასბურგამდე მივა. დასავლეთიდან მიღებული მესიჯების გათვალისწინებით, რა შედეგს უნდა ველოდოთ საქმის ამგვარად განვითარების შემთხვევაში?
- სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, ამიტომ ეს საქმე საქართველოში უნდა დამთავრდეს. სასარჩელო მოთხოვნა რომ ტელეკომპანიის დახურვა ყოფილიყო, შეიძლებოდა ამაზე სტრასბურგის სასამართლოს ემსჯელა, მაგრამ დავა პარტნიორებს შორის წილებთან დაკავშირებით მიდის და ტელეკომპანიას დახურვის საფრთხე არ ემუქრება. ამგვარად, ეს საქმე სტრასბურგში არ წავა.
- პარლამენტის თავმჯდომარემ თავის განცხადებაში სასამართლოების დაპირისპირება ახსენა. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა სასამართლოების დაპირისპირება და სამართლებრივად რამდენად გამართულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები?
- საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად, მხარედ მოგვევლინა, ამიტომ მის გადაწყვეტილებებს ობიექტურად ვერ მივიჩნევ. საკონსტიტუციო სასამართლოს ბალანსზეა ბოლო ერთ თვეში ფორსირებულად მიღებული ორი უსწრაფესი გადაწყვეტილება - წარმოებაში მიღებული და დაკმაყოფილებული „რუსთავი 2"-ის სარჩელი და წარმოებაშია - მიღებული და შეჩერებულია ნორმა, რომელიც არ უნდა შეჩერებულიყო. ორიოდე წლის წინ ყოფილ მოსამართლეებთანაც მქონდა საუბარი, რომლებმაც გაოცება ვერ დამალეს საკონსტიტუცო სასამართლოს მიერ ისეთი ნორმის შეჩერებით, რომელსაც პრაქტიკაში ძალიან ხშირად იყენებდნენ. საბანკო სექტორსა და შრომით დავებში დაუყოვნებლივი აღსრულება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნორმაა კონკრეტული გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად. წარმოიდგინეთ, რომ მცირე წილის მქონე პარტნიორი კომპანიისგან საბუთებს ითხოვს (5 და მეტი პროცენტის მქონე მეწილეს ამის უფლება აქვს) და კომპანია საბუთების მიცემაზე უარს ამბობს, იმიტომ, რომ რაღაცას უმალავს მას. პარტნიორი მიდის სასამართლოში და იგებს საქმეს, მაგრამ მეორე მხარე პროცესების გაჭიანურებას ცდილობს. ასეთ შემთხვევაში სამივე ინსტანციის მოვლას შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს, პარტნიორის ინტერესი კი საბუთების დროულად მიღებაა. ადრე პირველი ინსტანცია ავალდებულებდა კომპანიის დირექტორს, რომ მოგებული მხარისთვის საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცა და ასეთ დავებში სწორედ ის მუხლი გამოიყენებოდა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა. ამ ნორმის შეჩერებით, საკონსტიტუციო სასამართლო გახდა მხარე ერთ-ერთი კომპანიის ან შეიძლება პირდაპირ ითქვას, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ.
- საკონსტიტუციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მეორე სარჩელიც შევიდა. სარჩელით იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც ურთმელიძემ 5 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობაზე. სამოქალაქო კოდექსის 271-ე მუხლი კი ითვალისწინებს, რომ შესაძლოა მოხდეს იმ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების უზრუნველყოფა, რომელიც არ არის მიქცეული დაუყოვნებლივად აღსასრულებლად. თქვენი აზრით, კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ პაპუაშვილისგან?
- არ ვიცი, რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, თუმცა ფაქტობრივად გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება ბოროტად ისარგებლოს თავისი სასამართლო ძალაუფლებით და გააუქმოს და შეაჩეროს ბევრი ნორმა. ერთ-ერთ ინტერვიუში კიდეც ვთქვი, რომ შეიძლება შეგვრჩეს მხოლოდ კანონის დასახელება, რომლის ყველა ნორმა შეჩერებული ან გაუქმებული იქნება. იმედია, საქმე ასეთ აბსურდამდე არ მივა.
9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, „რუსთავი 2"-ის სარჩელთან დაკავშირებით, მოსამართლეთა აცილების შუამდგმლობით მიმართა. საუბარია კონსტანტინე ვარძელაშვილსა და მაია კოპალეიშვილზე, რომლებსაც გავრცელებული ინფორმაციით, ახლო ურთიერთობა აკავშირებთ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია გვარამიას პირველი მოადგილე იყო მისი განათლების მინისტრობის დროს, ხოლო მაია კოპალეიშვილი გვარამიას მოადგილედ მუშაობდა ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პარლამენტს ამ ორი მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვი ეპარება და საქმიდან მათ აცილებას ითხოვს.
„განსახილველი საქმისადმი მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება, უკვე ნათლად გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე. კერძოდ: საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით, რაც „რუსთავი 2"-ის სარჩელში იყო მითითებული, „რუსთავი 2"-ის მიერ სარჩელის შეტანამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს სხვა მოსარჩელეებმა, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ ჩანიშნა განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში - 2 ნოემბერს დილით. ამავდროულად, პარლამენტს არ მიეცა შესაძლებლობა მიეღო რაიმე ინფორმაცია „რუსთავი 2"-ის სარჩელის დარეგისტრირებისა და მისი განხილვის დროის თაობაზე. სხვა მოსარჩელეებმა, 2 ნოემბრის დილითვე უარი განაცხადეს სარჩელის განხილვაზე, რამაც გამოიწვია ზეპირი მოსმენის სხდომის გაუქება. მხოლოდ ამის შემდეგ გ ავრცელდა ინფორმაცია, რომ იმავე დილით, ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე, სასამართლო გამოაქვეყნებდა გადაწყვეტილებას „რუსთავი 2"-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სადავო ნორმის დროებით შეჩერების შესახებ.
ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტელკომპანია „რუსთავი 2"-ის სარჩელის მიღების, დარეგისტრირების და შემდგომი მსვლელობის პროცესი შეგნებულად და წინასწარგამიზნულად იყო გაუმჭვირვალე, რათა სასამართლოს სწორედ 2 ნოემბერს მიეღო „რუსთავი 2"-ის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, ოღონდ ისე, რომ არ განეხილა მისი საქმე და სასურველი გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო სხვა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებით, ვიდრე 2 ნოემბერს დილით არ წარმოიშვა ახალი გარემოებები - იმავე საკითხზე სხვა მოსარჩელეების მიერ შეტანილი სარჩელების უკან გათხოვა, დაგეგმილი სხდომის ვერჩატარება და „რუსთავი 2"-ისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების სხვა საქმეზე ვერ მიღება". წერია პარლამენტის განცხადებაში.
ნელი თორდია
გაზეთი „საერთო გაზეთი"