„ეპიტიმია" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს აკრძალვას. იგი გულისხმობს სხვადასხვა სახის საეკლესიო დისიპლინარული ხასიათის სასჯელებს, მაგალითად: მარხვის დადგენა; მეტანიების შესრულება; დამატებითი ლოცვების შესრულება; განსაზღვრული დროით ზიარებისაგან თავის შეკავება და სხვა. საეკლესიო დისიპლინარული სასჯელები სამოძღვრო-პედაგოგიური ხასიათისაა და იგი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო სასჯელების დანიშნულებისა და მიზნებისაგან.
„ეპიტიმია" არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც სანაცვლო მისაგებელი ჩადენილი დანაშაულისათვის დამნაშავის დასჯის მიზნით, არამედ მისი მიზანია მონანულის სულიერი კეთილდღეობისათვის ზრუნვა და მას აღმზრდელობითი ფუნქცია აკისრია.
„იოანე ნათლისმცემლის" რუსული ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი სხირტლაძე „რეპორტიორთან" „ეპიტიმიის" შესახებ საუბრობს.
„ეპიტემია ნიშნავს საეკლესიო ლოცვის სასჯელს. არსებობს ეპიტიმიის სახვადასხვა სახეები. გააჩნია ცოდვის რანგს. არსებობს მძიმე მომაკვდინებელი ცოდვები. ამგვარ ცოდვებზე დიდი ეპიტიმიებია. ყველა ეპიტიმიის შესახებ შეიძლება წავიკითხოთ დიდ საღვთო სჯულის კანონში. იქ არის ეპიტიმიების ნუსხა. მაგალითად, გამოიყენება ერთი წელი უზიარებლობა, ჯადოქრობაზეც დაახლოებით ასეა. მრუშობაზე კიდევ სხვა უზიარებლობის ვადები აქვს და კანონები. ეპიტიმიით დასჯილს სხვადასხვა კანონების წაკითხვას ურჩევენ. ზოგ შემთხვევაში ხდება ეკლესიიდან განკვეთა. მომაკვდინებელ ცოდვებზე არის მძიმე სასჯელები, ხოლო შედარებით მცირე ცოდვებზე მცირე ეპიტიმიაა.
სასულიერო პირი მრევლს ხშრად აკისრებს ეპიტიმიას. ხშირია შემთხვევა, როცა ამა თუ იმ ცოდვაზე სასულიერო პირი ეპიტიმიას აძლევს მრევლს. თუმცა, დღეს უკვე სიყვარულის ნაკლებობისა და დროის აპოკალიპტურობის გამო ცოტათი შემსუბუქდა ეს სასჯელები და იმ რანგის დასჯას აღარ აკისრებს ეკლესია ამა თუ იმ პირს."- აღნიშნა მამა გიორგი სხირტლაძემ.
ეპიტიმიის შესახებ სასულიერო -საეკლესიო ბიბლიოთეკაში ბევრი განმარტებაა.
„თითოეულ მორწმუნეს, არა განდგომილს ეკლესიისაგან, საკუთარი მოძღვარი ჰყავს. მოძღვარი აღსარების დროს მის ყოფაქცევასა და საქმეებს გამოიკვლევს და თუ საჭიროდ ჩათვლის, მას სულიერ სასჯელს ანუ ეპიტიმიას დაადებს. თუ დაინახა, რომ მორწმუნე თავის ცოდვებს ჭეშმარიტად ნანობს და ცხადად სურს თავისი ცხოვრების გამოსწორება, უფალ იესო ქრისტეს სახელით მიუტევებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დააყენებს ზიარებისაგან, რათა უმეტესად შეინანოს და გამოსწორდეს."- ამონარიდი წმინდა ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ქადაგებიდან.