ჩემს თაობას ახსოვს დაბალი ტანის მოხუცი ჯამბაზი, მიხეილ კუზნეცოვი. საქვეყნოდ ცნობილ კლოუნს საზოგადოება „კარანდაშის" სახელით იცნობდა. იგი თბილისის ცირკშიც ხშირად გამოსულა, თავის განუყრელ პარტნიორთან - სახედართან ერთად. „კარანდაში" ცნობილი და პოპულარული თავისი თავზეხელაღებულობამდე მისული გაბედულებითაც იყო. ამის გამო, ერთხელ, ეს „დუეტი" საკმაოდ სერიოზულ უსიამოვნებას გადაეყარა.
1946 წელი იდგა. ომი ახალი დამთავრებული იყო. ნაომარ და დანგრეულ ქვეყანაში ხალხი თითქმის შიმშილობდა. სწორედ მაშინ მოხდა ეს ამბავიც.
მოსკოვის ცირკის არენაზე „კარანდაშს" ასეთი ნომერი ჰქონდა. იგი სცენაზე თავის განუყრელ სახედარზე გადაკიდებულ, ნახევრად სავსე კარტოფილიან პატარა ტომარას „დიდი გაჭირვებით" ჩამოხსნიდა ვირს ზურგიდან სიტყვებით: ესეც მოსკოვის დღევანდელი ულუფაო! ამის მერე, აუწერელი ირონიითა და სარკაზმით იწყებოდა იმ რამდენიმე ცალი კარტოფილის განაწილება მთავრობასა და ხალხს შორის. იმ დროში ასეთი საქციელი ცეცხლთან თამაშზე მეტი იყო. დანის პირზე მოსიარულე მსახიობი დახვრეტას თუ არა, ციმბირის კატორღას ისე ეთამაშებოდა, თითქოს ბერია და სტალინი სხვა ქვეყნის მმართველები იყვნენ. ეს სიგიჟემდე მისული კომიზმი კარგა ხანს გაგრძელდა და ერთ მშვენიერ დღეს, „კარანდაშის" „ლუბიანკაზე" გადაყვანით დასრულდა.
„კარანდაში" ჩასვეს. ისე გაასამართლებდნენ და გააქრობდნენ, როგორც მისი არაერთი წინამორბედი გაუყენეს მოუსავლეთის გზას - რომ არა ის წარმოუდგენელი პროტესტი, რომელიც მისმა ციხეში მოხვედრამ გამოიწვია. ცნობილი კლოუნის დაპატიმრების ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა.
დაუჯერებელია, მაგრამ ამ ამბის გახმაურების შემდეგ არ გაყიდულა არც ერთი ბილეთი საცირკო წარმოდგენაზე, არც სხვაგან - კინოდარბაზებსა და თეატრებში. ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა სპორტული ღონისძიებების ჩატარების ბედიც. ხალხი არცერთ ასეთ ღონისძიებაზე ბილეთს აღარ ყიდულობდა. ისედაც გაჭირვებული ქვეყნის ხაზინა მილიონებს კარგავდა. ჩუმი, „სახლში დამჯდარი" პროტესტი სადამდე მივიდოდა, არავინ იცის. „სტალინის მონებმა" პროტესტი გაბედეს, რაც სახუმარო აღარ იყო.
რასაკვირველია, მდგომარეობა ბელადსა და „ხალხების მამას" პირველ რიგში მოახსენეს. „შეურაცხყოფილი" პოლიტბიურო „კარანდაშის" სამაგალითო დასჯას ითხოვდა. ჰიტლერის დამმარცხებელსა და ნახევარი მსოფლიოს მუხლებზე დამყენებელს ვიღაც „კლოუნმა" უკადრებელი აკადრა.
სტალინს დიდხანს არ უფიქრია და... „კარანდაში" გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს და ცირკშიც დააბრუნეს - თავისი სახედრიან-კარტოფილისტომრიანად.
იოსებ ბესარიონოვიჩს ჭკუა-გონება სხვისი სამყოფიც ჰქონდა. სახლიდან რატომ არ გამოდიხართ და კინოს ბილეთს რატომ არ ყიდულობთო, ამისთვის მთელ რუსეთს ვერ დასჯიდა. თანაც ასეთი, ერთსულოვანი „სიჩუმეც" დიდი აფეთქების მომასწავებელი გახლდათ. ესეც არ იყოს - „კარანდაშის" დაპატიმრება ვისაც არ უნდა დაბრალებოდა, მისი გამოშვება პირდაპირ სტალინის სახელთან იქნებოდა დაკავშირებული - როგორც უსამართლოდ დაჩაგრულების მოსარჩელესა და კულტურის მოამაგესთან. ისიც სათქმელია, თუ რა ძნელი მისახვედრი და გასაანალიზებელი იქნებოდა ეს ყველაფერი, სტალინის „სარატნიკების" ტვინისა და გონებისათვის.
ვიღაც იტყვის - მერე რაო?!
რაო, ჩემო ბატონო და... ბევრი ტაში რგებია ქართულ კულტურას, ხელოვნებას, ჩვენი ქვეყნის ისტორიულ, მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურის გამამდიდრებელ ფაქტებსა და ამბებს, მაგრამ არავის, არსად, არასდროს აზრად არ მოსვლია, ერთი დიდი ტაში დაეკრა ქართველი ხალხის უსაზღვრო მოთმინებისთვის.
არადა - ეკუთვნის!
წყარო: sputnik-georgia.com, მერაბ ხაჩიძე