ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გია ბურჯანაძე თაღლითობის სქემაზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს აზარალებს. გთავაზობთ ამონარიდს „ალიასთან" ინტერვიუდან:
„გავშიფრეთ კიდევ ერთი თაღლითური სქემა, რომელიც ავტომობილებს ეხება, კონკრეტულად ავტომობილების ტრანზიტს საქართველოდან თურქეთში. სქემა ასეთია: ჩამოდის თურქი მოქალაქე საქართველოში, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ ავტომობილი გადაიყვანოს საქართველოდან თურქთეთში. მაგალითისთვის „ე" კლასის „მერსედესი", რომლის საბაზრო ღირებულებაც 4 ათასი დოლარია. იგივე ავტომობილი, თურქეთის ტერიტორიაზე იყიდება 8-დან 12 ათას დოლარამდე. ამ ფასნამტში შედის განბაჟება და ა.შ. ხდება ასეთი რამ - როცა თურქეთის მოქალაქე ჩამოდის საქართველოში, გადის რომელიმე საავტომობილო ბაზარზე, ყიდულობს ავტომობილს, იფორმებს. ცოტა ხანში, ეს პიროვნება აკეთებს განაცხადს, რომ მან დაკარგა ტექნიკური პასპორტი. ამ პასპორტს საპატრულო სამსახური 5 წუთში, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე უმზადებს მას. გამოდის, რომ ავტომობილის თურქი მფლობელი, ერთი ავტომობილის ორ ტექპასპორტს ფლობს. ამის შემდეგ ეს ადამიანი აკეთებს გენერალურ მინდობილობას ქართველზე, ამ ადამიანს ეს ავტომობილი გადაჰყავს თურქეთში, თვითონ კი, ეს ავტომობილის გადამყვანი უკან ბრუნდება აუცილებლად თვითმფრინავით, რომ სარფის საბაჟოზე აღარ გაიაროს. მოქმედი კანონმდებლობით კი, თუ მანქანით გადახვალ, არ გაქვს უფლება, უკან მანქანის გარეშე დაბრუნდე... ამ სქემით ისევ და ისევ ბიუჯეტი ზარალდება, იმიტომ, რომ როდესაც უცხოელი ყიდულობს მანქანას, ის საზღვარზე უნდა გადავიდეს ტრანზიტული ნომრით, უნდა გადაიხადოს განბაჟების ფული, სწორედ ამ ფულს არ იხდიან ასეთი თაღლითობით, რაც აზარალებს ქვეყანას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
წყარო: „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)