პარასკევს , საღამოს პარიზში მომხდარ სისხლიანმა ტერაქტებმა წინ წამოსწია ზუსტად ერთი დღით ადრე, ბეირუთში მომხდარი საშინელი აფეთქების ამბავი. ხუთშაბათს, ლიბანში მომხდარ ტერაქტს, რომელსაც 40 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა და რომელიც მსოფლიოს, თითქოს, ყურადღების მიღმა დარჩა, მედიამ ახლახანს მიაპყრო ყურადღება და ამ ამბის გმირიც აღმოაჩინა.
ადელ ტერმოსი თავის პატარა ქალიშვილთან ერთად ბეირუთის სამხრეთ რაიონში, ღია ცის ქვეშ მოწყობილი ბაზრობის ტერიტორიაზე სეირნობდა, როცა არეულობა დაიწყო. თვითმკვლელმა ტერირისტმა თავი აიფეთქა, იქაურობა სისხლში ცურავდა, მიწაზე მოკლული და დაჭრილი ხალხი ეყარა. ადელმა დაინახა, რომ იქვე, მეორე თავდამსხმელი ემზადებოდა თავის ასაფეთქებლად. მან უცბად მიიღო გადაწყვეტილება და სანამ თვითმკვლელი შეგროვილი ხალხისკენ წავიდოდა თავის ასაფეთქებლად, თავს დაესხა, მიწაზე დააგდო და სხეულით გადაეფარა . ბომბი აფეთქდა და ადელ ტერმოსი დაიღუპა, მაგრამ გადარჩა 100-ზე მეტი ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია ქალიშვილის დაღუპვის შესახებაც, მაგრამ როგორც შემდგომში გაირკვა, ბავშვი გადარჩა და კარგად არის.
სოციალური ქსელის მომხმარებლები აკრიტიკებენ მსოფლიო მედიას სხვა ქვეყნებში მომხდარი, პარიზის მსგავსი ტერაქტების იგნორირების გამო.
"ძვირფასო ფეისბუქო, მშვენიერია ფრანგული დროშა, მაგრამ როგორ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ბეირუთელი ხალხის მიმართ?"
"43 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა ულამაზეს ბეირუთში და ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით", "შემძრა პარიზში მომხდარმა ტრაგედიამ, მაგრამ უარესად შემძრა იმან, ერთი დღით ადრე მომხდარმა ასეთივე სისხლისღვრამ ასეთი მცირე ყურადღება დაიმსახურა.",
"ძალიან მიჭირს იმის გაგება, რატომ მოხდა იგნორირება ბეირუთში, მამაჩემის სამშობლოში მომხდარი ანალოგიური ტრაგედიის".
"დღეს მე პარიზის გვერდით ვარ, ორი დღის წინ, ბეირუთელი ხალხის გვერდით ვიყავი. RIP ადელ"-წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.
წყარო: fostalioni.ge