„კონსტიტუცია ათავისუფლებს, კოდექსი სჯის", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი". სტატიაში წერია, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, მოსამართლეები 3 კვირაა საგონებელში არიან ჩავარდნილები, რადგან ვერ გაერკვნენ, გადაწყვეტილების მიღების დროს კონსტიტუციას დაეყრდნონ თუ სისხლის სამართლის კოდექსს.
„მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გვეუბნება, თუ პირს 5 გრამამდე მარიხუანას აღმოუჩენენ, ეს არის მცირე ოდენობა და მისი მოხარება პირველ ჯერზე ისჯება ჯარიმით, მხოლოდ განმეორების შემთხვევაში ხდება ის სისხლის სამართლის დევნის საგანი ხდება. სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება 5 გრამი მარიხუანის აღმოჩენიდან და თუ მისი ოდენობა 50 გრამს არ აღემატება, ითვლება, რომ ის მცირე რაოდენობაა. 50 გრამიდან 500 გრამამდე კი დიდი ოდენობაა და ისჯება 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ცოტა ხნის წინ ეს ნორმა შეიცვალა და 8 წლამდე შემცირდა... 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 70 გრამი მარიხუანა არ არის ის ოდენობა, რომ პირს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე, ამიტომ მოსამართლეები ახლაც იმტვრევენ თავს, რით უნდა იხელმძღვანელონ მსგავსი ქეისის დროს", - წერია სტატიაში.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში კი ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ჯერ უცნობია, როდის იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. იურისტები კი პარლამენტს სწრაფად რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)