სააგენტო „ასოშიეთედ პრესის" ინფორმაციით, პარიზში მომხდარ ტერაქტებამდე ერთი დღით ადრე, ერაყის დაზვერვამ დაგეგმილი ტერაქტების შესახებ საერთაშორისო კოალიციის ქვეყნებს ინფორმაცია მიაწოდა.
ერაყის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ამ ქვეყნებში გაიგზავნა დეპეშა, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ კოალიციის წევრ სახელმწიფოებზე, მათ შორის საფრანგეთსა და აშშ-ზე, ასევე რუსეთსა და ირანზე დარტყმების მიტანის ბრძანება გასცა. დეპეშაში არ იყო მითითებული დაგეგმილი თავდასხმების ზუსტი დრო და ადგილი.
„ასოშიეითედ პრესის" ინფორმაციით, რამდენიმე ერაყელმა მაღალჩინოსანმა სააგენტოს დაუდასტურა, რომ ოფიციალურმა ბაღდადმა საფრანგეთი პოტენციურ რისკებზე წინასწარ გააფრთხილა. მედიის ინფორმაციით, ფრანგულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ დაიგეგმა თავდასხმები სირიის ქალაქ რაყაში. დაზვერვის ცნობით, სირიიდან ტერორისტები გაიგზავნენ საფრანგეთში, სადაც მათ მხარდამჭერები დახვდნენ. ოპერაციაში ჩართული იყო 24 ადამიანი - 19 შემსრულებელი და 5 თანაშემწე და ორგანიზატორი.
ამას გარდა, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა იბრაჰიმ ალ-ჯაფარიმ საჯაროდ დაადასტურა, რომ ერაყის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ინფორმაცია საფრანგეთს, აშშ-სა და ირანს, რომ აღნიშნული ქვეყნები ტერორისტების სამიზნეში მოხვდნენ.