„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი, რომელიც სახელმწიფო კანცელარიის წინ თავის აქტივისტებთან ერთად უკვე კვირაზე მეტია შიმშილობს, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს და გაკვირვებას ვერ მალავს, რომ „ქართულ ოცნებაში" თინა ხიდაშელის პირადი მონები ჭარბობენ:
- ფაქტია, რომ საქარველოს თორმეტმა არასაპარლამენტო პარტიამ საგანგებო განცხადებით დაადასტურა საგარეჯოში არჩევნების გაყალბება. ფაქტია ისიც, რომ არჩევნები გააყალბეს თინა ხიდაშელმა, გიგლა აგულაშვილმა და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ". ჩვენი შტაბის წევრებმა კიდევ ერთხელ გააანალიზეს ოქმები და აღმოჩნდა, რომ ათი უბნის ოქმში, სადაც არჩევნები მე მოვიგე, თარიღი სპეციალურად არასწორად შეავსეს, რათა საჭიროების შემთხვევაში ათივე გაეუქმებინათ და ეთქვათ - „აი, არასწორად არის ოქმები შევსებულიო!" ეს იყო ხიდაშელ-აგულაშვილის სათადარიგო გეგმა, მაგრამ ამ შემაჯამებელი ოქმების გაბათილება არ დასჭირდათ, რადგან დაატერორეს იორმუღანლო და ჯარისკაცების ხმების 100 პროცენტი მთლიანად თინათინ ხიდაშელმა წაიღო. შემაჯამებელი ოქმების მიზანმიმართული გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და აუცილებლად მივმართავ პროკურატურას, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
- და მაინც, ხელისუფლებამ გაგიყალბათ არჩევნები თუ რესპუბლიკელებმა?
- დიახ, არჩევნები ხელისუფლებამ გამიყალბა, ხოლო რესპუბლიკელებსა და „ქართულ ოცნებას" ერთმანეთისგან არ ვმიჯნავ! თავიდან ვაცხადებდი, რომ საგარეჯოში მიპირისპირდებოდა არა „ქართული ოცნება", არამედ რესპუბლიკელები, მაგრამ ხელისუფლებამ თვითონ გააპროტესტა ეს ამბავი და თქვა, რომ ისინი არიან ერთნი. ჰოდა, მეც ერთიანად, მთელ ხელისუფლებას ვაკისრებ პასუხისმგებლობას არჩევნების გაყალბებაზე!
- ამ ეტაპზე რას ითხოვთ?
- რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ემუქრება საფრთხე, პირადად ჩემმა საკითხმა გვერდზე გადაინაცვლა. ახლა მთავარია არჩევნების გამყალბებლების - ხიდაშელისა და აგულაშვილის გადაყენება და დასჯა. უნდა აიკრძალოს გამგებლების, პოლიციის უფროსების, სოფლის რწმუნებულებისა და მერების მონაწილეობა საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში ერთი კანდიდატის სასარგებლოდ; არჩევნებში მონაწილეობის მიღება უნდა გახდეს სავალდებულო, ხოლო საარჩევნო კომისიაში პარტიებს შორის დაცული უნდა იყოს პარიტეტი.
- ემზარ კვიციანმა თქვა, - კანცელარიის წინ ჩვენ მაგივრად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები რომ შიმშილობდნენ, მთელი ელჩები დღედაღამ აქ იქნებოდნენო...
- გეთანხმებით, რომ უცხოეთის ელჩები ჩვენს პროტესტს იმაზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე სექსუალური უმცირესობის, „რუსთავი-2"-ისა თუ სხვადასხვა კონფესიებისა და სექტების დაცვას! თუმცა, გეტყვით, რომ თხუთმეტზე მეტი საელჩოს წარმომადგენელი მაშინვე შეიკრიბა ჩვენი პარტიის ოფისში, როგორც კი არჩევნები დამთავრდა, პირველი ბრიფინგი ჩავატარეთ და შიმშილობა დავიწყეთ!
- მერედა, როგორი იყო მათი რეაქცია?
- მათ რეაქცია არ ჰქონიათ, მხოლოდ გვისმენდნენ... თუმცა, მათ მაინც მოუწევთ ჩვენით „დაინტერესება"!
- როგორ, რანაირად?
- დღეს აქ 70 კაცი შიმშილობს, ხოლო სამ-ოთხ დღეში ორასი-სამასი ადამიანი დაჯდება საშიმშილოდ და ქართველ ერს უპრეცედენტო აქციას შევთავაზებთ.
- როგორ ფიქრობთ, გაუძლებთ და რესურსი გეყოფათ? ახლა თქვენსა და ხელისუფლებას შორის ნერვების ომია დაწყებული...
- გეთანხმებით, რომ ნერვების ომია, მაგრამ ჩვენ ამ ჯიუტ ხელისუფლებას ბოლომდე გავყვებით და უკან დახევა არ იქნება!
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ახლა ორ ცეცხლს შუა არის მოქცეული?
- ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და თუ ვინმე ურჩევს, რომ იგნორირების გზა მისთვის უმჯობესი იქნება, მწარედ ცდება. მის ადგილზე ჩამოვიდოდი და მოშიმშილეებს დაველაპარაკებოდი. 18 ათასი კაცი გამოვიდა 8 ნოემბერს მიტინგზე და მერწმუნეთ, მომავალ კვირაში აქცია რომ დავნიშნოთ, 25 ათასზე ნაკლები ქუჩაში არ გამოვა. პრემიერმა ფანჯრიდან არ უნდა უყუროს გაყინულ ადამიანებს, ჩვენ ასეთ ქვეყანაზე არ „ვოცნებობდით".
- თვითონ რესპუბლიკელებში რა ხდება?
ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთის წნეხს ვერ გაუძლო და ხელისუფლების დიდი ნაწილი რესპუბლიკელებს გადასცა. პირდაპირ ვაცხადებ - თინა ხიდაშელი, როგორც თავდაცვის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის წარმოადგენს რეალურ საფრთხეს! მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში ხდება ის, რომ ჯარი 100 პროცენტით ხმას აძლევს კიმ ჩენ ირს! რესპუბლიკელებს შექმნილი ჰქონდათ განათლებული და დემოკრატი ხალხის ყალბი იმიჯი, სინამდვილეში ისინი არიან უზნეო, უპრინციპო, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ვიწრო პარტიული მიზნების განსახორციელებლად საკუთარ დედას გაყიდიან!
- 2012 წლის 1 ოქტომბერს „ოცნებამ" რესპუბლიკელები „მიიწება", მაგრამ დავიჯერო, მათ 2016 წელსაც „მიიწებებენ"?
- როგორც ვატყობ, „მიიწებებენ!" მაგრამ ერთმანეთთან „მიწებებულ" „ქართულ ოცნებას" და რესპუბლიკელებს მაინც მოუწევთ „პატრიოტთა ალიანსის" მიერ წამოყენებული მოთხოვნების გათვალისწინება. თუ ასე არ მოხდება, მაშინ ეს ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებამდე საერთო სახალხო აჯანყებას მიიღებს! წვიმაში, როცა შიმშილობის ყველაზე მძიმე დღეები გვქონდა, კანცელარიის წინ ღამით ლამპიონები გათიშეს და სასწრაფო დახმარების მანქანა მანამდე არ გამოგვიყვეს, სანამ მთელი ქვეყანა ამაზე არ ალაპარაკდა. ამას სააკაშვილიც აკეთებდა და რა შეიცვალა? ამიტომაც არ დავთმობთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ შიმშილობის პერმანენტულ აქციას! აი, ამ ტერიტორიაზე სადაც ახლა ვართ, 200 ადამიანი დაჯდება და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით შიმშილობას გამოაცხადებს! საგარეჯოში, ქობულეთში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში - ყველგან შიმშილობენ... გორში პოლიციამ ჩვენი მხარდამჭერები დაარბია და კარვები დაუშალა. როცა წვიმს, რა პრობლემაა, რომ მომიტინგეებისთვის კუსტარული თავშესაფარი გაკეთდეს? ზამთარში პროტესტის გამოხატვა არ შეიძლება თუ რაშია საქმე?
- ირმა, ხიდაშელი და აგულაშვილი თავისი ნებით გადადგებიან?
- არა, ნებით არ გადადგებიან და არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ ღარიბაშვილი ამათ დღე-ნახევარში გადააყენებს, მაგრამ მე ჩემი ბრძოლის ტაქტიკა მაქვს. ძალიან დიდი პატივი იქნება თინა ხიდაშელისა და აგულაშვილისთვის ჩემი შიმშილობა... ჩვენ საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის ვშიმშილობთ, თორემ თინა ხიდაშელსა და აგულაშვილს პირადად მოვუვლი ქუჩიდან და ეთერიდან!
- ირმა, როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების შემდგომი განვითარება?
- ჩვენს მოთხოვნებს უკან არ წავიღებთ და შიმშილობას არ შევწყვეტთ! არ გამოვრიცხავ, უახლოეს ორ კვირაში ან ათ დღეში კიდევ ერთი დიდი აქცია გავმართოთ, რომელსაც უფრო მეტი ხალხი შემოუერთდება. ერთი რამ ფაქტია - თინა ხიდაშელი მთელ მთავრობას დირიჟორობს და შიმშილობის აქციაზე „ქართული ოცნების" დეპუტატებს არ უშვებს! ისე, ვერ ვიფიქრებდი, თუ „ქართულ ოცნებაში" თინა ხიდაშელსა და რესპუბლიკელებს ამდენი მონა ეყოლებოდათ! გულწრფელად მიხარია, რომ თინა ხიდაშელის მონებთან პარლამეტში არ ვიქნები. მეგონა, „ქართული ოცნების" უმრავლესობა ჩემი თანამოაზრე იყო, მაგრამ, თურმე, ასე არ ყოფილა და, მადლობა უფალს, ეს გავიგე!
ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"