გაზეთი „პრაიმტაიმი" 130-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე წერს, რომელიც ფერადკანიან მიმი ჩინეკეს შეემთხვა. მას თანაკლასელმა შემდეგნაირად მიმართა: „შენი ადგილი ამ საზოგადოებაში არ არის, წადი აფრიკაში". რეპლიკის საფუძვლად დირექტორიც, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მიმის ქცევებს ასახელებენ, რაც გაკვეთილის პროცესში ხელის შეშლას გულისხმობდა. ორივე მხარეს თავისი ვერსია აქვს, თუმცა ფაქტი ერთია, ჩინეკემ მსგავსი ტიპის რეპლიკების გამო სამი სკოლა გამოიცვალა.
საკუთარი შვილის უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს მიმის დედა, რუსა ამირეჯიბი. ის ასევე მიმართავს ყველა საელჩოს და მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობებს.
„საქართველოში ფერადკანიან ბავშვებს ჩაგრავენ და სკოლა მათ არ იცავს. ბევრი დედა მწერს იმავე პრობლემისგან გულნატკენი და შეწუხებული. ეს პირველი შემთხვევა არაა: ჩემს შვილს წინა სკოლებშიც ზანგს ეძახდნენ, იყო ამის არაერთი შემთხვევა. ეს ყველაფერი მასწავლებლებისა და სკოლის პრობლემაა. თუ მასწავლებელს ტოლერანტობის განცდა არ აქვს, ის მასწავლებელი არ უნდა იყოს", - განაცხადა ამირეჯიბმა.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)