ამერიკულმა საჰაერო ძალებმა, 16 ნოემბერს, სირიაში პირველად მიიტანეს იერიში ავტოტრანსპორტზე, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" ნავთობის გადაზიდისათვის იყენებს.
აშშ-ის საჰაერო ძალებმა დაბომბეს ცისტერნები, რომლებითაც „ისლამურ სახელმწიფოს" სირიაში დაპყრობილი ტერიტორიებიდან ნავთობი გადაჰქონდა, - აღნიშნულის შესახებ The „New York Times" წერს. ავიაიერიშების შედეგად, 295 სატრანსპორტო ცისტერნიდან, 116 ცისტერნაა განადგურებული.
აღნიშნული ავიაიერიშები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი ოპერაციის ნაწილია, რომელიც იმ ინფრასტრუქტურის განადგურებას ისახავს მიზნად, რომლიდანაც „ისლამური სახელმწიფო" ნავთობით მარაგდება.
აქამდე, აშშ ცისტერნების აფეთქებისგან თავს იკავებდა, რათა უდანაშაულო მოქალაქეები არ დაზარალებულიყვენნ. უპილოტო მოწყობილობების საშუალებით მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ისლამური სახემლწიფო" ათას ცალ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს ნავთობის ტრანსპორტირებისათვის.
აშშ-ის შეფასებით, „ისლამური სახელმწიფო" ნავთობის ექსპორტიდან ყოველთვიურად 40 მილიონ აშშ დოლარს იღებს. ტერორისტების ეკონომიკური ინფრასტრუქტირის გასანადგურებლად, ვაშინგტონი ახალ ოპერაციას „მოქცევის ტალღა II"-ს იწყებს.