არჩილ მღებრიშვილი: თავს ბედნიერად ვთვლი, რომ ხუთი წლის განმავლობაში მასთან ვმსახურობდი!
ზემო წყნეთში, ავტობუსის ბოლო გაჩერების სიახლოვეს, ღობემოშლილი, ყვითელი ფოთლებით დაფარული ეზო თითქოს გამვლელებს იწვევს. ეზოს მარჯვენა კუთხეში, ცემენტით ნალესი სახლის აივნიდან ქარი ფარდას აფრიალებს, აივანზე ხის გატეხილი ტახტი და მორყეული პატარა მაგიდა დგას. ეზოში ხეებს შორის გაბმული ჰამაკიც ჩამოხეულია. სახლის წინ მდებარე წყლის ონკანიდან გამვლელი ავტომანქანების მძღოლები წყურვილსაც იკლავენ და წყალს საგზლად ჭურჭელშიც იღებენ.
ამ ეზოში სწორედ იმ დროს შევედი, როდესაც მორიგი მძღოლი, პლასტმასის ბოთლით ხელში, უკან ბრუნდებოდა. ჩემდა გასაკვირად, ამ კაცმა არ იცოდა, ვისი ეზოს წყლით ითქვამდა სულს... შაბათი იყო, ნოემბრის სუსხიანი დღე, საქართველოს პოეტების მეფის - გალაკტიონის ეზოში ვიდექი, ცივი ქარი ქროდა, ფოთლებს ატრიალებდა, ნახევრად მოშვებული ონკანიდან ჩამოსული წყლის წვეთებიც ქარს მიჰქონდა - არასოდეს ისე მარტო არ ყოფილა გალაკტიონი, როგორც ახლა, მისი დაბადებიდან 124-ე წლისთავზე... ჩვენი სტუმარი, გალაკტიონ ტაბიძის ყოფილი მძღოლი არჩილ მღებრიშვილი თვალცრემლიანი იხსენებს თავის „ხაზეინს", რომელთანაც ხუთი წლის განმავლობაში იმსახურა:
- ორიოდე დღის წინათ სიზმარში გალაკტიონი ვნახე - სადღაც ვქეიფობდით. 17 ნოემბერს დაბადების დღე აქვს, 124 წელი უსრულდება. თავს ბედნიერად ვთვლი, რომ ხუთი წლის განმავლობაში მასთან ვმსახურობდი - 1952-დან 1957 წლამდე, ყოველღდე ერთად ვიყავით, მისი თითოეული ნაბიჯი ვიცოდი. ეს იყო ბუმბერაზი კაცი, ძალიან თავისებური და, რა თქმა უნდა, ძალიან ნიჭიერი. სახლი ზემო წყნეთში ჰქონდა, ყოველ დილით ავდიოდი, ჩავისვამდი მანქანაში და თბილისში, მწერალთა კავშირში მიმყავდა. გადასახდელსახურავიანი „პობედა" ჰყავდა, რძიანი ყავის ფერი, ნომრით 05-58 ГРХ. ეს იყო არა სახელმწიფოსგან გამოყოფილი მანქანა, არამედ საკუთარი. ტარება არ იცოდა, არც უცდია, რომ ესწავლა - არ უნდოდა.
- გალაკტიონმა წყნეთში გაგიცნოთ?
- არა. ფიზკულტურის კომიტეტში მძღოლად მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, როდესაც მინისტრმა გიორგი სიხარულიძემ თავის კაბინეტში დამიძახა და გალაკტიონ ტაბიძე გამაცნო. რა თქმა უნდა, გალაკტიონს გარეგნობით ვიცნობდი. მინისტრსაც ხელი ჩამოვართვი და მასაც. საქმე ის იყო, რომ გალაკტიონს მინისტრისთვის უთხოვია, ერთი წესიერი წყნეთელი ბიჭი ჩემს მანქანაზე მინდა დავსვა, წინა მძღოლი გავუშვი, სახლში რომ მომიყვანდა, მერე, თურმე, „ხალტურაზე" ორჯონიკიძეში დადიოდაო... სიხარულიძემ მითხრა, შენი გაშვება რა მინდა, მაგრამ გალაკტიონს უარს ვერ ვეტყვი, თან კარგ ჯამაგირსაც მოგცემს, 100 მანეთსო. მაშინდელი ასი მანეთი ათასს უდრიდა, ხორცი და ყველი 2 მანეთი ღირდა. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. გალაკტიონმა თავიდანვე გამაფრთხილა, დაფიცებული მაქვს, მძღოლს მანქანას სახლში არ ვატან, როცა მომიყვან, გარაჟში დააყენე, წადი, დილით ისევ მოხვალ და თბილისში ჩამიყვანო. ასეც ვიქცეოდი.
- გალაკტიონი თქვენი სახლიდან შორს ცხოვრობდა?
- არც ისე შორს, ზემო წყნეთში, ტყის პირას, ავტობუსის ბოლო გაჩერებასთან. მასთან ერთად ცხოვრობდა მისი მეუღლე, ქალბატონი ნინა და გერები. ძალიან კარგი ხალხი იყო. თუ არ ვცდები, ახლა იმ სახლში გალაკტიონის გერების შვილიშვილები ცხოვრობენ. უყვარდა ეზოში ტრიალი, შემოდგომაზე, როდესაც აცივდებოდა, ნაბადს წამოისხამდა და სახლის უკან ტყეში შედიოდა. კალამი და ფურცელი თან მიჰქონდა. როცა ლექსს წერდა, რამდენჯერაც უნდა დაგეძახა: ვასილიჩ, გალაკტიონ... - ხმას არ გაგცემდა. ლექსს რომ დაწერდა, ტყიდან მობრუნდებოდა და მეტყოდა: არჩილ, ხომ იცი, მუზა როცა მომდის, არაფერი მესმისო. ლექსს ხან სიგარეტის კოლოფზე წერდა, ხან - კონიაკის ეტიკეტზე, დეპეშის ფურცელზე. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა: იმ წლებში, როცა გალაკტიონთან ვმუშაობდი, 62-63 წლის კაცი იყო, ათას ჭირ-ვარამ და ტანჯვაგამოვლილი, თავის სისუსტეებს უკვე ღიად ამჟღავნებდა, წარსულის ტკივილს ვეღარ მალავდა. ჩავსხდებოდით მანქანაში, სახლიდან ას მეტრში კიოსკთან გამაჩერებინებდა, გადავიდოდა და 100 გრამ კონიაკს დალევდა. ქვემოთ კიდევ გამაჩერებინებდა, იქაც დალევდა, მერე ფილარმონიასთან - ისევ 100 გრამს. გამყიდველებმა იცოდნენ, გალაკტიონს მათთან როდის უნდა შეევლო და უკვე გამზადებულ 100 გრამ კონიაკსა და მურაბიან „ბალიშა" კანფეტს ახვედრებდნენ - სამვარსკვლავიან კონიაკში 3 მანეთსა და 80 კაპიკს იხდიდა, კანფეტში - 20 კაპიკს. სულ 4 მანეთს. ერთხელ ვკითხე - ვასილიჩ, ასეთი ბუმბერაზი კაცი ხარ, კონიაკს თავს რატომ აკვლევინებ-მეთქი? რომ მახსენდება, თვალზე ცრემლი მადგება. იცით, რა მითხრა? - ეჰ, შვილო, ნეტავ დედაჩემს მძღოლად გავეჩინე და შენსავით მეც ღვიძლი შვილები მყოლოდაო... ძალიან განიცდიდა, რომ საკუთარი შვილები არ ჰყავდა, სამჯერ დაქორწინდა და შვილი არ გაუჩნდათ. ისიც მიამბო, როგორ უყვარდა თავისი პირველი ცოლი (ოლღა ოკუჯავა), როგორც განიცდიდა მის დაკარგვას.
ერთხელ მიამბო, თბილისში, თავის სახლში ღამის 2 საათზე როგორ მიაკითხეს უშიშროებიდან და უთხრეს - დიდი ბოდიში, ბატონო გალაკტიონ, დავალებას ვასრულებთ, თქვენ და თქვენი მეუღლე უნდა წაგიყვანოთ, ჩაიცვითო. იმ ღამეს გალაკტიონი და ოლღა ოკუჯავა სატვირთო მატარებლის ვაგონში ჩასხეს (რომლითაც შეშა და მორები გადაჰქონდათ) და მოსკოვში ჩაიყვენეს. გაუფრთხილებიათ, სანამ ვაგონს შევავსებთ და ციმბირისკენ წავალთ, რამდენიმე დღე აქ შევჩერდებითო. დილის 6 საათზე გალაკტიონი ქალის ფეხსაცმლის ბაკუნს გაუღვიძებია.: სტალინის სახელზე მაშინვე წერილი დაუწერია და იმ ქალისთვის უთხოვია, ქართველი პოეტი ვარ, ნუ დამზარდები, ეს წერილი სტალინის ფოსტაში ჩააგდეო. სამი დღის შემდეგ გალაკტიონი კრემლში მიიყვანეს. სტალინს სულ ცოფები უყრია, გალაკტიონის მსგავს ხალხს როგორ აპატიმრებთო. მერე თავისი შიდა ტელეფონის ნომერი მიუცია - ყოველთვის შეგიძლია დამიკავშირდეო. გალაკტიონს უთქვამს, ჩემი მეუღლეა დაპატიმრებულიო. სტალინს ოლია ოკუჯავას მიყვანაც უბრძანებია, მაგრამ ხელქვეითებს უთქვამათ, მის მეუღლეს მეორე ღამეს გული გაუსკდა და გარდაიცვალაო. სტალინს მწუხარება გამოუთქვამს: მკვდარს ვერ გაგიცოცხლებთ, მაგრამ თქვენ თავისუფალი ხართო. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ იმ ღამით გალაკტიონის მეუღლე არ გარდაცვლილა, შემდეგ დაუხვრეტიათ. მთელი ცხოვრება ეს ტკივილი სტანჯავდა, რომ ვერ უშველა, რომ ვერაფრის გაკეთება შეძლო. როცა ეს ამბავი მიამბო, მითხრა - ყოველივე ამის შემდეგ აღარც ცხოვრება მინდა, არც მწერლობა და, საერთოდ, არაფერიო. ამიტომაც აღარ მიკვირდა, უკვე ასაკში შესული სმას რომ იყო მიძალებული.
არავინ იფიქროს, რომ გალაკტიონი ლექსებს ნასვამი ქმნიდა - არა, ის ფხიზელი წერდა, თუ დალევდა, წიგნს ვეღარ ამთავრებდა. ამის გამო ერთხელ ასეთი ფაქტი მოხდა: მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ირაკლი აბაშიძემ დამიძახა, გალაკტიონს კიოსკებთან აღარ გაუჩერო, არ დალიოს, წიგნი აქვს დასამთავრებელიო. წამოვედით წყნეთიდან, არცერთ კიოსკთან არ გავაჩერე, ფილარმონიასთან რომ მოვედით, საჭეს ხელი წაავლო (მაშინ დიდი მოძრაობა არ იყო) - კაცი არა ხარ, ღმერთი არა გწამს, გამიჩერეო. კითხვა შევუბრუნე, ყურში არ მესმის, ვერ გავიგე, გაჩერება გინდოდათ-მეთქი? - აქამდე ხომ აჩერებდი, ყრუ თუ ხარ, ვინ მოგცა მართვის მოწმობაო? გავაჩერე. დალია ერთი ჭიქა და მითხრა - ფილტვები გამეშალაო. ერთხელ სილაც გამარტყა. მითხრა - წყნეთის ტყეში წამიყვანე, ლექსი უნდა დავწეროო. წავიყვანე, მაგრამ ღრმად ვეღარ შევედი, სამანქანო გზა აღარ იყო. ამიხირდა - გალაკტიონს უარს როგორ ეუბნები, მუზას უფრთხობ, სიღრმეში შედიო... რა ვქნა, მანქანა ვეღარ მიდის-მეთქი. გაბრაზდა და სახეში გამარტყა. რა თქმა უნდა, ხელი არ შემიბრუნებია. უცებ გამოფხიზლდა, მანქანიდან გადახტა, ხევი დაინახა და მიხვდა, რომ სიღრმეში ვეღარ შევიდოდით. მოვიდა, გადამეხვია, ბოდიში მომიხადა, წავკისში შალიკოს დუქანში წავიდეთო. ღვინო, მწვადი და ცივად მოხარშული დედალი მოატანინა, ჩვენი შერიგების პურმარილია, გგონია, გალაკტიონმა შენი ფასი არ იცის ან ვერ ხვდება, რაც მიჰქარავო? სწორედ მაშინ მითხრა - არც მთავრობას ვუყვარვარ, არც მწერალთა კავშირსო. ისიც მითხრა, რომ ყველაზე გამორჩეულად გოგლა ლეონიძე უყვარდა - ნამდვილი ვაჟკაცია, მთვრალი რამდენჯერ ვუნახივარ, საყვედური ერთხელაც არ დასცდენიაო... მწერალთა კავშირში როცა საკითხი დააყენეს - გალაკტიონი სმას თუ თავს არ დაანებებს, გავრიცხოთო, გოგლას უთქვამს - დავუშვათ, გავრიცხეთ გალაკტიონი, მერე რას ვშვრებითო? უკითხავთ - მერე რა, გალაკტიონის გარეშე მწერალთა კავშირი ვერ იარსებებსო? გოგლას შეუთავაზებია, მაშინ ამ კავშირს სახელი გადავარქვათ, არამსმელ და ფხიზელ მწერალთა კავშირი დავარქვათ, გალაკტიონი კი, გინდა წევრი იყოს, გინდა - არა, მაინც გალაკტიონად დარჩებაო. იმათ იკითხონ, ათტომეულები რომ აქვთ გამოცემული, მაგრამ გალაკტიონის ერთი ლექსის დარი ჯერაც არაფერი დაუწერიათო. ბოლოს ირაკლი აბაშიძეს უთქვამს - თემა დახურულია, გალაკტიონი კავშრის წევრად რჩებაო.
არ მახსოვს, გოგლას პურმარილი გაეშალა და გალაკტიონი არ დაეპატიჟებინა. როცა გოგლასთან მიდიოდა, იმ დღეს არ სვამდა, ამბობდა, ჩემს გოგლას არ ვაწყენინებ, ვიცი, მასთან მთვრალი რომც მიმიტანონ, საყვედურს მაინც არ მეტყვის, სწორედ ამიტომ არ მინდა, ნასვამი მივიდეო.
- გალაკტიონის გარდაცვალების დროს მასთან აღარ მუშაობდით...
- არა, მაგრამ, რა თქმა უნდა დავინტერესდი, რა მოხდა. მივედი „ლეჩკომბინატში", შევედი იმ ოთახში, ფანჯარა დავათვალიერე. სანიტრისგან გავიგე, რომ იმ დღეს მისთვის 25 მანეთი მიუცია და უთქვამს: აი, ფული, კონიაკი ამომიტანე, ხურდა შენთვის დაიტოვეო. სანიტარს მართლა მიუტანია კონიაკი, დაულევია, მერე მისულა ფანჯარასთან - იმ დეს შალვა დადიანის გასვენება იყო, აინტერესებდა, პროცესიამ ჩაიარა თუ არა. ფანჯარა მაღალზე იყო ჩასმული (რაფაზე ჩამოსაჯდომად უნდა ამხტარიყო), შესაძლოა, რაფაზე ჩამოჯდომა მოინდომა... გალაკტიონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მე ჩემი მოსაზრება მაქვს - მას თავი არ მოუკლავს, არც მოუკლავთ. ამ ფანჯარაზე ახტა. მაგრამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ჩავარდა. მეც ვცადე იმ ფანჯრიდან გადახედვა, ავხტი, რაფაზე ვერ ჩამოვჯექი და რომ არა გვერდით მდგომი ადამიანი, რომელმაც დამიჭირა, მეც ჩამოვვარდებოდი.
- გალაკტიონის „პობედას" რა ბედი ეწია?
- მე შევისყიდე, ახალი ნომერი ავიღე 10-74 ГРХ. 10 თვის ხელფასი არ ჰქონდა ჩემთვის გადახდილი... მითხრა - წავიდეთ, მანქანა გავყიდოთ და ფულს გადაგიხდიო. წავიყვანეთ მანქანა, აზერბაიჯანელები მოვიდნენ, 1 200 მანეთად უნდა ეყიდათ. გალაკტიონს ვკითხე, ამ მანქანის ფულით ხომ ხელფასი უნდა გადამიხადო-მეთქი? უნდა გადაგიხადო, აბა, რისთვის ვყიდიო? მაშინ 200 მანეთს ვისესხებ, მოგცემ და მანქანა დამითმე-მეთქი. დამთანხმდა. შესანიშნავი მანქანა იყო, თეთრად გადავღებე. მერე, როცა „ჟიგული" შემოვიდა, გავყიდე. ისევ აზერბაიჯანელებმა იყიდეს სოფელ თხინვალიდან. ნეტავ, არ გამეყიდა, ძალიან ვნანობ. იმას მერე გალაკტიონს მანქანა აღარ უყიდია, ავტობუსით დადიოდა. ბოლოს ჩემი მეუღლის წლისთავზე მოვიდა, კულტურის მაშინდელი მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი მოიყვანა. მითხრა - არჩილ, ოთარს მძღოლი სჭირდება და უნდა ემსახუროო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. ეს იყო და ეს, მას შემდეგ გალაკტიონი ახლოს აღარ მინახავს. მასთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო მაქვს და ძალიან მეამაყება.
- 17 ნოემბერს გალაკტიონის დაბადების დღეა, როგორ აღნიშნავდა ამ დღეს?
- როცა მასთან ვმუშაობდი, დაბადების დღე არასოდეს გადაუხდია. უკვე 124 წლისაა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული. რა დრო გასულა, მე 88 წელი შემისრულდა. დღე არ გავა, რომ არ გამახსენდეს. ამ ჩემი სახლის აშენებაშიც წვლილი აქვს შეტანილი - ხის საამქროდან მასალები იაფად გამომატანინა და თან სთხოვა, დროზე ადრე დაამზადეთო, ვითომ თავისთვის უნდოდა (ახლა კი, 13 ივნისს, სტიქიამ სახლი დამიზიანა და მთავრობიდან არავინ დამხმარებია).
შეუძლოდ ვარ, თორემ აუცილებლად გამოგყვებოდით გალაკტიონის სახლში და მისსავე ეზოში მის სულს დავლოცავდი. ვასილიჩ, ნათელში იყოს შენი სული!
ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"