„საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ გადაცემაში "მაესტროს ფაქტორი", სადაც ISIS-ის სახელით საქართველოს მიმართ გაჟღერებულ მუქარებს გამოეხმაურა.
"ჩვენ ყველა მუქარას, რომელიც იქნა საჯაროდ გაჟღერებული ტერორისტებისგან და ეს მუქარა უკავშირდება კონკრეტულად საქართველოს, სერიოზულად აღვიქვამთ. აქ მიდგომა არ არის კონკრეტულად დიფერენცირებული, შესაბამისად, ჩვენ მობილიზებას ვიჩენთ მაღალი ხარისხით და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც უკავშირდება რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილებას. რაც შეეხება იმას, არის თუ არა საქართველო მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში ტერორისტებისთვის, ეს ასე არ არის. მათი ძირითადი სამიზნე არის ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საომარ მოქმედებებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა ეს ჩვენ, უწყებას, რომელიც უშუალოდ არის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, მოდუნების უფლებას არ გვაძლევს", - აღნიშნა იზორიამ.
მისივე თქმით, თამაზ ჭაღალიძის მიერ გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციაზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 12 იანვარს დაიწყო, მურმან პაიჭაძის მიმართვაზე კი რამდენიმე დღის წინ.
"ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს სერიოზული რეაგირებისთის, თუმცა ეს არ არის საფუძველი პანიკისთვის", - აღნიშნა იზორიამ.