პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო საფრანგეთის ხელისუფლება დახმარების თხოვნით ევროკავშირს ოფიციალურად მიმართავს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, შესაბამისი განცხადება ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, დღეს გაკეთდება.
ოფიციალური პარიზი ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 სტატიის ამოქმედებას მოითხოვს, რომლის თანახმადაც, „თუ წევრი სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, გაეროს წესდების 51-ე სტატიის შესაბამისად, დახმარება და მხარდაჭერა ყველა შესაძლო საშუალებით გაუწიონ".
პარიზში სისხლიანი ტერაქტები 13 ნოემბერს მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმებს 129 ადამიანი ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა მომხდარზე „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსის განცხადებით, ფრანგულ სპეცსამსახურებს 10 500 რადიკალი ჰყავს კონტროლზე აყვანილი. ყველა მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ პიროვნებადაა მიჩნეული.