უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირმა საფრანგეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას დაუჭირა მხარი და ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 მუხლი აამოქმედა.
„BBC"-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა პარიზის ოფიციალური მიმართვის შემდეგ მიიღეს.
„დღეს ევროკავშირმა, წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, ერთხმად გამოუცხადა საფრანგეთს სრული მხარდაჭერა და საჭირო დახმარების გაწევის მზადყოფნა", - განაცხადა მოგერინიმ.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს მიმართა ოფიციალური თხოვნით, მხარი დაუჭირონ საფრანგეთს „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში სირიასა და ერაყში, ასევე გაუწიონ სხვა, სამხედრო სახის დახმარება.