„საქართველოში იუვენალური იუსტიციის პირველი ნიშნები შემოდის", - ამის შესახებ „დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი აცხადებს. ზვიად ტომარაძის განმარტებით, იუვენალური იუსტიცია - ეს არის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც იცავს მოზარდებს და კურირებს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს. ტომარაძის განცხადებით, იუვენალური იუსტიციის მეშვეობით, ძირითადად, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სხვადასხვა მიზეზით ართმევენ ბავშვებს.
„კანონში ამ ცვლილებების მცდელობა 2013 წელს ჰქონდათ. ზაქარია ქუცნაშვილს წერილი მივწერე და აღვუწერე ამ კანონის მიღების საშიშროება. საკითხი გადაიდო. როგორც ვივარაუდე, შესაფერის მომენტს დაელოდნენ: როცა დღეს ყურადღება „რუსთავი 2"-ის თემაზეა გადატანილი, შესაფერის დროდ ჩათვალეს და კანონის განხილვას ამ კვირაში აპირებენ. გასათვალისწინებელია, რომ მაია ასათიანმა ოჯახური ძალადობის თემას სპეციალური გადაცემების ციკლი მიუძღვნა, რომელიც დღესაც გრძელდება. ეს გადაცემები სპეციალურად კეთდება და ამ კანონისადმე საზოგადოების შემზადებას ემსახურება. დიდი შანსია, ამაში მაია ასათიანს გრანტიც ჰქონდეს აღებული", - განაცხადა ტომარაძემ.
მისი თქმით, ეს კანონპროექტი საზღვარგარეთიდან მორიგი დაკვეთაა. ტომარაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, გარდაუვალია ოჯახის ინსტიტუტში უხეში ჩარევა.
„ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ საზოგადოებას ამ კანონპროექტის მანკიერება დავანახოთ. ეს ყოველივე ერთიანი გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია ახალი აზროვნების ადამიანის გამოყვანა, რომლის მთავარი ღირებულება ზღვარგადასული პიროვნული თავისუფლებაა და არა ზოგადსაკაცობრიო ოჯახური შეხედულებები", - განაცხადა ტომარაძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)