გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა, ჰანოვერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამხანაგური მატჩი გერმანიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის არაერთი გაფრთხილების გამო გადაიდო. ინფორმაციას „დოიჩე ველე" ავრცელებს. გერმანიის შს მინისტრის თქმით, თამაშის გაუქმების ინიციატორი სწორედ ის იყო. ჰანოვერის პოლიცია აცხადებდა, რომ მატჩი ტერაქტის საშიშროების გამო გააუქმეს.
ჰანოვერში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც იმყოფებოდა. ის მატჩის გაუქმების შემდეგ ბერლინში დაბრუნდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, მატჩის გაუქმების მიზეზი ტერაქტის საშიშროება გახდა, რომლის შესახებ გერმანულ სპეცსამსახურებს ფრანგმა კოლეგებმა აცნობეს.
ამას გარდა, ქვემო საქსონიის შს მინისტრმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა სტადიონზე ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს.