ფრანგი დიპლომატი შეხვედრებს „გლობალ ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით გამართავს.
დღეს, 19 ნოემბერს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარ კუშნერი საქართველოს ეწვევა და ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
ბერნარ კუშნერი საქართველოს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობდა. ფრანგი პოლიტიკოსი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახან დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალ ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.
კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენს.
ბერნარ კუშნერს აეროპორტში საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და „გლობალ ალიანსის" პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი დახვდებიან. სტუმარი, საქართველოში ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთებს.
პოპულარული ფრანგი პოლიტიკოსი, დიპლომატი და ექიმი ბერნარ კუშნერი დაიბადა 1939 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ავინიონში. იგი სამჯერ 1992-1993,1997-1999, 2001-2002 წლებში იყო საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, ხოლო 2007-2010 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი იყო 1971 წელს პარიზში ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაციისა „ექიმები საზღვრებს გარეშე"(Médecins sans frontières), რომელმაც მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთა სამედიცინო დახმარებისათვის უდიდესი სამუშაო გასწია. აღნიშნულის გამო, ორგანიზაციას 1999 წელს გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცების დარგში.