საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის სამი თვით გაგრძელების შესახებ.
ეს კანონპროექტი ახლა პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმა უნდა განიხილოს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელების შესახებ კანონპროექტი პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ინიციატივაა, რომელსაც მხარი დაუჭირა საფრანგეთის მთავრობამ და განსახილველად გადაუგზავნა პარლამენტს.
14 ნოემბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ითვალისწინებს უშიშროების სამსახურების უფლებების გაფართოებას. გარდა ამისა, ოლანდმა წინადადება წამოაყენა, გამარტივდეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის საფრანგეთის პასპორტის ჩამორთმევის პროცედურა, ასევე უცხოელების ქვეყნიდან გაძევების წესი. ოლანდმა ასევე მოითხოვა რადიკალური ისლამის მქადაგებელი მეჩეთების დახურვის უფლება.
„France 24"აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზომების ასე გასამკაცრებლად საჭიროა საფრანგეთის კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის შეცვლა.