18 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 25-ე რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, სადაც სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს.
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში გასვლა მიულოცა. მან ყრილობის მონაწილეებს სფფ-ის წესდებაში შესატანი სტრუქტურული ცვლილებები გააცნო, რომელიც აღმასრულებელ კომიტეტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და ფედერაციის მუშაობას შეეხება.
„უპირველესად, ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში გასვლას ვულოცავ. ამ წარმატებას მხოლოდ ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ვერ მივაწერთ, ეს ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის დამსახურებაცაა...
რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ფინანსური კუთხით სერიოზული პრობლემებია - დავალიანებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. რუსთავის აკადემიის მშენებლობა შეჩერებულია, რადგან რა თანხებიც უეფა-მ გამოჰყო, მასზე მეტი მოცულობის სამუშაოები დაიგეგმა. ეს დავალიანება ფეხბურთის ფედერაციისთვის სერიოზული ტვირთია, მაგრამ პროექტი აუცილებლად დასრულდება, რადგან მსგავსი აკადემიები ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება...
დღეს წარმოგიდგენთ სფფ-ის სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც უეფა-სთანაა შეთანხმებული. ბევრი ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები კონკრეტულ მიმართულებებს ჩაიბარებენ. რაც შეეხება აღმასკომს, გვსურს, ამ ორგანომ ბორდის პრინციპით იმუშაოს და მისი წევრების რაოდენობა 18-დან 10-მდე შემცირდეს.
მინდა, არჩილ არველაძეს მივმართო და მადლობა გადავუხადო დღევანდელ რიგგარეშე ყრილობაში მონაწილეობისთვის. კარგად მესმის, რომ დღეს შენი აქ ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ ვისურვებდი, რომ ფეხბურთში იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩილი ნამდვილი პროფესიონალია...
ჩვენი სტრატეგია სამ ფაზას მოიცავს:
1. ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარების შეფასება, მათ შორის, საკანონმდებლო პრობლემების, ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ასე შემდეგ;
2. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
3. ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ამუშავება, რომ 2016 წლიდან მაინც მოვახერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
მესმის, რომ ნაკრებზეა ჩვენი მზერა მიპყრობილი, მაგრამ უმთავრესი მაინც ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა", - განაცხადა კობიაშვილმა.
(წყარო: სპორტული გაზეთი "ლელო", http://www.sportall.ge/)