უცხოური მედიის ინფორმაციით, მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო „რედისონში" მძევლად აყვანილთა შორის საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და ფრანგი ჯარისკაცებიც არიან, რომლებიც მალის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ.
მძევლად აყვანილთა რაოდენობა 170-ს შეადგენს. აქედან 140 სტუმარია, 30 კი სასტუმროს თანამშრომელი.
ჩინური მედიის ინფორმაციით, მძევლებს შორის ჩინეთის მოქალაქეებიც არიან.
თურქეთის ხელისუფლების ცნობით, სასტუმროში დამსვენებლებს შორის თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის ექვსი თანამშრომელია.
მედიის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები შენობაში „ალაჰ აკბარს" ყვიროდნენ. უცხოური მედიასაშუალებები ასევე იუწყებიან, რომ თავდამსხმელებმა ის მძევლები გაათავისუფლეს, ვინც ყურანის წაკითხვა შეძლო.
ამ დროისთვის ადგილობრივ სამართალდამცავებს სასტუმროს შენობა ალყაში აქვთ მოქცეული. სასტუმრომდე მისასვლელი გზები გადაკეტილია.
ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული.