60-იანი წლების დასაწყისში ხელბურთი საქართველოში უკვე იმდენად პოპულარული იყო, რომ კალათბურთსა და თვით ფეხბურთს სერიოზულ კონკურენციას უწევდა. ამიტომ გასაკვირიც არ იყო, რომ თბილისის სპორტის სასახლის გახსნის პატივი სწორედ ქართველ ხელბურთელებს ერგოთ, - 1961 წელს საქართველოს ნაკრები უნგრელებს გაეჯიბრა და დაამარცხა კიდეც. იმ დროს, თბილისის „ბურევესტნიკი" საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ წამყვან კლუბად ითვლებოდა და 1962-64 წლებში ჩემპიონიც გახდა. იმ ლეგენდარულ გუნდში დღეს უკვე ლეგენდები თამაშობდნენ: ჯემალ ცერცვაძე, ჯემალ აბაიშვილი, იმედო ფხაკაძე, თამაზ ანთაძე, ლერი კარტოზია, ანზორ ექსეულიძე და სხვები.
იმედო ფხაკაძე და ლერი კარტოზია იყვნენ ის ხელბურთელები, ვინც გარემარბის მანამდე არსებული ფუნქცია შეცვალეს და „შავი მუშის" კატეგორიიდან მრისხანე ბომბარდირებად იქცნენ. იმედო ფხაკაძის კიდევ ერთ „დამსახურებად" უნდა ჩაითვალოს ხელბურთის მატჩებზე სუსტი სქესის წარმომადგენელთა სიმრავლე.
იმედო ფხაკაძემ 1963-71 წლებში, ნაკრების უცვლელმა წევრმა, 68 მატჩი ჩაატარა და თავისი ამპლუისთვის უჩვეულოდ ბევრი -193 გოლი გაიტანა. კარიერის დასრულების შემდეგ მშობლიური გუნდის უფროსი მწვრთნელის რანგში, სწორედ იმედო ფხაკაძე იყო ის კაცი, ვინც დიდ ხელბურთში გზა გაუკვალა მომავალ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს. სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, საბჭოთა ნაკრების მწვრთნელებმა წინასაოლიმპიადო ტურნირებისთვის გუნდში თბილისელიც აიყვანეს. იმედომ ანპილოგოვი ლესელიძეში წაიყვანა და როგორც იტყვიან, ვარჯიშით სიქა გააძრო. ამ ამბის შემსწრე ლეგენდარულ გივი კარტოზიას უთქვამს:
- იმედო, შენ ამ ბიჭს ან მოკლავ, ან დიდ სპორტსმენად აქცევო.
ისე ყველაფერი აგიხდეთ, იმედო ფხაკაძის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მალე ანპილოგოვის საოცარი ტყორცნები შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს.
დღეს, ლეგენდარული ხელბურთელი იუბილარია, იმედო ფხაკაძეს 73 წელი შეუსრულდა. „რეპორტიორი" ულოცავს დაბადების დღეს, ხანგრძლივ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსურვებს ქართული ხელბურთის ვალმოხდილ რაინდს.