ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულ ისლამისტებს, რომლებიც მალის დედაქალაქში „რედისონ ბლუ ჰოტელში" შეიჭრნენ, მძევალი აღარ ჰყავთ.
ბამაკოში სპეცსამსახურებმა მძევლების გამოყვანის ოპერაცია დაასრულეს. როიტერის ინფორმაციით, მალის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ბუბაქარ ქეიტიმ განაცხადა, რომ დაღუპულია 21 ადამიანი, მათ შორის ორი ბოევიკია. მოკლულებს შორისაა ბელგიის ერთ-ერთი რეგიონის პარლამენტის წევრი Geoffrey Dieudonne. ქვეყანაში გამოცხადდა სამ დღიანი გლოვა და 10 დღიანი საგანგებო მდგომარეობა.
შეიარაღებული ტერორისტები სასტუმროში გუშინ დილის ექვს საათზე შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მათ რამდენიმე ადამიანი მოკლეს, რის შემდეგაც შენობის მეშვიდე სართული დაიკავეს. მათ სასტუმროს 30-მდე თანამშრომელი და 140 სტუმარი, რომელთა შორის უმეტესობა უცხოელი ტურისტები იყვნენ, მძევლად აიყვანეს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ალ მურაბიტუნმა" აიღო.