საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.
გასაუბრებების დასრულების შემდეგ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა, რასაც დამკვირვებლის სტატუსით არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური და საექსპერტო წრეები, ასევე, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მიუხედავად იმისა, რომ „საპროკურორო საბჭოს დებულებით" დადგენილი წესით არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან საპროკურორო საბჭოს გასაუბრების აუდიოჩანაწერები არ გამოუთხოვია, რისი უფლებაც მათ ჰქონდათ და იუსტიციის მინისტრის მიერ საჯაროდ განემარტათ კიდეც კენჭისყრის დღეს, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გასაუბრების აუდიოჩანაწერები პროაქტიულად გამოქვეყნდა გუშინ, 20 ნოემბერს, და საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა. კანდიდატებს ეცნობათ საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე გასაუბრების ჩანაწერების განთავსების შესახებ.
ვლადიმერ გაბრიჩიძის, ნანა რევაზიშვილისა და ირაკლი შოთაძის გასაუბრება საპროკურორო საბჭოს წევრებთან 19 ნოემბერს შედგა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საბჭოს წევრებს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა, საბჭოს წევრები თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად გაესაუბრნენ. გასაუბრებების დასრულების შემდეგ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. მას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური და საექსპერტო წრეები, ასევე, მედიის წარმომადგენლები. გამარჯვებულ კანდიდატად ირაკლი შოთაძე დასახელდა. მან 13 დადებითი და 1 უარყოფითი ხმა მიიღო; მეორე კანდიდატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ 12 უარყოფითი ხმა მიიღო და არცერთი დადებითი; მესამე კანდიდატ ნანა რევაზიშვილს მხოლოდ 1 წევრმა მისცა დადებითი ხმა, ხოლო 12 წევრმა - უარყოფითი.
მთავარი პროკურორობის კანდიდატთა არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან. დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი შეხვედრები გამართა და სამი კანდიდატურა დაასახელა, რომელთაგან თითოეულის რეკომენდატორები არასამთავრობო ორგანიზაციები ან/და აკადემიური წრეები იყვნენ. იუსტიციის მინისტრის მიერ თითოეული კანდიდატის წარდგინება კანონის შესაბამისად დასაბუთდა.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საპროკურორო საბჭოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა პროკურატურის რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ღია და გამჭვირვალე იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის შერჩევა, როგორიც მთავარი პროკურორია, და მისი დანიშვნა-გათავისუფლება ერთ პირზე ან ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული. შერჩევის ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას", - ნათქვამია განცხადებაში.