სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა პანკისელი დავით ბორჩაშვილი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბორჩაშვილი სსკ-ის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ადგილობრივებმა 29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა მოითხოვეს. ბორჩაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნებისას კი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და უკან გააბრუნეს. ოჯახის ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი მძიმე ავადმყოფია და საქართველოში სამკურნალოდ ბრუნდებოდა.