reportiori.ge - გურამ ნიკოლაიშვილი: საქართველოს არ გააჩნია ისეთი ფუფუნება, რომ 145 მილიონი ლარი მიდიოდეს სამშვიდობო ოპერაციებზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:02
ინტერვიუ
გურამ ნიკოლაიშვილი: საქართველოს არ გააჩნია ისეთი ფუფუნება, რომ 145 მილიონი ლარი მიდიოდეს სამშვიდობო ოპერაციებზე
ავტორი:
24 ნოემბერი, 2015. 18:51


გენშტაბის ყოფილი უფროსი გურამ ნიკოლაიშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივის განხორციელება ომის პერიოდში ჯარისკაცების ღალატის ტოლფასი იქნება.


ამის შესახებ ნიკოლაიშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას შეიძლება მოჰყვეს.


- სამხედრო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კანონის განხილვის დროს შესწავლილ უნდა იქნას მისი ყველა მხარე. ეს უნდა მოხდეს თავდაცვის სამინისტროში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ და საკანონმდებლო ორგანოში. საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც შემდეგ შესაცვლელი არ გახდება.


თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა უმრავლესობა, ვისთანაც მე ამ კანონპროექტზე საუბარი მქონდა, წინააღმდეგია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების. დღეს ჩვენი ჯარისკაცები მსახურობენ 12 თვე. ისინი უმეტესად გადიან საბრძოლო მომზადებას, სწავლობენ შეიარაღებას, ტექნიკას. შემადგენლობის ძალიან მცირე ნაწილი კი ასრულებს მისიას სამშვიდობო ოპერაციებში. ჩვენ ვიცით, რომ უპირველეს ყოვლისა, სამხედრო სავალდებულო სამსახური არის სამობილიზაციო მომზადების ერთ-ერთი ეტაპი, სადაც ჯარისკაცმა უნდა შეიძინოს პროფესია, შეისწავლოს იარაღის გამოყენება და ომის დაწყების შემთხვევაში, ის იქნება რეზერვში. დღეს კი, სავალდებულო სამსახური შესაძლოა გაუქმდეს. თუ ახლა ჩვენ მივიღებთ კანონს, რომელიც სამხედრო სამსახურს ნებაყოფლობითს გახდის, ეს იქნება ჩვენი ჯარისკაცების ღალატი. ჩვენ გამოვიკვლიეთ და დავადგინეთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ბრძოლას შეძლებენ მხოლოდ 2-4 საათით. ის ქვედანაყოფი, რომელიც იქნება წინა ფლანგზე, ბრძოლისუნარიანი იქნება მხოლოდ 2-4 საათით. თუ ბრიგადა განადგურდება, ქვეყანას მისი შემცვლელი არ ეყოლება. ომის პერიოდში ეს არის ღალატი. გამოდის, რომ ბრძოლის ჩატარებაც კი არ არის საჭირო, თავიდანვე გამოვაცხადოთ კაპიტულაცია და დავამთავროთ ომი.


ამიტომ ვითხოვთ, რომ სანამ ამ კანონს მიიღებენ, აუცილებლად მოისმინონ შეიარაღებული ძალების ოფიცრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრი და ღრმად შევისწავლოთ საკითხი.


- დღეს ჯარი გარკვეულწილად ასოცირდება დაცვაში დგომასთან. რას ფიქრობთ ამ საკითხზე და ზოგადად რა პრობლემასთან გვაქვს საქმე?


- ეს არის კანონის დამახინჯება. ეს ადამიანები 3 დღე სახლში არიან, მეოთხე დღეს დაცვაში დგანან და იქაც პატრონი არავინ ჰყავთ. „ალტერნატიული სამსახურის შესახებ" კანონში კარგად არის ჩამოწერილი თუ რას უნდა აკეთებდნენ ეს ადამიანები, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად ხდება. შსს-ს დაცვის სამსახური, რომელიც გარკვეულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, ამაში თავის მოგებას ნახულობს. 70-80 ლარს უხდიან ამ პიროვნებებს, ვინც დაცვაში დგანან, დანარჩენი მიდის ბიუჯეტში. ეს აუცილებლად უნდა გაუქმდეს.


- რა აზრის ხართ სამშვიდობო მისიებზე?


- სახელმწიფოს ინტერესებში შედის, რომ შეიარაღებულ ძალებს შეეძლოთ რეზერვის მიღება და ჯარის მომზადება. ამას ჩვენ დღეს ვერ ვაკეთებთ. ჩვენი ერთადერთი ფუნქცია დღეს არის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება. თანაც, ავღანეთში თითქმის 1000 კაცია წასული. ჩვენი ჯარიდან და რაოდენობიდან გამომდინარე, პირველები ვართ იმ კონტინგენტით, რაც გაგზავნილი გვყავს. ვფიქრობ, რომ საქართველოს ამის საშუალება არ აქვს. თუ ამ ადამიანებს მისიებში გავგზავნით და ჩვენ აქ ჯარი არ გვეყოლება, ვფიქრობ, რომ ასეთი ჯარის არსებობას აზრი არ აქვს. ასეთივე ფუნქციებს, ავტომატით ხელში, პოლიციაც შეასრულებს.


საქართველოს არ გააჩნია ისეთი ფუფუნება, რომ 145 მილიონი ლარი მიდიოდეს სამშვიდობო ოპერაციებზე. მხოლოდ სწრაფი რეაგირების ასეულის მომზადებაში დაიხარჯა თითქმის 5 მილიონი ლარი. ეს ასეული უნდა შეუერთდეს სწრაფი რეაგირების კოპრუსს გერმანიაში და მასთან ერთად მიიღოს სადღაც რაღაც მისიაში მონაწილეობა. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა ჩვენთვის არის მეორეხარისხოვანი. თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია არის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და არა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება.


როგორ ფიქრობთ, ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები საბრძოლო ფუნქციებს ასრულებენ? ისინი საკომენდანტო ფუნქციებს ასრულებენ, იცავენ ობიექტებს. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ამ ოდენობით უნდა მიდიოდნენ ჩვენი ჯარისკაცები იქ და უმჯობესია, აქ გამოგვადგნენ.


- ტერორიზმი დღეს მსოფლიოს მთავარ პრობლემად იქცა. მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი. რას ფიქრობთ, რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო ამ მიმართულებით და შექმნის თუ არა პრობლემას თავდაცვის მიმართულებით ის ფაქტი, რომ ქართველი ჯარისკაცების ნაწილი ქვეყნიდან გასულია?


- მთავარი ბრძოლა დღეს ტერორიზმთან მიმდინარეობს. ტერორიზმი კარზეა მომდგარი. ავღანეთი კი საქართველოსგან ცოტა შორს არის, რომ საქართველოს ამოცანები იქ შევასრულოთ. არავინ იცის, რა და როგორ იქნება. თუ თურქეთი გამოუშვებს მიგრანტებს აქეთ, ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდებით. თუ რუსეთმა შეიგრძნო საფრთხე, შესაძლოა, მანაც მიიღოს გადაწყვეტილება და ვიღაცა შემოიყვანოს საქართველოში. ჩვენ გვინდა ეს? ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მომზადებულები ყველაფრისთვის და ჯარის პირველადი შემადგენლობა უნდა იყოს გაზრდილი, რომ შეძლოს საზღვრების დაცვა. ტერორიზმი არის დღეს საქართველოს ნომერ პირველი საფრთხე.

 

- არის თუ არა სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე, რომ გაუმკლავდეს ტერორიზმის საფრთხეს?


- ტერორიზმთან ბრძოლას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ძალების კომპლექსურ გამოყენებაში უმაღლესი მთავარსარდალი სამხედრო ძალებს ზუსტად იყენებს იმ კონტინგენტში, რომელიც საჭიროა. შეიარაღებული ძალებიც, შსს-ც, უშიშროებაც და საზღვრის დაცვის დეპარტამენტიც უნდა იყვნენ მომზადებული ტერორიზმთან ბრძოლისთვის.


ჩვენ გვაქვს კრიზისების მართვის დეპარტამენტი და უშიშროების საბჭო. ეს ორი უწყება კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით და არა ცალ-ცალკე. თუ სახელმწიფოში მართვის ორგანოებს შორის არ იქნება თანხვედრა, ერთობლივ ამოცანას ისინი ვერ შეასრულებენ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016