2015 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში სამეცნიერო კონფერენცია გამართა, რომელიც ქართველი კათოლიკე სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, მამა პეტრე ხარისჭირაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
სამეცნიერო კონფერენციას რომის კურიის, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ევროპის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე იტალიაში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წევრები და ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიების მონაწილეებს წმინდა საყდართან საქართველოს ელჩმა თამარ გრძელიძემ და ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მიმართეს.
მოხსენებით გამოვიდნენ გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, გაგა შურღაია, მერაბ ღაღანიძე, ლუიჯი მაგაროტო, პატრიცია ლიჩინი, ტიმონ ხმელეცკი. ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე პაოლა ზაზაძე-არიგომ, რომლის ოჯახიც 1936 წლიდან „ქართველ კათოლიკეთა ფონდს" ხელმძღვანელობს და დღემდე უვლის და ინახავს მამა პეტრეს მიერ სტამბოლში დაარსებულ კათოლიკურ მონასტერს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ პაპის აღმოსავლეთის ეკლესიების კონგრეგაციის პრეფექტმა, კარდინალმა ლეონარდო სანდრიმ რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში მამა პეტრეს სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. „პეტრე ხარისჭირაშვილმა ქართველი ერის, მისი ენისა და ტრადიციების განსაკუთრებული სიყვარულით იცხოვრა, რაზეც მისი სასულიერო მოღვაწეობა და საგამომცემლო საქმიანობა მეტყველებს" - განაცხადა ქადაგებისას კარდინალმა სანდრიმ.
პეტრე ხარისჭირაშვილი (დაახლ. 1805-1890) ქართველ კათოლიკეთა ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია, რომელიც თავისი მაღალი ზნეობითა და მტკიცე ქართული პატრიოტული პოზიციით გამოირჩეოდა. ალექსანდრეპოლისა და რომის სასულიერო სასწავლებლებში განათლებამიღებულმა პეტრემ, რომელიც სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ, ბერძნულ, პოლონურ და თურქულ ენებს, ვენეციასა და სტამბოლში ქართული სტამბები დააარსა. ხარისჭირაშვილის დაარსებულია სტამბოლში, ფერიქოის უბანში მდებარე ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის სახელობის ქართული კათოლიკური მონასტერი, რომელსაც დღემდე პატრონობს ზაზაძეთა ოჯახი.