reportiori.ge - პეტრე მამრაძე: საქართველომ უნდა შეიტანოს ღირსეული წვლილი ტერორიზმთან ბრძოლაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:04
ინტერვიუ
პეტრე მამრაძე: საქართველომ უნდა შეიტანოს ღირსეული წვლილი ტერორიზმთან ბრძოლაში
ავტორი:
25 ნოემბერი, 2015. 17:16



„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე თურქეთის ტერიტორიაზე რუსული „სუ-24"-ის ჩამოგდების ფაქტს აფასებს და მოვლენების განვითარების შესაძლებლობებზე საუბრობს. როგორც მამრაძე განმარტავს, თურქეთის ქმედებას NATO მხარს უჭერს და რუსეთს ალიანსთან ბრძოლის ძალა არ შესწევს. ამის შესახებ მამრაძე „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ ვლადიმირ პუტინის მხრიდან გამოთქმული ხისტი განცხადებები მხოლოდ მისი ავტორიტეტის ამაღლებას ემსახურება.


- თურქეთმა არაერთხელ გააფრთხილა რუსეთის მთავრობა, რომ რუსეთის თვითმფრინავები ბომბავდნენ თურქმენებს, რომლებიც არიან სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვართან ახლოს და არ შედიან „ისლამურ სახელმწიფოში". ისინი ებრძვიან ასადს, მაგრამ არ შედიან „ისლამურ სახელმწიფოში". არაერთხელ ითქვა, რომ რუსული ბომბების მხოლოდ 6% მოხვდა „ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე. ძირითადად კი, რუსეთის ავიაცია ბომბავდა მათ, ვინც ებრძოდა ასადს, მაგრამ არ შედიოდა „ისლამურ სახელმწიფოში". რუსეთი მართლაც არღვევდა თურქეთის სივრცეს. 17 წამი იმყოფებოდა „სუ-24" თურქეთის ტერიტორიაზე და რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ იგი ჩამოაგდეს.


საკმაოდ ხისტი განცხადება ჰქონდა ამაზე პუტინს. არანაკლებ ხისტი განცხადება იყო თურქეთის მხრიდან და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ NATO-ს შტაბმა მთლიანად დაუჭირა მხარი თურქეთის ქმედებას. როგორი განცხადება და მუქარაც არ უნდა ისმოდეს რუსეთის მთავრობის მხრიდან, იმის პოტენციალი, რომ მართლაც დაუპირისპირდეს NATO-ს, რუსეთს არ გააჩნია.


ასე რომ, ეს ყველაფერი პუტინს სჭიდება შიდა პოლიტიკისთვის, თავისი ავტორიტეტის ასამაღლებლად. ამიტომ, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი არ არის, რომ ვითარება კრიზისის დონეზე გადავიდეს. იქნება განცხადებები, დაფიქსირდება ხისტი პოზიციები. პუტინს ძალიან აწყობს, რომ თავის ხალხს აჩვენოს, რომ NATO მათ უპირისპირდება.


- როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე?


- შარშან სექტემბერში უელსის სამიტზე ღიად დაფიქსირდა, რომ NATO დაიცავს თავის წევრ ქვეყნებს, მაგრამ რაც შეეხება პოსტსაბჭოურ სივრცეს, მოვლენები რომ განვითარდეს ყირიმისა და დონბასის მსგავსად, დასავლეთი მხოლოდ სანქციებითა და განცხადებებით შემოიფარგლება. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო დიდი სიფრთხილე მართებს ჩვენს მეზობელთან ურთიერთობაში.

 

- ცივილიზებული მსოფლიოს ნომერ პირველ გამოწვევად დღეს ტერორიზმი იქცა. რას ფიქრობთ ტერორიზმის საფრთხეებზე და რა გზებით უნდა გაუმკლავდეს მსოფლიო მას?


- ევროპელმა ინტელექტუალებმა აღიმაღლეს ხმა. უელბეკი წერს, რომ საფრანგეთის ლიდერებმა უმტყუნეს საკუთარ ხალხს, ვინაიდან წლების განმავლობაში ქადაგებდნენ, რომ ეროვნული საზღვრები ეს არის ახირებული აბსურდი, ნაციონალიზმის გამოვლინება და ახლა დადგა ამის შედეგი. ეს ყველაფერი ევროპაში უნდა შეიცვალოს. საგულისხმოა კისინჯერის განცხადება, რომ თუ შეუძლია ევროპას, ახლა უნდა გამოიღვიძოს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროპა ამას.


ოლანდი გახლდათ ახლა აშშ-ში, შეხვდა ობამას, რომელმაც შეახსენა, რომ ახალი კოალიციის ჩამოყალიბება „ისლამური სახელმწიფოს" წინაააღმდეგ საჭირო არ არის, ვინაიდან ასეთი კოალიცია უკვე არსებობს, მასში 65 ქვეყანაა გაერთიანებული და ასრულებს თავის ფუნქციებს. ხვალ ოლანდი ჩავა მოსკოვში, დაელაპარაკება პუტინს. ვნახოთ, რა მოხდება. მაგრამ მსოფლიოში ამ ეტაპზე ხიფათი ძალიან მაღალია.


- რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ტერორიზმთან მიმართებაში და რამდენად არის ხელისუფლება მზად, რომ ებრძოლოს არსებულ საფრთხეებს?


- მინდა, ხაზი გავუსვათ, რომ სააკაშვილის დროს რისკი იყო მართლაც ძალიან მაღალი. შეგახსენებთ, როგორ ჩავიდა სააკაშვილი ავღანეთში და ღია ეთერში როგორ ეუბნებოდა ჩვენს ჯარისკაცებს, რომ მოეყოლათ ვინ რამდენი კაცი მოკლა. არ უნდოდათ ჩვენს ჯარისკაცებს ამაზე ლაპარაკი. სააკაშვილი მათ აიძულებდა და ისინიც ჰყვებოდნენ. ყველა სხვა პრეზიდენტი, ამერიკის, საფრანგეთის თუ ბრიტანეთის, ჩადიოდა ავღანეთში და თავის ჯარისკაცებს მხოლოდ სამშვიდობო ფუნქციაზე ელაპარაკებოდა. ამის შემდეგ, გახსოვთ, თავდასხმები ჩვენს ბაზებზე, აფეთქებული სატვირთო მანქანები, 20-ზე მეტი დაღუპული ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც სააკაშვილის ამ ბინძურ პროვოკაციას შეეწირა. მას ეს სჭირდებოდა ისევ და ისევ თავისი ძალაუფლების გასამაგრებლად.


ეს ყველაფერი საქართველოს მოშორდა, ამიტომ რისკი შემცირდა. მაგრამ, შემცირება არ ნიშნავს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაივიწყოს ეს რისკები. პირიქით, ახლა დიდი სამუშაოა საჭირო. ერთი მხრივ, ტოლერანტული პოლიტიკა უნდა გატარდეს ქვეყნის შიგნით ყველა რელიგიის მიმართ. მეორე მხრივ კი, საჭიროა საზღვრის კონტროლი. საქართველომ უნდა შეიტანოს ღირსეული წვლილი ტერორიზმთან ბრძოლაში, მაგრამ არა ისე, რომ გააღიზიანოს ის ძალები, რომლებიც ჯერჯერობით გაღიზიანებული არ არის.


- მსოფლიოში საზღვრების ჩაკეტვისა და კონტროლის გამკაცრების პოლიტიკა იმოქმედებს თუ არა საქართველოსთან მიმართებაში ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე?


- შეიძლება იმოქმედოს, თუმცა დადებითი დაპირებები მაინც არის. მაგრამ, აქაც მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ჩვენთან, სამწუხაროდ, ფეტიშიზაცია ხდება. ჩვენ გვჯერა, რომ ამას თუ მივიღებთ, გვეშველება.


გახსოვთ „შალახოს" ფონზე ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება. შემდეგ გადის დრო და ცნობილი ექსპერტები, რომლებიც ამას მხარს უჭერდნენ, ჰყვებიან, რომ თურმე ჩვენმა მთავრობამ სათანადო ზომები არ მიიღო და ძალიან ვზარალდებით ამ ხელშეკრულების გამო. ფაქტობრივად, ცალმხრივად მოქმედებს ეს ხელშეკრულება.


ამიტომ, გადაჭრით თქმა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმი იქნება გარღვევა და გვეშველება, არასწორია. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ ნურავინ ელის, რომ თვისობრივი ცვლილება მოხდება.


- როგორ აფასებთ პროკურატურის მუშაობას და როგორ გესახებათ ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად?


- სამწუხაროდ, პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი ორგანო. გვახსოვს სამარცხვინო საქმეეები, ტრაქტორების საქმე, „ჰაკიმ-ფაშა" და მრავალი სხვა.


ამ ზაფხულს ვესაუბრე ერთ ცნობილ იურისტს, რომელმაც მითხრა, რომ ფარცხალაძე დღესაც კურირებს სიტუაციას პროკურატურაში და, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობს მას. შოთაძის შემთხვევაშიც თუ ასე იქნება და ფარცხალაძე უხელმძღვანელებს მას, რა მნიშვნელობა აქვს მის დანიშვნას. რა არის სხვაობა, რა ფასი აქვს ამ პროცედურას? ამაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან სანამ პროკურატურა არ გახდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელი ორგანო კანონის ფარგლებში, მანამდე ცვლილებებს აზრი არ აქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ თანდათან, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კვალობაზე, ამასაც დაძლევს ჩვენი ერი.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016