მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ბარბარე რაფალიანცის სისხლის სამართლის საქმის საწყის ეტაპზე დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა ის, რომ საქმე დასრულებული არ არის და დადგენილი არ არის, რა მოხდა რეალურად.
„ზოგადად, სისხლის სამართლის საქმის ძიება და ასეთი კატეგორიის საქმის გამოძიება მარტივი არ არის. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია საწყის ეტაპზე გატარებულ სწორ, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედებები, რამდენად ჩართავენ კრიმინალისტებს და ასე შემდეგ. პირველი, რაც ამ საქმის გაცნობისას თვალში მომხვდა, ის არაკვალიფიციურობა იყო, როგორც პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა - როგორიც იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შესაძლებელი იყო იგივე დნმ-ის კვალის აღება, მთელი რიგი სხვა კვალის აღება, რაც არ გაკეთებულა. ასევე თვითონ ქვევრიც, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, კვალიფიციურად არ არის დათვალიერებული. იქიდან ამოღებულ საგნებზე შესაბამისი ექსპერტიზა დროულად არ არის ჩატარებული. ეს ძალიან პრობლემატურს ხდის რაფალიანცის სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი შედეგის მიღებას", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.