მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე მუშაობა გრძელდება, პროკურატურას აქვს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით მოქმედებს.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ჟვანიას სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა, დაშვებულია მთელი რიგი დარღვევები შემთხვევის ადგილის დათვალიერების და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების დროს.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კითხვებს, რაც არის საქმეში და საზოგადოებაში, პასუხი გაეცემა.
რაც ამ საქმის ზედაპირზე იყო, მასზე რეაგირება მოხდა. კერძოდ, ზურაბ ჟვანიას დაცვის თანამშრომლებმა ცალსახად ჩაიდინეს გულგრილობა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მოვახერხეთ და დავამტკიცეთ, რომ ეს ადამიანები მათზე დაკისრებულ ვალდებულებას გულგრილად მოეკიდნენ. ფაქტიურად, მათი დაუდევრობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.