reportiori.ge - პრემიერა დღეს - კრიმინალური კომედია „დაგუგლე ზაზუს“ ერთ-ერთი სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი ლალი მოროშკინაა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:03
ინტერვიუ
პრემიერა დღეს - კრიმინალური კომედია „დაგუგლე ზაზუს“ ერთ-ერთი სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი ლალი მოროშკინაა...
26 ნოემბერი, 2015. 15:45


დღეს რეჟისორ გიორგი მეგრელიშვილის ახალი ქართული კრიმინალური კომედია „დაგუგლე ზაზუ" კინოეკრანებზე გამოვა. ფილმი კრიმინალური ზაზუნას ისტორიის ირგვლივ ვითარდება. ამ ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი და თავმჯდომარე ლალი მოროშკინაა, რომელსაც ფილმშიც ვიხილავთ. 

 

 

„ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფო" ქალთა ორგანიზაცია, რომელიც უკვე 6 000-ზე მეტ ქალბატონს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაცია 17 მარტს დაარსდა და აქტიურად არის ჩაბმული სოციალურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ და სხვა თემებზე „რეპორტიორს" თავად ლალი მოროშკინა ესაუბრა:

 

 

- რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის თეატრში გაიმართა საანგარიშო შეხვედრა საზოგადოებასთან. საზოგადოების წინაშე 7-თვიანი ანგარიში წარვუდგინეთ, თუ რა გავაკეთეთ ამ შვიდი თვის განმავლობაში. ეს ეხებოდა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასაც, მათ შორის გურიის ჩაის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ ჩვენი ინიციატივა აიტაცა და ჩაის კულტურაც პრიორიტეტებში ჩაისვა, სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ. გვიხარია, რომ ეს საკითხი ჩვენ წამოვწიეთ წინ. რამდენიმე ძალიან ცნობილ ქალბატონთან ერთად გურიაში ჩავედით, თვითონ მოვკრიფეთ ჩაი, ჩვენივე შეკერილი ტომრები შევთავაზეთ, რომ ეს ყველაფერი ლამაზად ყოფილიყო შეფუთული და ბაზარზე გატანილი. დიდი გამარჯვებაა ამ ეტაპზე, რომ ეს ჩაი იყიდება. გურიის მოსახლეობისთვის მათი ჩაის რეალიზაცია დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ მივაღწიეთ, რომ სახელმწიფო ასეთი პროექტებით დაინტერესდა. ჩვენ ვიცით, რომ „დამზადებულია საქართველოში" პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ძალიან ბევრი ქვეყანა ზუსტად ასე დადგა ფეხზე, როდესაც იმპორტზე ნაწილობრივ უარი თქვეს და თავისი პროდუქცია პირველ ადგილზე დააყენეს. ჩვენი პროდუქტები არავისზე ნაკლები არ არის.

 

 

მეორე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის დახმარება, ხელის გაწვდენა ქალბატონებისთვის, რომელთაც პრობლემები აქვთ. როგორც ცნობილია, ჩვენ ვიყავით ყველა რეგიონში სამცხე-ჯავახეთიდან დაწყებული ქვემო ქართლით დამთავრებული, სადაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს წავაწყდით. მაგალითად, ეთნიკურად აზერბაიჯანულ რეგიონში ბავშვების გაშვილებასთან იყო პრობლემები. ბავშვები თურქეთში გადაჰყავთ, ქალბატონები სამართალს ვერ პოულობენ, რადგან ჩაკეტილ საზოგადოებაში ცხოვრობენ. ჩვენ რამდენიმე ასეთ ადამიანს ანონიმურად დავეხმარეთ, ისე, რომ მათი ინტერესები არ დაზიანებულიყო. იმ ბავშვებს ვეხმარებით, რომლებიც სამწუხაროდ, მშობლებთან ერთად ციხეებში სასჯელს იხდიან. ამ მუხლების ამნისტირება არ მოხდა, რადგან საკმაოდ მძიმე დანაშაულზე არიან ეს ქალბატონები გასამართლებული. ამ ბავშვებისთვის ყველანაირი დახმარება შეგვაქვს. აქვე აღვნიშნავ, სასჯელაღსრულების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ მათ უზრუნველი გარემო ჰქონდეთ.

 

 

არანაირ საგრანტო პროგრამაში არ ვართ, არც რაიმე დახმარებას ვიღებთ.  ამიტომაც შევიკრიბეთ, ასე ვთქვათ, ძლიერი ქალბატონები, რომლებსაც სამსახურები გვაქვს, ჩვენი შემოსავლის წყარო, მოვახერხეთ, რომ ჩვენი ხელფასიდან რაღაც ნაწილი გადავდოთ და იმ ადამიანებს დავეხმაროთ, ვისაც ეს ბევრად უფრო სჭირდება. ძალიან კარგად იმუშავა ამ საერთო დახმარების მოდელმა.

 

 

ნებისმიერმა ქალმა, რომელიც ჩვენთან წევრიანდება, იცის, რომ, თუ პრობლემა გაუჩნდა, მის უკან ათასობით ქალთა არმია დგას და არავის დააჩაგვრინებს. გვაქვს უფასო იურიდიული კონსულტაციები.

 

 

- ოჯახური ძალადობის თემებზეც მუშაობთ...

 

 

- საქართველოში გამოვლინდა ერთი ცუდი ტენდენცია - ქალებზე სხვადასხვა ქმედებებით მოძალადენი ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე ქმრები აღმოჩნდნენ. ძალიან ცუდია, მაგრამ სასტიკი რეალობაა - პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც სხვისი უფლებების დაცვა ევალება, ძალადობს მეუღლეზე.

 

 

ახლახან ისრაელში ვიმყოფებოდი აშდოთის ვიცე-მერის მიწვევით. მის მეუღლეს ანალოგიური ორგანიზაცია აქვს, სადაც ისრაელში მცხოვრები ქალების პრობლემებს გავეცანით. იქ აღმოვაჩინე, რომ რადიკალურად სხვადასხვაა ჩვენი პრობლემები. გაცვლითი პროგრამები საინტერესოა, რადგან უნდა ვიცოდეთ, სხვა ქვეყნებში რა სახის პრობლემებია, რათა არ შევშინდეთ, თითქოს ასეთი სენი მხოლოდ ჩვენ შეგვეყარა. ამ მხრივ საჭიროა ნება, სურვილი და ქალთა ერთობა, რათა დავძლიოთ ასეთი სახის პრობლემები.

 

 

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კვოტირება, რომელიც პარლამენტში იქნება... ჩვენი პარლამენტი ირანის პარლამენტს უფრო ჰგავს. დასაქმებული და ლიდერ პოზიციებზე ცოტა ქალია. კავკასიელი ქალი არავისზე ნაკლები არაა, მამაკაცებთან ერთად ღირსეული თანამდებობების დაკავება შეუძლიათ. პირადად ყოველთვის ვიბრძოლებ ამისთვის.

 

 

- ახალგაზრდები რამდენად არიან დაინტერესებულნი ასეთი საკითხებით?

 

 

- საოცარი ჩართულობაა სტუდენტების მხრიდან. არაჩვეულებრივი თაობა მოდის. საოცარი გოგონები გვყავს, რამდენიმე რუსთაველის თეატრში ანგარიშის წარდგენისას სიტყვითაც გამოვიდა. ბევრი ახალგაზრდა მანდილოსანი გვეუბნება, რომ მათი გასავლელი გზა უფრო მარტივია, რადგან ჩვენმა თაობამ ეს გზა უკვე გაუკაფა... კარგია, რომ მათი პრიორიტეტი ადრეულ ასაკში გათხოვება, ოჯახური სიმყუდროვე და ა.შ. არ არის. სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში დაოჯახება ცუდად მთავრდება, პრიორიტეტი ჯერ მყარად ფეხზე დადგომაა. მიხარია, რომ მუდმივი სიახლეების ძიებაში არიან, თუნდაც განათლების მხრივ.

 

 

- რაც შეეხება ტელეეკრანებზე სხვა ამპლუაში თქვენს გამოჩენას, ამაზე გვიამბეთ...

 

 

- ტელევიზია ყოველთვის მიყვარდა, ოცი წელი ეთერში ვიყავი და ეს მონატრება არაფრით იფარება... სადაც არ უნდა მოვხვდე, ყოველთვის ვიტყვი, რომ ჟურნალისტი ვარ, ვამაყობ ამ ყველაფრით.

 

 

მე დისერტაცია დავიცავი თემაზე „მხატვრული ნაწარმოებების აგებულება", ეს შორეულ წარსულში იყო... სამწუხაროდ, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, რა გაგიკეთებია მეცნიერებაში, ლიტერატურაში, უფრო ჭორები, პირადი ცხოვრება აინტერესებთ... მადლობელი ვარ იმ საზოგადოების, რომელმაც ჩემი წიგნები მიიღო, 2009 წლიდან გამოდის და ხუთივე ბესტსელერი გახდა. თუმცა, ეს წიგნები იწერებოდა როგორც ერთგვარი სცენარი, რომელიც პრაქტიკულად გადასაღებადაა მზად. მიხარია, რომ ნელ-ნელა ჩემი წიგნების ეკრანიზაცია მოხდება. ახლა ერთ-ერთ წიგნზე მიდის მუშაობა, ჯერჯერობით არ ვიტყვი, რომელზე... რაც შეეხება ტელეეკრანს - ეს არის ფილმი „დაგუგლე ზაზუ", რომლის ერთ-ერთი სცენარისტი ვარ და ფილმშიც ეს როლი მაქვს მორგებული. ასევე მიმიწვიეს „GDS"-ის საახალწლო პროექტში „მზარეულები", იქ თოქ-შოუს წამყვანს ვანსახიერებ. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ორივეგან ლალი მოროშკინა ვარ.

 

 

- როგორ მოხვდით ფილმში „დაგუგლე ზაზუ", რომლის პრემიერა დღეს შედგება ?

 

 

 

 

- სამწუხაროდ, ფილმის პრემიერაზე დღეს ვერ ვიქნები, რადგან პარალელურად წლის ბიზნესდაჯილდოება იმართება. ვმონაწილეობ როგორც ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი, თან ეს საღამო მიმყავს.

 

 

როდესაც გიორგი მეგრელიშვილმა ამ ფილმზე თანამშრომლობა შემომთავაზა, მის რამდენიმე საეთერო გამოსვლას მოვუსმინე, მისი ნაშრომები მაქვს ნანახი და ვფიქრობ, ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანია. მის თავში იხატება კრეატიულ-ავანტიურული იდეები. საერთოდ, ასეთ ადამიანებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან მეც ამ კასტას წარმოვადგენ. დავინახე, რომ მე და გიორგი კარგად შევძლებდით თანამშრომლობას და რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ, ამაშიც, რა თქმა უნდა, ავანატიურიზმის პროცენტი ურევია.

 

 

ამ ფილმში მთელი ცხოვრებაა, ტყუილი და მართალი, ბოროტი და კეთილი, თეთრი და შავი, კრეატივი... ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებია ერთმანეთში გადახლართული.

 

 

სცენარისტობაში ერთამანეთს ვეცილებოდით. არის რაღაც მომენტები, სადაც მე შევიტანე ჩემი წვლილი, და არის ის იდეა, რომელიც გიორგისაა, მან იმუშავა და გადაიღო. არის ბწკარები, რაც ჩემი გავლენით მოხდა ფილმში...

 

 

- სახელწოდება ერთდროულად შეარჩიეთ?

 

 

- არა, სახელწოდება მისია. ბევრ რამეში არც ვეთანხმები, მაგრამ მის იდეას პატივს ვცემ. დანარჩენი, ერთად რა გავაკეთეთ, ეკრანზე ძალიან კარგად გამოჩნდება. პრემიერის მერე ბევრი კითხვის ნიშანიც იარსებებს, ეს კარგია... 

 

 

- შეიძლება საკუთარი თავი ამოვიცნოთ რომელიმე პერსონაჟშიც?

 

 

- ცხადია, ამ ვნებებში ჩვენ ყველა ვართ, მეც ვარ... ერთადერთი, რაც არ ვიცი და გიორგისთვის არ მიკითხავს, არ მინახავს, ჩემი რომელი ფოტოები აქვს გამოყენებული... მითხრა, შეიძლება თავზე თმა დამაწიწკნოო... აუცილებლად ვიზამ ამას (ეს ხუმრობთ). მოძებნა ყველაფერი, თუკი სადმე რამე არსებობდა, მთელი ჩემი არქივი გადმოქექა, სად რა ჩასვა, არ ვიცი. მაგრამ მე ამის უფლება მივეცი, იმიტომ რომ მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. არც ჩემს წარსულში და არსად არ არის ისეთი მომენტი, რომელიც შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს. ადამიანი ცხოვრების ეტაპებს გადის, რასაც ათი წლის წინ ვაკეთებდი, არ გავაკეთებ ახლა, რასაც ახლა ვაკეთებ, არ გავაკეთებ მომავალში... რაღაც ქიმიური ლაბორატორიის წარმონაქმნი არ ვარ, მე ცოცხალი ადამიანი ვარ, ჩემი განვლილი, საკმაოდ დახუნძლული ცხოვრებით, სადაც თითოეული წამი მიყვარს.

 

 

- მსახიობებთან კონტაქტი თუ გიწევდათ, თუნდაც გადასაღებ მოედანზე?

 

 

- მე არა, ეს მთლიანად გიორგიმ აიღო საკუთარ თავზე. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ იმ მსახიობებს, ვინ იქ იყვნენ, ისე არ გაეკეთებინათ რაღაც, როგორც სცენარი და იდეა მოითხოვს. მიშა მესხიდან დაწყებული, მთელი ცხოვრება გვაქვს ერთად განვლილი...

 

 

ძალიან კარგია, რომ „პალიტრა მედიის სახლმა" ხელი შეგვიწყო მუშაობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს შეიძლება იდეა გაგიჩნდეს, მაგრამ ამ იდეის მეხიდე არავინ იყოს.  

 

 

სხვათაშორის გიორგის ძალიან მოსწონს ჩემი ბოლო ნამუშევარი „გისოსებს მიღმა საქართველოა", რომელიც ორ დროშია დაწერილი. ჩვენ განვიხილავთ იმ მოსაზრებას, რომ შეიძლება, სამომავლოდ ამის ეკრანიზაციაც მოხდეს.

 

 

- კომედიური ელემენტებია ამ ფილმში?

 

 

- ყველა ხუმრობაში რაღაც სიმართლე არისო, აქაც ზუსტად ასეა... ვფიქრობ, ძალიან ბევრი მომენტია გაერთიანებული. მათ შორის სცენარისტის გონებააშლილობაც... რადგან შენ წერ, ე.ი. შენს ტვინში ძალიან ბევრი სათქმელი დაილექა, ჭირ-ვარამით დაწყებული, კარგით და ცუდით, რაც ქვეყანაში ხდება... არის სცენები, სადაც ხან ვტირი, ხან ვიცინი და ა.შ... ეს არის შენი ცხოვრება, თავში იმდენი აზრია და თუ შენ იმ ფურცლამდე მიხვედი, აქ ომი იწყება საკუთარ თავთან... ვფიქრობ, ეს ფილმიც იქნება ომი ჩვენს თავთან.

 

 

- მხოლოდ ქართულ რეალობაზეა ფილმი?

 

 

- ასეთ შეკითხვას მისვამენ ხოლმე ყველა ჩემს წიგნზე, რომ ეს მართლა ქართული რეალობაა? მე ვფიქრობ, დღეს მაინც, ჯერ ჩვენი გვადარდებს და ეს ჩვენია...

 

 

- საახალწლო პროექტზე „GDS"-თან მუშაობთ...

 

 

- სერიალ „მზარეულებს" აქვს ასეთი საახალწლო პროექტი, სადაც გაშარჟებაა, პაროდია რაღაც თოქ-შოუების და ა.შ... ეს არის საახალწლო თოქ-შოუ, სადაც მის წამყვანს ვთამაშობ, „ლალის შოუ" ჰქვია, ყველა იმ დეტალით, რომელიც თოქ-შოუს ახასიათებს. ეს არის ჩვენს ყოფაზეც, შეიძლება, ცოტა ტკივილნარევიც იყოს. ვფიქრობ, სასაცილო იქნება. ამ სერიალს ძალიან ნიჭიერი ადამიანები აკეთებენ,  მოხარული ვარ, რომ მათთან ვმუშაობ. მუშაობის პროცესი საინტერესოა. კოლექტივი ნიჭიერი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. სხვათაშორის, აბსოლუტურად სხვანაირი იყო სცენარი, თუმცა, იმის მერე, რაც მე გამიცნეს, სცენარი შეიცვალა, არის რაღაცები, რაც სცენარში ჩემგან შევიდა.

 

 

 

 

- როგორია თქვენთვის მსახიობის ამპლუის შეთავსება?

 

 

- რამდენიმე ფილმში მიმიღია მონაწილეობა და ვიტყვი ერთ რამეს... რადგან საინფორმაციოს წამყვანი ვიყავი, ჩემთვის მაინც პრიორიტეტული ტელევიზიაში საინფორმაციო ველში მუშაობა იყო. ამიტომ ძალიან ბევრ როლზე უარი მაქვს ნათქვამი. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც როლი შენთან ასოცირდება, როდესაც საინფორმაციო პროგრამის წამყვანი ხარ, მსგავსი შემოთავაზებები დისონანში მოდის. დღესაც, როდესაც პერიოდულად ხან პოლიტიკური პოსტი მიჭირავს, ხან გამოვდივარ, შემდეგ ისევ ვბრუნდები, პოლიტიკურ ველს არ ვცილდები, შესაბამისად, რაღაც კრეატიულ პროექტებზე უარის თქმა მიწევს. მაგალითად, მხატვრულ პროექტებზე, თუნდაც კინოში მონაწილეობაზე. ამ შემთვხვევაში იმიტომ დავთანხმდი, რომ ეს მაინც საახალწლო პროექტია. ალბათ, სხვა შემთხვევაში უარს ვიტყოდი, იმიტომ, რომ თან პოლიტიკური განცხადებები აკეთო და თან ფილმებში მიიღო მონაწილეობა არ გამოდის.

 

 

ფილმში მონაწილეობა კი, როგორც ამას ჩემი წიგნების მეშვეობით ვაკეთებ, ჩემი სულის ამოძახილივით უნდა იყოს, ის, რაც მე ძალიან მტკივა ან ვაპროტესტებ... პრაქტიკულად, ალბათ, არსებობს ერთი ლალი, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია თოქ-შოუებში და ა.შ... არსებობს მეორე ლალი, რომელიც არის მიტინგებზე, მოშიმშილე, გლდანის ციხესთან, სასჯელაღსრულების სისტემაში და  მესამე ლალი, რომელსაც უნდა, აკეთოს ის, რაც უნდა. მე შემიძლია ვიყო მსახიობი, მაგრამ შევასრულო ისეთი როლი, რაც ძალიან მტკივა, მომწონს და ა.შ... თუნდაც ვითამაშო ჩემი წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი. გოგა ხაინდრავასგანაც მივიღე შემოთავაზება ფილმში მონაწილეობაზე, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ჩემი ადგილი ვერ დავინახე იქ. თუ რაიმე როლის შესრულებაზე დავთანხმდები, ეს უნდა იყოს ჩემთვის ძალიან ორგანული.

 

 

- რამდენად რთულია საკუთარი თავის განსახიერება?

 

 

- მარტივია, იმიტომ რომ საკუთარ თავს ანსახიერებ...

 

 

- თუმცა, შეიძლება პირიქით, რთულიც იყოს....

 

 

- კი, მაგრამ ორივე შემთხვევაში დიდი პროცენტით იუმორი ურევია.

 

 

მთელი ცხოვრება საკუთარი თავის პაროდიას ვაკეთებ და მთელი ცხოვრება ჩემს თავს ვაშარჟებ. კარგი სიტყვაა „ღადაობა". ყველაზე მეტად საკუთარ თავზე მე „ვღადაობ". მგონია, რომ ეს თავდაცვის ერთ-ერთი სახეც არის. სხვამ რა უნდა დაგაკლოს, როცა შენ თავად შეგიძლია, საკუთარი თავი გააქილიკო... 


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016