ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ განაცხადა, რომ ახმედ ჩატაევის განცხადება, რომელიც აუდიოჩანაწერით არის წარმოდგენილი, არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „ისლამური სახელმწიფოს" მუქარა. გელა ნიკოლაიშვილი ბორჩაშვილის და მასთან ერთად ბრალდებულების ადვოკატია.
ნიკოლაიშვილი აცხადებს, დადასტურებულად იმის თქმა, რომ აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად დაკავებულები „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში არიან, არ შეიძლება. მისი თქმით, ასადს არაერთი ორგანიზაცია ებრძვის, მათ შორის „სირიის თავისუფალი არმია", რომელსაც მხარს უჭერს დასავლეთი, მათ შორის ამერიკა და საერთაშორისო საზოგადოება მას არ მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად.
„ახმედ ჩატაევი აუდიოჩანაწერში ამბობს, რომ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს საქართველოს წინააღმდეგ არაფერი ჩაუდენიათ და თუ ისინი არ გათავისუფლდებიან, საქართველოს უსაფრთხოება არ იქნება დაცული. ეს ისეთი განცხადებაა, ყველას შეუძლია გააკეთოს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
გელა ნიკოლაიშვილის თქმით, გიორგი ბორჩაშვილმა აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ ჩვენება იმ მოტივით მისცა, რომ მას პასუხისმგებლობა აეცილებინა.
„სწორედ გიორგი ბორჩაშვილმა აუღო ბილეთები მუსლიმ კუშტანაშვილსა და რაზმან ბაღაკაშვილს და ამის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ თურქეთში, საიდანაც აღმოჩნდნენ სირიაში. გიორგი ბორჩაშვილმა პასუხისმგებლობა აიცილა და თქვა, რომ ეს აიუფ ბორჩაშვილმა დაავალა", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 30 დეკემბერს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.