რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მძლავრი სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ჰუმანიტარული ტვირთით სავსე თურქულ კოლონას, რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს სირიის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
ავტომანქანებში ძირითადად კვების პროდუქტები, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების საგნები იყო და ლტოლვილთა ადგილობრივ ბანაკში მიემართებოდა, სადაც რუსეთის დაბომბვას გამოქცეული ადამიანები აფარებდნენ თავს.
გადარჩენილების თქმით კოლონა 20 სატვირთო მანქანისგან შედგებოდა. ლტოლვილთა ბანაკი სირიის ქალაქ აზაზაში მდებარეობდა, თურქეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში. სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 მძღოლი დაიღუპა, 10 სერიოზულად დაშავდა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ავიაციამ ლათაკიის პროვინციაში განლაგებულ აჯანყებულთა პოზიციებზე ინტენსიური იერიში განაახლა. ეს ის ადგილია, სადაც „სუ-24" ჩამოაგდეს და რომელსაც სირიელი თურქმენები აკონტროლებდნენ. რაკეტები ხმელთაშუა ზღვაში მყოფი რუსული ხომალდებიდან გაუშვეს.