რამდენიმე დღის წინათ მთავრობის პირველმა პირებმა განაცხადეს, ბრიუსელში საერთაშორისო პარტნიორებს დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი არწმუნებდნენ, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია არ მიიღოსო. ამ და სხვა თემბეზე ვესაუბრებით ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს:
- ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ასეთ მავნებლობას არ ჩაიდენდნენ?! როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიელ კოლეგებს შეხვდა, რამდენიმე დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბატონი კანდელაკისგან ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ წერილებს. მას მთელი ევროპა თავისი იმეილებით იცნობს. ერთმა, დეპუტატმა ისიც კი იხუმრა, დააკვირდით ჩემს ჭაღარა თმას, სამოცი პროცენტი კანდელაკის იმეილების ბრალიაო. ისე, ყოჩაღ გიორგი კანდელაკს, მშვენივრად მუშაობს მისი სიცრუის მანქანა!
- იმის თქმა გსურთ, რომ ევროპაში კანდელაკისა და ბაქრაძის თვალით აფასებენ მოვლენებს და ფიქრობენ, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება მართლა ილახება?!
- რა თქმა უნდა, სხვა წარმოდგენები აქვთ და ეს არის მთელი უბედურება! როდესაც მთავრობას თავი სილაში ჰქონდა ჩარგული, ნაცები მუშაობდნენ. ახლა უკვე გვიანია ამაზე ლაპარაკი. დღეს მთავრობას ძალიან გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ „რუსთავი-2"-ის ირგვლივ ატეხილი სკანდალი ორ კერძო პირს შორის არსებული დავა იყო და რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება. არადა, დღესავით ნათელია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში არცერთი ტელევიზია და გაზეთი არ კონტროლდება. ერთ კონკრეტულ ფაქტსაც ვერავინ დაასახელებს, რომ „რუსთავი-2"-ის რომელიმე ჟურნალისტს უფლება შეეზღუდა.
ამდენად, მთავრობას პირდაპირ ვადანაშაულებ უმოქმედობაში! როდესაც ნაციონალური მოძრაობა შეეცადა „რუსთავი-2"-თან დაკავშირებული დავის საერთაშორისო სიბრტყეში გადატანას, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს, სათანადო პასუხი რომ არ გასცეს. მთავრობის მეთაური რომ ვიყო, დღესვე გავყრიდი ყველას, ვინც პასუხისმგებელია საგარეო პიარსა და ლობიზმზე.
ხელისუფლებას, მოსვლის დღიდანვე, მათ შორის „ასავალ-დასავალიდანაც" პერმანენტულად მივმართავდი, ვთხოვდი, ვაფრთხილებდი - მიხედეთ პიარს, მიდის ევროპელების დეზინფორმაცია და თქვენი უმოქმედობით ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამთ წყალს-მეთქი, მაგრამ ყურად არ იღეს. აი, ბატონო, შედეგიც! დღეს ხელისუფლებას იმაზე უწევს თავის მართლება, რაც სინამდვილეში არ გაუკეთებია. თავის დროზე ეს პარტია და მათი დამნაშავე ლიდერები რომ დასჯილიყვნენ, დღეს სულ სხვა სურათი გვექნეოდა.
უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც კრიზისული სიტუაცია იყო და ერვოპარლამენტარები „რუსთავი-"-თან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდნენ, მთავრობის ლობისტები კაფეში ისხდნენ და ხითხითებდნენ. ლამის გავგიჟდი - ნორმალურები თუ არიან-მეთქი?!
- საქართველოში განვითარებულ მოვლენებს პირადად აკვირდებოდა ამერიკის ელჩი, რომელმაც ასევე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე გააკეთა აქცენტი...
- ამერიკის ელჩი არავინ არის! წარმოგიდგენიათ, მსგავსი ტიპის განცხადებები ბელგიაში ამერიკის ელჩს რომ გაეკეთებინა, რა მოხდებოდა? ზუსტად ათ წუთში პრემიერ-მინისტრი სატელევიზიო განცხადებას გააკეთებდა და მოუწოდებდა საგარეო საქმეთა მინისტრს, ელჩისთვის პასუხი მოეთხოვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო! საუკეთესო შემთხვევაში, ნოტას გადასცემდნენ ან პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდნენ და ქვეყნიდან გააბრძანებდნენ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი უფლებები და ქვეყნის ღირსება!
„პატრიოტთა ალიანსის" საკითხი ევროპარლამენტშიც განიხილება. ამის თაობაზე მეც, არა როგორც ირმა ინაშვილის საუკეთესო მეგობარს, არამედ როგორც ქართველ ჟურნალისტს, რამდენიმე შეკითხვა დამისვეს. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ირმას ევროპალრამენტში მიიწვევენ ან ევროპარლამენტარები თვითონ ჩამოვლენ საქართველოში და შეხვდებიან მას. ამ შემთხვევაშიც მაკვირვებს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლების პოზიცია, თითქოს არაფერი ხდება... სწორედ სირაქლემას პოზაში ყოფნა დაღუპავს ხელისუფლებას. მივიდნენ ირმა ინაშვილთან და დაელაპარაკონ. რა, არასწორს ითხოვს რამეს?! არ არის საარჩევნო სისტემა შესაცვლელი?! თუ პირადად ღარიბაშვილი ვერ შეძლებს, მთავრობის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მათი მოთხოვნებით, ან რატომაც არ უნდა მივიდეს თვითონ ღარიბაშვილი, როდესაც ირმა და ირაკლი საუკეთესო მეგობრები იყვნენ?! მეგობრულადაც რომ მოიკითხოს, ეს ირაკლი ღარიაშვილის იმიჯს არ ავნებს, პირიქით, წაადგება. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და მოსმენაც ისწავლოს, პირველ რიგში, ეს მათთვის იქნება უკეთესი!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"