ნარკოდანაშუალში ბრალდებულ ირაკლი რამიშვილის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა ადვოკატი ირმა ჭკადუა, ხოლო მწერალი დათო ტურაშვილი 200 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა. დათო ტურაშვილი ბრალდებულს თავდებში უდგება, ის სასამართლო პროცესს საგულშემატკივროდ ესწრებოდა.
ტურაშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მოუმზადებელი წარსდგა სასამართლოს წინაშე და მათ განათლებისკენ მოუწოდა, სწორედ ამან გამოიწვია მოსამართლის მხრიდან გაძევება და დაჯარიმება.
ტურაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ურჩევნია, დააპატიმრონ, რადგან ფინანსური პრობლემები აქვს და დაკისრებულ ჯარიმას ვერ გადაიხდის.
დარბაზიდან გამოძევების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამაც გააკეთა კომენტარი. მისი ინფორმაციით, მოსამართლე ყვირილით მიმართავდა დაცვის მხარეს და ამან გამოიწვია მისი საპასუხო რეაქცია. ჭკადუამ განმარტა, რომ მან მოსამართლეს მოუწოდა, ნერვებზე ემკურნალა და ამის შემდეგ მოხდა მისი დარბაზიდან გამოძევება.
„ირაკლი რამიშვილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერებაზე გამომძიებლები, რომლებიც დაიკითხნენ, ამბობდნენ, რომ ეს იყო მოთეთრო ფერის გრანულებიანი ნივთიერება. ექსპერტებმა აღნიშნული ნივთიერება წარმოადგინეს როგორც მცენარეული, მოყავისფრო ფერის ნივთიერება. მოსამართლემ კი თქვა, რომ ეს ერთი და იგივეა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ჩაითვალოს ის მიუკერძოებელ და ობიექტურ მოსამართლედ?" - განაცხადა ირმა ჭკადუამ.