თურქეთის მიერ, რუსული სამხედრო თვითმფრინავის, „სუ-24"-ის ჩამოგდების შემდეგ რუსეთსა და თურქეთს შორის ვიათარება საგრძნობლად დაიძაბა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოფიციალური ანკარისგან ბოდიშის მოხდასაც ელის.
რუს კოლეგას უკვე უპასუხა თურქეთის პირველმა პირმა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ბოდიში მას აქვს მოსახდელი, ვინც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
„ჩვენ დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ ჩვენი საზღვრების დარღვევის ფაქტზე. დაეშის უდიდესი მხარდამჭერი ასადის რეჟიმია. ამბობენ, რომ თურქეთი დაეშისგან ყიდულობს ნავთობს. ასეთი ბრალდება კომპეტენტური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წაგვიყენეს. გრცხვენოდეთ, დაეშის დაფინანსებისა და შეიარაღების წყარო ნათელია, მაგრამ თუ მაინც ეძებთ ასეთებს, პირველი ეჭვმიტანილი ასადის რეჟიმი და მისი მხარდამჭერი ქვეყნები უნდა იყვნენ," - აცხადებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.
თურქეთის მოიერიშეების მიერ სუ 24-ის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვი სირიაში დამატებით 12 სამხედრო თვითმფრინავს აგზავნის. მათი მთავარი ამოცანა ავიაიერიშების დროს, რუსული ბომბდამშენების დაცვის უზრუნველყოფა იქნება.
რუსეთი თურქეთთან თანამშრომლობას ტურიზმის სფეროშიც წყვეტს.