reportiori.ge - ვაჟა ლორთქიფანიძე: სააკაშვილი და მისი მეგობრები დღესაც რუსულ ფულს იდებენ ჯიბეში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:40
პრეს-დაიჯესტი
ვაჟა ლორთქიფანიძე: სააკაშვილი და მისი მეგობრები დღესაც რუსულ ფულს იდებენ ჯიბეში!
ავტორი:
27 ნოემბერი, 2015. 13:34


 

„სწორედ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში რუსეთის პოზიციები გაეძლიერებინათ!"


გასულ კვირას გამართულ მთავარობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში აქტიურად ითხოვენ, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ევროპასთან უვიზო მიმოსვლაზე უარი ეთქვას. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნაციონალების ეს ქმედება შეაფასა,როგორც ძირგამომთხრელი საქმიანობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან, საქართველოს ყოფილ ელჩთან რუსეთის ფედერაციაში, პროფესორ ვაჟა ლორთქიფანიძესთან.


- როგორ ფიქრობთ, ნაციონალები მიაღწევენ იმას, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე უარი უთხრას?


- ნაციონალების პრუტუნი ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ხელი შეუშალონ!


ბუნებრივია, ნაციონალების ასეთი ქმედება ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს განვითარების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი!


- ნაციონალები იმასაც გაიძახიან, „რუსთავი-2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს არც ვიზალიბერალიზაციას მისცემენ და არც ევროკავშირსა და ნატო-ში მიიღებენო. რას იტყვით, საქართველოს მომავალი მართლა, „რუსთავი-2"-ის მომავალზეა დამოკიდებული?

 

- რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ნაციონალები, როგორც უნდა ეცადონ, ქართველ საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ!


საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ „რუსთავი-2" არავითარი დამოუკიდებელი ტელევიზია არ არის და არც ძმები ყარამანიშვილების საკუთრებაა, არამედ ეს არის მიშიკოს პირადი კუთვნილება!


სხვათაშორის, ეს უცხოეთშიც კარგად იციან, მაგრამ სიმართლის საჯაროდ აღიარება რა უნდათ!


- მერედა, რატომ არ უნდათ?

 

- ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მილიარდობით შავი ფულის პატრონია, საზღვარგარეთ ლობისტური კომპანიების დაქირავებაში დღემდე უზარმაზარ თანხებს ხარჯავს, ეს კი საერთაშორისო ასპარეზზე ნაციონალებისათვის სასარგებლო აზრის ჩამოყალიბებაში სერიოზულ როლს თამაშობს.


- ხელისუფლებას რა უშლის ხელს, რომ ლობისტური ჯგუფები თვითონაც დაიქირავოს და დასავლეთში ნაციონალურ მოძრაობას საინფორმაციო ომი მოუგოს?

 

- გულდაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან წამგებიანი საინფორმაციო პოლიტიკა აქვს და ის კარგი საქმეებიც კი, რომლებიც ქვეყანაში რეალურად კეთდება, არათუ საერთაშორისო საზოგადოებამდე, საქართველოს მოსახლეობამდეც ვერ მიაქვს ისე, როგორც საჭიროა.


დღეს ქვეყანაში საინფორმაციო პოლიტიკა არა ხელისუფლებას, არამედ  ნაციონალურ მოძრაობას მიჰყავს! ე. წ. ნიუსებს ნაციონალები ქმნიან და ახერხებენ, რომ „ქართული ოცნება" მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ!


- როგორ ფიქრობთ, აშშ-ს, დასავლეთს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს რამდენად ობიექტური და სამართლიანი რეაქცია ჰქონდათ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, სადაც მკაფიოდ ისმის, რომ სააკაშვილი თავის დამქაშებს საქართველოში არეულობისა და სისხლისღვრის პროვოცირებისკენ მოუწოდებს?

 

- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დასავლეთის წარმომადგენლებს, საქართველოში მყოფ დიპლომატებს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე ადეკვატური და ობიექტური რეაქცია ჰქონდათ!


პირიქით, ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი სააკაშვილისა და ნაციონალების სასარგებლოდ აშკარად მიკერძოებულია!


- გულისხმობთ თუ არა ამ შემთხვევაში აშშ-ის ელჩს იან კელის?

 

- თქვენი ნებართვით, დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ!


- კი ბატონო!

 

- დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განცხადებებს ვისმენთ, რომ საქართველოში პროდასავლური განწყობა შესუსტებულია, არადა, ეს, უპირველესად, იმის ბრალია, რომ დასავლეთის არაერთი წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არაობიექტურ და არაადეკვატურ განცხადეებს აკეთებს!


საქართველოს პროდასავლური კურსი სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მიმართ დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლის სიმპათიებს არ უნდა შეეწიროს!


ჩვენი უცხოელი მეგობრები ამას რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესი!


- როგორ ფიქრობთ, ის სისხლიანი გეგმა, რაზეც სააკაშვილი გვარამიას, ბოკერიასა და სხვებს ოდესიდან ტელეფონით ესაუბრებოდა, კვლავ ძალაშია, თუ ნაციონალებმა მის განხორციელებაზე ხელი აიღეს?

 

- სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებამ სააკაშვილისა და ნაციონალების სისხლიანი გეგმები ამ ეტაპზე ჩაშალა, თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ისინი გაჩერდებიან და ქვეყნის არევაზე აღარ იფიქრებენ!


- თქვენი აზრით, რამე გამოუვათ?

 

- სააკაშვილმა ყველა ვაზნა დაცალა! იგი არათუ გუშინდელი, უკვე გუშინწინდელი დღეა! იმავე მდგომარეობაშია ნაციონალური მოძრაობაც, რომლის ტყუილების უკვე აღარავის სჯერა!


დღევანდელი გადასახედიდან მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, თუმცა, აშკარად ეტყობათ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, იმაზე ათჯერ და ასჯერ უფრო მეტ უბედურებას დაატრიალებენ, ვიდრე მანამდე ჩაიდინეს!


- ამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა გუშინწინდელი დღეა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების ხვალინდელი დღე როგორ გესახებათ?

 

- აუცილებელია, რომ პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, ახალი ძალები, რომლებიც საზოგადოებას ახალ მოქმედებებს, დროის მოთხოვნების შესაბამის  ნაბიჯებს შესთავაზებენ! ეს ადამიანები საქართველოში არიან და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოვლენ ასპარეზზე!


თუ დღევანდელი ხელისუფლება შეძლებს ამ ახალი ჯანსაღი ძალების შემოკრებას ან მათთან გაერთიანების, ძალიან კარგი იქნება ხელისუფლებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც!


- ახალ ძალაში პაატა ბურჭულაძეს ხომ არ გულისხმობთ, რომელიც პოლიტიკაში მოსასვლელად უკვე აშკარა და მკაფიო ნაბიჯებს დგამს?

 

- პაატა ბურჭულაძე ადრეული ახალგაზრდობიდანვე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, რომელსაც, როგორც პიროვნებას და როგორ მოღვაწეს, დიდ პატივს ვცემ.


თუმცა, მიუხედავად ამისა, პირდაპირ ვაცხადებ - თუ პაატა ბურჭულაძე ისევ ძველ ძალებს შეეწყობა და დასაყრდენის ძიებას ნაციონალურ მოძრაობაში ან ამ პარტიასთან დაახლოებულ წრეებში დაიწყებს, მაშინ ვერაფერს მიიღებს და ვერაფერს მიაღწევს!


- ფაქტია, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში შემოსვლას ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ძმასთან - ვანო მაჭავარიანთან პარტნიორობით იწყებს!

 

- მე, ამ შემთხვევაში, გვარებს არ ვასახელებ!


- მე ვასახელებ!

 

- თუ პაატა ბურჭულაძეს ფართო პოლიტიკური მოქმედებების პრეტენზია აქვს, მაშინ პარტნიორებიც სწორად უნდა შეარჩიოს! სხვას ვერაფერს ვიტყვი!


- გასაგებია...

 

- მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება" ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოდან უნდა გამოვიდეს და თავის გარშემო სპექტრი გააფართოვოს! საქართველოში უამრავი ღირსეული ადამიანი, უამრავი პროფესიონალია, რომელთა პოტენციალსაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, არ იყენებს!


მე თუ მკითხავთ, სამართლიანობის აღდგენა, პირველ რიგში, საკადრო პოლიტიკის კუთხით უნდა მოხდეს, რადგან ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ წინა ხელისუფლების დროს დაჩაგრული ადამიანი ამ ხელისუფლების დროსაც დაჩაგრულად დარჩა!


აი, მაგალითად, ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო უმუშევარი და გარიყული, დღესაც ასევე უმუშევარი და გარიყულია! როცა ერთ-ერთმა ადამიანმა იკითხა, ჯემალ სეფიაშვილს ყურადღებას რატომ არ აქცევთო, ამ ხელისუფლების ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა უპასუხა - სეფიაშვილი წინა ხელისუფლების მიმართ ძალზე რადიკალური იყო და ამიტომ ვერ გავიკარებთო.


სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ საკადრო პოლიტიკის კუთხით სამართლიანობა აღდგენილი არ არის! სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს განათლების სფეროშიც!


- განათლების სფეროში სამართლიანობა რა კუთხით უნდა აღგეს?

 

- უამრავი ადამიანი, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა უმაღლესი სასწავლებლებიდან განდევნა, დღემდე რეაბილიტირებული არ არის! მათთვის ბოდიშიც კი არავის მოუხდია! არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, წინა რეჟიმისაგან დევნილი პროფესორ-მასწავლებლები თავიანთ უნივერსიტეტებში დაბრუნებულიყვნენ!


სხვა თუ არაფერი, ახალ ხელისუფლებას ის მაინც შეეძლო, პოლიტიკური შეფასება მიეცა იმისათვის, რაც წინა რეჟიმმა ამ ადამიანებს გაუკეთა და მათთვის ბოდიში მოეხადა!


- ბატონო ვაჟა, აუცილებლად უნდა შევეხოთ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის საკითხს...

 

- პირადად მე, თითქმის 20 წლის განმავლობაში, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის,საფრანგეთისა თუ გერმანიის ლიდერებთან უმაღლესი დონის ურთიერთობა მქონდა და ისინი მუდმივად ერთ რამეს გვეუბნებოდნენ - „დაალაგეთ ურთიერთობა რუსეთთან!"


ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მოვექცეთ და მას დავემონოთ! პირიქით, სწორედ ახლა არის ხელსაყრელი დრო იმისათვის, რომ რუსეთს დავანახოთ - ჩვენი მისი თანასწორუფლებიანი პარტნიორი ქვეყანა ვართ!


აბაშიძე-კარასინის ფორმატი,რომელიც ახლა მოქმედებს, აბსოლუტურად არასაკმარისია! რუსეთთან ურთიერთობა გაცილებით უფრო მრავალმხრივი უნდა იყოს!


დიახ, ჩვენ სწორედ რუსეთში უნდა ვაწარმოოთ პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლა იმისათვის, რომ იქაური საზოგადოებრივი აზრი ჩვენს სასარგებლოდ მოვატრიალოთ და მერე ამას პუტინისნაირი ადამიანიც კი ანგარიშს გაუწევს!


პირდაპირ ვამბობ - დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან მრავალმხრივი ურთიერთობის აწყობისა და ფართომასშტაბიანი დიალოგის დაწყების არ უნდა შეეშინდეს! ანგარიში არ უნდა გაუწიოს იმას, რას იტყვიან და რა იარლიყს მიაწებებენ სააკაშვილი და ნაციონალები!


სხვათაშორის, სწორედ სააკავშილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში რუსეთის პოზიციები გაეძლირებინათ!


მეტსაც გეტყვით, სააკაშვილი და მისი გარემოცვის წევრები რუსული სტრუქტურების ბიზნესპარტნიორები არიან!


- თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ!

 

- როგორ გგონიათ, ისეთი დიდი ბიზნესსტრუქტურები, როგორიც არის საქართველოს ენერგეტიკა, ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების საბადოები, ფეროშენადნობთა ქარხანა, წყალი და ა.შ. სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსებს ისე მიჰყიდა, რომ თვითონ წილში არ ჩაუჯდა? არავითარ შემთხვევაში! სააკაშვილი და მისი მეგობრები დღესაც რუსულ ფულს იდებენ ჯიბეში და ნაციონალური მოძრაობა რუსული წარმომავლობის ფულით მოქმედებს!


ამდენად, დიდი პარადოქსი და თავხედობაა, როცა სააკაშვილი და ნაციონალები ხელისუფლებას ეუბნებიან, რუსეთს არ დაელაპარაკოო, ხოლო თუ ვინმე რუსეთთან დიალოგის წინადადებით გამოვა, ყველას რუსეთუმესა და კრემლის აგენტს ეძახიან!


დროა, ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ სრული იგნორირება გაუკეთოს სააკაშვილისა და ნაციონალების განცხადებებს და საქმე მიხედოს!


უნდა ვიმოქმედოთ არა იმის მიხედვით, რა მოეწონებათ ნაციონალებს, არამედ იმის მიხედვით, თუ რა წაადგება ჩვენს ქვეყანას!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016