რა ფორმატში განვითარდება მოვლენები რუსეთსა და თურქეთს შორის - ამ საკითხზე პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ალიას" ესაუბრა.
„საომარი ვითარება მომწიფებული არ არის და ყველა იქნება ფრთხილად. ნელ-ნელა ყველა წავიდა იმ მოსაზრებისკენ, რომ ასადის პრობლემა გახდა მნიშვნელოვანი. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-თურქეთის ეს ინციდენტი გახლდათ გამოხატულება იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რაც ირან-თურქეთს, ბაშარ ალ ასადსა და „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციას შორის ხდება. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან რაც ხდება, ეს მიანიშნებს, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს" განადგურებაზე, არამედ იმის შემდგომ პერიოდზე, თუ რა იქნება მერე", - განაცხადა ძაბირაძემ.
რაც შეეხება საქართველოს, პოლიტოლოგის თქმით, თუ ვითარება გამწვავდა, არაა გამორიცხული, ურთიერთობა დაიძაბოს თურქეთ-საქართველოს შორის.
„მოგეხსენებათ, რომ რუსეთ-სომხეთის სამხედრო კავშირი მოითხოვს საქართველოს გზას, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გავატაროთ სომხეთის მიმართულებით რუსეთის შეიარაღება, რაც ასევე გამოიწვევს დაპირისპირებას თურქეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ამიტომ მე ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი განცხადებების მოტივს. თუ საქართველოს ხელისუფლება აპირებს რაიმე განცხადების გაკეთებას, სასურველია, გააკეთოს არა კრიტიკული და რადიკალური", - განაცხადა პოლიტოლოგმა. მისივე თქმით, აუცილებელია, ინტენსიურად იმუშაოს დიპლომატიამ.
„წინასწარ უნდა იყოს გათვლილი ყველაზე ცუდი ვარიანტები, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები", - განაცხადა ძაბირაძემ.
წყარო: გაზეთი „ალია"