შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული დენის პ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს თბილისში, N213 ბაგა-ბაღში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დენის პ. თავისი შვილის ერთ-ერთ ჯგუფელს იარაღის გამოყენებით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღნიშნულ საქმეზე შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 151-ე და 236-ე 1-ლი ნაწილით).